Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პეიჯერი


გასულ კვირას ისევ აქტუალური გახდა შემდეგი შეკითხვა: რამდენ ხანს უნდა რჩებოდეს ერთი კონკრეტული პირი ქვეყნის სათავეში?

აწ განსვენებულმა სტივ ჯობსმა ყველა დაგვარწმუნა: მსოფლიო საშინელი სისწრაფით ვითარდება; ის, რაც დღეს იყო ახალი, ხვალ უკვე მოსაწყენად ძველი იქნება. ათი წლის წინ პეიჯერი გემსახურებოდა (შეგახსენებთ, იყო ასეთი მოძახილიც: "პეიჯერი იმაშვრება"), ახლა კი... ახლა, უკაცრავად, ტელეფონები აღარც ჰქვია ამათ - ესაა არსებები, რომელთაც მზად ხარ, შენვე ემსახურო...

ჰოდა, ვინ გაგიძლებს ასეთ მრავალფეროვნებასა და სისწრაფეში ათ წელიწადს? რომელ ათს! უკვე ხუთიც ბევრია! ადრე, ვთქვათ, მეჩვიდმეტე საუკუნეში, ორმოცი წელი მაინც უნდა გასულიყო, მეფე რომ მოგბეზრებოდა (გაიხსენეთ ლუი მეთოთხმეტე), დღეს კი ხუთ გაზაფხულსაც ვეღარ უძლებ ერთ ცალ პრეზიდენტს (თუ არ გჯერათ, დღევანდელ ფრანგებს ჰკითხეთ)!

ფაქტია, თავისებურ ეპიდემიასთან გვაქვს საქმე: პრეზიდენტები გამაოგნებლად სწრაფად ძველდებიან!

თუმცა ზოგიერთი რას აღარ იგონებს, რას აღარ წვალობს, რომ როგორმე დრო შეაჩეროს - იბერავს ყვრიმალებს, იღებავს თმას, ხდება ან სუქდება, იჭიმავს ქათმის კისერს, მაღლდება ან დაბლდება...

მაგრამ ასეთების ხვედრი ყველაზე მძიმეა; ასეთები ყველაზე მალე ბერდებიან.

ხუთ წელიწადში უკვე ნაფტალინი ხარ! ღმერთო, როგორ მეცოდება რუსეთის ახალი პრეზიდენტი... საწყალს, კიდევ თორმეტი წელი მოუწევს ქვეყნის სათავეში ყოფნა; ბოლოს, ალბათ, დრაკულად გადაიქცევა.

თუმცა ჩვენს ძველ-ამჟამინდელ პრეზიდენტსაც ელის მსგავსი საფრთხე - ათი წლის მერე ხომ ნებისმიერ შემთხვევაში გინდება სისხლის წოვა...

გაიხსენეთ, ვინც ათ წელიწადზე მეტხანს დარჩა ქვეყნის სათავეში, ყველა რაღაცნაირ დრაკულად იქცა ბოლოს. თქვენის ნებართვით, თავს შევიკავებ უხსენებელთა სახელების ჩამოთვლისაგან.

თუმცა ახლა, როგორც ვატყობ, საეჭვო ღოჯები ხუთ წელიწადში იწყებენ ამოსვლას...

ამიტომ ოთხი წელიწადი, ვფიქრობ, სავსებით საკმარისია პრეზიდენტის პოსტზე ყოფნისთვის (სხვათა შორის, აშშ-ს დამფუძნებელთა მამებიც მეთანხმებიან ამაში), პარლამენტს კი, ჩემი ნება რომ იყოს, მხოლოდ სამ წელიწადს მივცემდი... რადგან რაც უფრო მობილურად გამოიცვლება მთავრობა, მით უფრო ადვილად ვირწმუნებთ აწ გარდაცვლილი სტივ ჯობსის მიერ გაცხადებულ ჭეშმარიტებას: "რამდენი ხანი უნდა გეგდოს ერთი iPhone? შეუცვლელი ტექნოლოგიები (წაიკითხე - პოლიტიკოსები) არ არსებობენ!"

ჰოდა, მართლა უხერხულია, ბოლოს და ბოლოს: სულ პეიჯერის დონეზე ხომ არ ვიქნებით!
  • 16x9 Image

    ლაშა ბუღაძე

    ლაშა ბუღაძე არის რადიო თავისუფლების ბლოგერი 2010 წლიდან.

XS
SM
MD
LG