Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რატომ გაძლიერდა წინასაარჩევნოდ ზეწოლა რეგიონალურ მედიაზე


რეგიონალური მედიის ასოციაციის თავმჯდომარე ია მამალაძე შიშობს, რომ ზეწოლა რეგიონალური მედიის ჟურნალისტებსა და, ზოგადად, მედიაზე არჩევნების მოახლოებასთან ერთად მოიმატებს - სწორედ ამ საფრთხის პრევენციის მიზნით გაიმართა 11 მაისს შეხვედრა ”თბილისი მარიოტში”, სადაც რეგიონალური მედიის ჟურნალისტებმა ხელისუფლების მხრიდან მათზე ზეწოლის კონკრეტული ფაქტები კიდევ ერთხელ საჯაროდ გაიხსენეს და მათზე რეაგირება მოითხოვეს.

შეხლა-შემოხლა პრეზიდენტის თუ შს მინისტრის დაცვის წევრებსა და ჟურნალისტებს, ასევე ადგილობრივი ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებსა და ჟურნალისტებს შორის რეგიონალური მედიის ჟურნალისტებს აღარ უკვირთ. ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში კვირა არ გავა, რომ რომელიმე გამოცემის ჟურნალისტი ზეწოლის მსხვერპლი არ გახდეს. რეგიონალური მედიის ასოციაციის ხელმძღვანელი ია მამალაძე ამბობს, რომ აქ ლაპარაკი აღარ არის თავისუფალი მედიის გადარჩენაზე:

”მათ სიცოცხლეზე ვლაპარკობთ, მათი სიცოცხლე დგას საფრთხის ქვეშ, როცა ფიზიკურად ეხებიან.”

ამის შემდეგ მითხრა პრეზიდენტის პრესსამსახურის წარმომადგენელმა ნათია ბანძელაძემ, რომ ჩვენ კარგს არაფერს ვაშუქებთ ...
გელა მთივლიშვილი
11 მაისის შეხვედრას კონკრეტული ადრესატი ჰყავდა - ხელისუფლება. მიწვეულები იყვნენ პარლამენტისა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებიც, თუმცა მათგან შეხვედრაზე არავინ გამოჩენილა. შესაბამისად, არ მოუსმენიათ დაზარალებული ჟურნალისტების ამბები თითქმის ყველა რეგიონიდან.

”ახალი გაზეთის“ ინფორმაციით, ქუთაისის მერის გიორგი თევდორაძის თანხმობის გარეშე მერიის სამსახურების უფროსები მედიასთან კომენტარს ვეღარ აკეთებენ; ”გურია ნიუსის” ჟურნალისტებისათვის 12 მარტიდან მუნიციპალიტეტის შენობები პრაქტიკილად დაიხურა; შიდა ქართლში გამომავალი ”ხალხის გაზეთის” ფოტოკორესპონდენტ რეზო ნადირაძეს უცნობი პირები მას შემდეგ დაემუქრნენ, რაც ის ვიდეომასალა გავრცელდა, სადაც კარალეთის ჩასახლებაში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებსა და ჟურნალისტებს შორის ინციდენტია ასახული; ფოთში პრეზიდენტის დაცვის ექვსმა წევრმა “tspress.ge”-ს ჟურნალისტს ვიდეოკამერა და ჩანთა წაართვა და შენობიდან ძალით გაიყვანა. ზეწოლის ფაქტების ჩამონათვალი გრძელია და განსხვავებული შინაარსის. ერთი კონკრეტული მაგალითი კახეთის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელის, გელა მთივლიშვილისგან:

”ჩვენ ორჯერ ზედიზედ გავაშუქეთ, თუ ვინ დაახვედრეს მიხეილ სააკაშვილს კახეთში სტუმრობისას, რომ ძირითადად იქ იყვნენ პედაგოგები, სკოლის მოსწავლეები და, ზოგადად, საბიუჯეტო სამსახურებიდან მიყვანილი ადამიანები და სწორედ ამის შემდეგ მითხრა პრეზიდენტის პრესსამსახურის წარმომადგენელმა ნათია ბანძელაძემ, რომ ჩვენ კარგს არაფერს ვაშუქებთ, არ ვიღებთ საავადმყოფოებში ახალ ტექნიკას და არაფერი გვესაქმება პერიმეტრის შიგნით, სადაც პრეზიდენტი სიტყვით გამოდის.”

მედიაჯგუფ ”აჭარა PS”-ის ჟურნალისტი სულხან მესხიძე ძალოვანების მხრიდან ზეწოლის მსხვერპლი გახდა ქობულეთში ერთ-ერთი გადაღებისას, როდესაც მოსახლეობასა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა:
ცენტრალური ტელევიზიების ჟურნალისტებს გადაღების უფლებას აძლევდნენ, ადგილობრივი პრესის და ინტერნეტგამოცემების ჟურნალისტებს კი ამის საშუალება არ ჰქონდათ ...
თამარ კორძაია

”ერთ-ერთი პოლიციელი მოქალაქეზე ძალადობდა, მე კი ამ ფაქტს ვიღებდი. ამ დროს მოვიდა ჩემთან სამოქალაქო ფორმაში მყოფი ქობულეთის პოლიციის უფროსი დავით ბეჟანიძე და ზურგში ჩამარტყა, რის შემდეგაც წონასწორობა დავკარგე და გადაღება ვეღარ შევძელი.”

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის თვმჯდომარე თამარ კორძაია შენიშნავს, რომ ძალადობა, როგორც წესი, პრესისა და ინტერნეტგამოცემების ჟურნალისტების მიმართ ხორციელდება, რაც მათ სხვა ჟურნალისტებთან არათანაბარ მდგომარეობაში აყენებს:

”ყველა მომხდარი ფაქტი - ქუთაისში, ზუგდიდში, ფოთში - ადასტურებს იმას, რომ ცენტრალური ტელევიზიების ჟურნალისტებს გადაღების უფლებას აძლევდნენ, ადგილობრივი პრესის და ინტერნეტგამოცემების ჟურნალისტებს კი ამის საშუალება არ ჰქონდათ.”

და, რაც მთავარია, ყველა ეს ფაქტი რჩება რეაგირების გარეშე. არც ერთი საქმე არ არის გამოძიებული. ჟურნალისტებზე ზეწოლისა ან საჯარო ინფორმაციის დამალვის გამო არავინ დასჯილა. მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრის კოორდინატორი ნათია კაპანაძეც ამბობს, რომ პრაქტიკულად შეუძლებელია შედეგის მიღწევა სასამართლოს გზითაც.

ჟურნალისტი და მედიაექსპერტი ზვიად ქორიძე არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე დარწმუნებულია, რომ მხოლოდ კანონი ვერ იქნება მედიაგარემოს სიჯანსაღისა და სამართლიანობის გარანტი.ხელისუფლებისგან ერთადერთი
პასუხი, რაც ამ დროისთვისაა ცნობილი, არის ის, რომ საარჩევნოდ, წინა არჩევნების მსგავსად, უშიშროების საბჭოსთან შეიქმნება კომისია, რომელიც ჟურნალისტებზე ზეწოლის ფაქტებს შეისწავლის და რეაგირებასაც მოახდენს. თუმცა მანამდე რეგიონალური მედიის ჟურნალისტების უმრავლესობა ზეწოლის ფაქტებთან შეგუებას არ აპირებს. ისინი შელახული უფლებების აღსადგენად თუ რედაქციების კუთვნილი აპარატურის დასაბრუნებლად სასამართლოს მიმართავენ.
  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG