Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დედამიწის მხოლოდ ყოველ მეექვსე მცხოვრებს მიუწვდება ხელი თავისუფალ პრესაზე


პრესის თავისუფლების რუკა
პრესის თავისუფლების რუკა
„ფრიდომ ჰაუსმა“ გამოაქვეყნა მსოფლიოში პრესის თავისუფლების შესახებ წლიური ანგარიში, რომელშიც მიმოხილულია ბეჭდური, სამაუწყებლო და საინტერნეტო მედია 197 ქვეყანაში. დოკუმენტში წაიკითხავთ, რომ ბოლო ათზე მეტი წლის განმავლობაში მედიის თავისუფლებას ყველაზე სუსტი მაჩვენებელი აქვს: მსოფლიოში მხოლოდ ყოველ მეექვსე ადამიანს მიუწვდება ხელი თავისუფალ მედიაზე. ანგარიშის ავტორები ამ უარყოფითი ტენდენციის გვერდით ხედავენ დადებითსაც - კერძოდ, „არაბულ გაზაფხულად“ წოდებული მოვლენების შემდეგ ჩრდილოეთ აფრიკის ზოგიერთ ქვეყანაში ვითარება გაუმჯობესდა. კრისტოფერ უოლკერი, „ფრიდომ ჰაუსის“ ვიცე-პროეზიდენტი, ახლო აღმოსავლეთსა და აფრიკის ჩრდილოეთს ასე ახასიათებს:

„რეგიონის სამ ქვეყანაში ვხედავთ განვითარებას. მათგან ორმა, ტუნისმა და ლიბიამ, გახსნილობის ისტორიულ ფაზას მიაღწია. ამავე დროს, არაერთ ქვეყანაში, ისედაც მძიმე გარემოში, სასტიკად უსწორდებიან მედიასაშუალებებს. ამ რიგში არიან ირანი, სირია და ბაჰრეინი.“

ანგარიშის თანახმად, ამ ქვეყნების მთავრობები შეშფოთებულნი არიან სახალხო ამბოხებებით და მათი მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ. „ფრიდომ ჰაუსის“ ანგარიშში ცალკეა გამოყოფილი ირანი, სადაც მთავრობა სასტიკად უსწორდება საინტერნეტო და ტრადიციულ მედიას. ირანის დონის თავისუფლება აქვს მედიას ბელორუსიაში, ჩრდილოეთ კორეაში, თურქმენეთში, ასევე უზბეკეთში. ამ ქვეყნებში დამოუკიდებელი მედია არ არსებობს ან ძლივს ახერხებს მუშაობას. ზოგადად მედია სახელმწიფოს სამსახურშია. მოქალაქეთა შესაძლებლობა, ღებულობდეს მიუკერძოებელ ინფორმაციას, შეზღუდულია. სხვაგვარად მოაზროვნეებს აპატიმრებენ, აწამებენ, მათ მიმართ რეპრესიის სხვადასხვა ფორმებს იყნებენენ. უზბეკეთზე, კერძოდ, „ფრიდომ ჰაუსი“ იტყობინება, რომ ერთ-ერთი ბოლო დამოუკიდებელი გაზეთი, „ზერკალო 21“, ფინანსური სირთულეების გამო დაიხურა. პოსტსაბჭოთა ქვეყნებს, გარდა ბალტიისპირეთისა, - სომხეთს, აზერბაიჯანს, ყაზახეთს, ყირგიზეთს, რუსეთს და ტაჯიკეთს არათავისუფალის სტატუსი აქვთ დოკუმენტის ავტორების მიერ მინიჭებული. უკრაინამ მოახერხა ნაწილობრივ თავისუფალთა რიგებში ჩადგომა, მაგრამ შემთხვევით, რადგან მხოლოდ ერთი ქულით აჯობა საფეხურით დაბლა მყოფ სახელმწიფოებს. გაუარესების ტენდენციაა მოლდავეთში, თუმცა ის, საქართველოსთან ერთად, პოსტსაბჭოთა ქვეყნებს შორის შედარებით თავისუფლად ითვლება. პრესის თავისუფლების მხრივ, მსოფლიოს მოწინავე ქვეყნებად არიან მიჩნეული ფინეთი, ასევე სკანდინავიის სახელმწიფოები - შვედეთი და ნორვეგია. მედიის თავისუფლების მხრივ, საერთაშორისო თანამეგობრობაში აშშ-ს 22-ე ადგილი უკავია.
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG