Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოქრუაშვილი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს პატიმრობიდან


ირაკლი ოქრუაშვილი
ირაკლი ოქრუაშვილი
ირაკლი ოქრუაშვილი თავისუფალია. ეს გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ზვიად ესებუამ, 11 იანვარს მიიღო. სასამართლოს განჩინებით დაკმაყოფილდა პროკურატურის შუამდგომლობა და სამსახურებრივი გულგრილობის საქმეზე ყოფილი თავდაცვის მინისტრს აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა - 15 ათასლარიანი გირაოთი შეეცვალა.

მოსამართლემ მიიჩნია, რომ ირაკლი ოქრუაშვილი, რაკი ის საქართველოში თავისი ნებით დაბრუნდა, მართლმსაჯულებას აღარ დაემალება. ირაკლი ოქრუაშვილს ბრალი მოეხსნა შეიარაღებული ფორმირების შექმნისა და მეთაურობის საქმეზე. პროცესის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებმა მისი ადვოკატების კომენტარები ჩაიწერეს. ზვიად კორძაძემ მედიას განუცხადა, რომ ორსაათნახევრიანი თათბირის შემდეგ მოსამართლემ შუამდგომლობა დააკმაყოფილა:
ან ბრალდება ისე უნდა მოიქცეს, როგორც ეს გააკეთა თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ბრალზე უარი თქვას, ან სასამართლომ უნდა გამოიტანოს გამამართლებელი განაჩენი ...
მამუკა ჭაბაშვილი

”მოსამართლე ორსაათ-ნახევრის განმავლობაში თათბირობდა და განიხილავდა შუამდგომლობას და, საბოლოოდ, დააკმაყოფილა. ოქრუაშვილს პატიმრობა გირაოთი შეეცვალა, რის შედეგადაც ის დარბაზიდან გათავისუფლდა. ორ ბრალდებასთან დაკავშირებით სხდომები კვლავაც გაგრძელდება და ვაპირებთ, რომ ბოლომდე მივიყვანოთ ეს საქმე, გამამართლებელ განაჩენამდე. იმ კვირაში, 14-15-ში, გაგრძელდება სასამართლო სხდომები და ჩვენ შევეცდებით მისი უდანაშაულობის დამტკიცებას”.

შედეგით კმაყოფილია ოქრუაშვილის კიდევ ერთი ადვოკატი, მამუკა ჭაბაშვილიც:

”ფაქტობრივად, დარჩენილი ორივე საქმე ბოლომდეა მიყვანილი, ორიოდე მოწმეღაა დასაკითხი. მტკიცებულებების გამოკვლევისა და განხილვის შედეგად კი, მხოლოდ ერთი დასკვნის გაკეთების საშუალება შეიძლება: ან ბრალდება ისე უნდა მოიქცეს, როგორც ეს გააკეთა თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ბრალზე უარი თქვას, ან სასამართლომ უნდა გამოიტანოს გამამართლებელი განაჩენი, თუკი პროკურატურამ მაინც მოითხოვა რაიმე ნაწილში ვინმეს მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის დაყენება”.

შეგახსენებთ: ოქრუაშვილის გათავისუფლების საფუძველი შექმნა ასევე საქალაქო სასამართლოს მიერ 10 იანვარს მიღებულმა გადაწყვეტილებამ, რომლის თანახმად, კიდევ ერთ - უკანონო შეიარაღებული ფორმირების შექმნის და ხელმძღვანელობის - საქმეზე ყოფილ მინისტრს 10 ათასი ლარის გირაო შეეფარდა აღკვეთის ზომად. მანამდე პროკურატურამ არასაკმარისი მტკიცებულებების გამო ირაკლი ოქრუაშვილს მოუხსნა ფულის გათეთრების ბრალდება და კომპანია”ჯეოსელის” აქციების უკანონოდ დაუფლების ბრალდება, რომლის გამოც 2008 წელს 11 წლიანი პატიმრობა მიესაჯა.
  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG