Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დეკლარაცია, რომელიც შეთანხმების საგნად ჯერ ვერ იქცა


“ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” პარტიათა ქცევის წესების შესახებ ინიცირებულ ოთხპუნქტიან დეკლარაციას კამპანია ”ეს შენ გეხებას” ფარგლებში მომზადებული შეთავაზებები მეხუთე პუნქტად დაამატა. ამით მმართველი პარტია და სამოქალაქო სპექტრი პრაქტიკულად ერთსულოვანნი აღმოჩნდნენ იმ საკითხში, რომ სამართლიანი საარჩევნო გარემოს უზრუნველსაყოფად, კანონთან ერთად, ნების დემონსტრირებაც მნიშვნელოვანია. შეიტანა თუ არა რაიმე კორექტივები დეკლარაციის 17 პუნქტით გამრავალფეროვნებამ ”ქართული ოცნების” სკეპტიკურ დამოკიდებულებაში დოკუმენტის მიმართ და რჩება თუ არა არჩევნების შედეგების აღიარების პუნქტი წინააღმდეგობის მთავარ მიზეზად?

სწორედ 17 დებულებისგან შედგება არასამთავრობო სექტორის მიერ მომზადებული თეზისები, რომლებიც პარტიათა ქცევის დეკლარაციას კრებითად მეხუთე პუნქტად დაემატა. შესაბამისად, დოკუმენტი, რომელზე ხელმოწერისკენაც 19 ივლისს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ არჩევნებში მონაწილეობის მსურველ პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდა, სულ 21 საკითხს მოიცავს და, მთლიანობაში, შეეხება იმ კანონიერ და მორალურ მოთხოვნებს, რომლებმაც 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების სამართლიან, კონკურენტულ გარემოში გამართვა უნდა უზრუნველყონ.

” ჩვენ გამოვდივართ ინიციატივით და მივმართავთ ყველა პოლიტიკურ პარტიას, დამატებით იმისა, რაც იყო შემოთავაზებული წინა კვირაში, დავთანხმდეთ და მივიღოთ ყველა ის პრინციპი, რომელიც შემუშავებული იქნა არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან. ვფიქრობ, მათ მიერ შემუშავებულ დოკუმენტს ნამდვილად გააჩნია ღირებულება. ის პრინციპები, რომლებიც შემოგვთავაზეს არასამთავრობო ორგანიზაციებმა, ნამდვილად მნიშვნელოვანია და მათი ცხოვრებაში გატარება ნამდვილად დაგვეხმარება იმაში, რომ საარჩევნო გარემო იყოს უფრო დაცული და უფრო თავისუფალი.”

არჩევნების აღიარებაზე ჩვენ გვაქვს ჩამოყალიბებული პოზიცია, რომ ჩვენ უპირობოდ არჩევნების შედეგებს არ ვაღიარებთ ...
ზაქარია ქუცნაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებაზე გამოხმაურებით თუ ვიმსჯელებთ, დეკლარაციაზე მიერთების მსურველ პოლიტიკურ პარტიათა რიცხვი არ შეცვლილა. პარტიათა ქცევის წესებს წარმოდგენილი სახით ჯერჯერობით მყარად უჭერენ მხარს ქრისტიან-დემოკრატები, ეროვნულ-დემოკრატები, ევროპელი დემოკრატები და ახალი მემარჯვენეები. რაც შეეხება ”ქართულ ოცნებას”, ის კვლავაც დეკლარაციის მეოთხე პუნქტზე აკეთებს აქცენტს და ამბობს, რომ არჩევნების შედეგების აღიარების საკითხს ხელს არ მოაწერს. კოალიციის ერთ-ერთი ლიდერი, ზაქარია ქუცნაშვილი, ამბობს:

”არჩევნების აღიარებაზე ჩვენ გვაქვს ჩამოყალიბებული პოზიცია, რომ ჩვენ უპირობოდ არჩევნების შედეგებს არ ვაღიარებთ. რაც შეეხება პირობებს, რა პირობები უნდა იყოს, ეს პირობები არის ძალიან მარტივი და ნათელი. სამართლიანობა, თავისუფლება და მშვიდობიანობა. ეს არის არჩევნების პირობები. თავისუფალი, სამართლიანი და მშვიდობიანი არჩევნები უნდა ჩატარდეს. ამიტომ, თუ არ იქნება თავისუფალი, სამართლიანი და მშვიდობიანი არჩევნები, როგორ ვაღიარებთ ჩვენ მის შედეგებს?!”

პარტიათა ქცევის წესების დეკლარაციის მეოთხე მუხლის თანახმად, პარტიები იღებენ ვალდებულებას, რომ აღიარონ ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ შეჯამებული და სანდო რეპუტაციის მქონე სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიერ ლიეგიტიმურად მიჩნეული არჩევნების შედეგები. ამ ჩანაწერის დეკლარაციაში მოხვედრა სრულიად გასაგებია პოლიტიკური ექსპერტის, გიგი თევზაძისთვის. იგი ფიქრობს, რომ ეს „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან არჩევნების შემდეგ მოსალოდნელი დესტაბილიზაციის თავიდან ასაცილებლად გადადგმული პრევენციული ნაბიჯია:

” ლაპარაკია იმაზე, თუკი არ იქნება დაფიქსირებული დარღვევები საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ, - ამაზეა ხომ ლაპარაკი და არა იმაზე, რომ მე არჩევნებს ჩავატარებ და შენ ყველა ვარიანტში მიღიარე. ასე ხომ არ არის. თუ არ მოხდა ცხადი დარღვევები და თუ საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ არ იქნა დაფიქსირებული ცხადი დარღვევები, ნებისმიერი დეკლარაცია, უსაფუძვლო დეკლარაცია არჩევნების ლეგიტიმურობის შესახებ გამოიწვევს, შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული დესტაბილიზაცია ქვეყანაში.”

”ქართული ოცნების” მიერ არჩევნების მეორე დღისთვის, ანუ არეულობისა და დესტაბილიზაციისთვის შეგნებული მზადების შესახებ, თავის მხრივ, ”ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა აკაკი მინაშვილმა ჩვენთან საუბარში განაცხადა:

ძალიან ძველი ტრადიცია აქვს ამ ნეგატივს საქართველოში. „ქართული ოცნების“ დაწყებული რომ იყოს ეს, კიდევ არა უშავს ...
გიორგი მარგველაშვილი

”კითხვის ნიშნები, რაც გააჩნია ”ქართულ ოცნებას” მეოთხე პუნქტთან მიმართებაში, თავისთავად ძალიან საეჭვოა. რატომ, რატომ სვამენ ამ საკითხთან მიმართებაში კითხვის ნიშანს და ხომ არ ემზადებიან სხვა რამისთვის და არა კონკრეტულად არჩევნებისთვის?”

ამ განცხადების კომენტირებისას, ექსპერტმა პოლიტიკურ საკითხებში გიორგი მარგველაშვილმა შენიშნა, რომ ეს არის სერიოზული ბრალდება, რომელსაც მეტი გამყარება სჭირდება. „ნაციონალურ მოძრაობას“ ექსპერტი ურჩევს, პოლიტიკური დიალოგის წარმოება თუ სურს, მოლაპარაკებები კონსტრუქციულად დაიწყოს. ზოგადად კი, საქართველოში უკანასკნელი ოცწლიანი პრაქტიკის გათვალისწინებით, გიორგი მარგველაშვილი არჩევნების აღიარების დებულების ჩამოყალიბებას და მასზე მსჯელობის დაწყებას დროულ და აქტუალურ საკითხად მიიჩნევს. იგი ფიქრობს, რომ განვლილი პერიოდი ხასიათდებოდა როგორც ცენტრალური საარჩევნო კომისიის, ასევე სადამკვირვებლო ორგანიზაციების დასკვნებისადმი უნდობლობით:

” ეს არის შეიძლება ამ ეტაპზე გახმოვანებული ”ქართული ოცნების” მიერ, მაგრამ უკვე, სამწუხაროდ, ძალიან ძველი ტრადიცია აქვს ამ ნეგატივს საქართველოში. „ქართული ოცნების“ დაწყებული რომ იყოს ეს, კიდევ არა უშავს. ძალიან დიდი ხანია უკვე ნათლად ჩანს, რომ ვერც ერთი ორგანიზაცია - ცესკოდან დაწყებული, სადამკვირვებლო ორგანიზაციებით დამთავრებული - ასე თამამად ვერ განაცხადებს, რომ ის არის მიუკერძოებელი არბიტრი ქართულ პოლიტიკურ სივრცეში.”

გიორგი მარგველაშვილი მრავალწლიანი პოლიტიკური დილემის გადაჭრის საშუალებას პარტიათშორისი დიალოგის გაგრძელებასა და დეკლარაციის მეოთხე პუნქტის მარტივი ფორმულირების სიღრმისეული პროცედურული ჩანაწერებით შეცვლაში ხედავს.
XS
SM
MD
LG