Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ინაუგურაცია კოკოითის გარეშე?


ლეონიდ თიბილოვი
ლეონიდ თიბილოვი
ცხინვალში ლეონიდ თიბილოვის ინაუგურაციისთვის ემზადებიან. ამ ღონისძიებაზე ადგილობრივი პოლიტიკური ელიტის, სახელმწიფო და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები არიან მიწვეულნი, დე ფაქტო რესპუბლიკაში სტუმრებს სხვა არაღიარებული რესუბლიკებიდან და რუსეთის რეგიონებიდანაც ელოდებიან. ოსური ოპოზიციის წარმომადგენლების აზრით, ინაუგურაციაზე საზეიმო განწყობა შესაძლოა ექსპრეზიდენტ ედუარდ კოკოითის დასწრებამ გააფუჭოს.

ოპოზიციის ლიდერები უკვე ხმამაღლა საუბრობენ იმის შესახებ, რომ ღონისძიებაზე კოკოითის დასწრება საჭირო არ არის, არადა, ცხინვალში დამკვიდრებული ტრადიციით, ექსპრეზიდენტი ახალ პრეზიდენტს ძალაუფლების აღმნიშვნელ სახელმწიფო ატრიბუტიკას გადასცემს ხოლმე. ოპოზიციის ლიდერ ალა ჯიოევას ერთ-ერთი მომხრე, ირინა დამბეგოვა, ჩვენს რადიოსთან საუბარში ამბობს, რომ კოკოითის ინაუგურაციაზე დასწრებამ შესაძლოა ახალი დაძაბულობა გამოიწვიოს, რადგან ბოლო პერიოდის ყველა პრობლემასთან მისი სახელი ასოცირდება და იქ შეკრებილი ადამიანები ემოციებს ვერ შეიკავებენ.

ოპოზიციის მომხრეების მოსაზრებას თიბილოვის გუნდის წარმომადგენლების ერთი ნაწილიც იზიარებს. ისინი ფიქრობენ, რომ ექს-პრეზიდენტს მოწვევა უნდა გაუგზავნონ, მაგრამ თვითონ არ უნდა მივიდეს ინაუგურაციაზე, რადგან იქ რა მოხდება, ძნელი წარმოსადგენია. პოლიტიკური კრიზისის ხელოვნური შექმნა, ოპოზიციის მომხრეების დევნა და დაპატიმრება, რუსული ფინანსური დახმარების მითვისება, კორუფცია, ჩავარდნილი აღდგენითი სამუშაოები, სოციალურ–ეკონომიკური პრობლემები – ეს იმ ბრალდებების არასრული ჩამონათვალია, რომელთაც ოპოზიცია ედუარდ კოკოითის უყენებს.

ცხინვალელი პოლიტიკური მიმომხილველის იური ვაზაგოვის აზრით, ახალმა ხელისუფლებამ კოკოითის პოლიტიკური კურსი არ უნდა გააგრძელოს და ადამიანები თავისიანებად და სხვისიანებად არ უნდა დაყოს. ვაზაგოვი ფიქრობს, რომ, პირველ რიგში, თიბილოვს არ უნდა აძლევდეს ხელს კარიერის სკანდალით დაწყება. ამიტომ კოკოითი ინაუგურაციას უნდა დაესწროს და მისმა მოწინააღმდეგეებმა თავი უნდა შეიკავონ.

დე ფაქტო რესპუბლიკის ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციას დამატებით ინტრიგას ერთ დარბაზში დაუძინებელი მტრების - ედუარდ კოკოითისა და ძამბოლათ თედეევის - მოხვედრაც სძენდა. ერთ დროს მეგობრები მოგვიანებით მტრებად იქცნენ და დიდი ხანია ერთმანეთს აღარ შეხვედრიან, ამიტომ ექსპერტები არ გამორიცხავდნენ, რომ თედეევი კოკოითის დანახვისთანავე ჩხუბს აუტეხდა. რამდენიმე წლის წინ, როცა ექსპრეზიდენტსა და რუსეთის მოჭიდავეთა ნაკრების ყოფილ მთავარ მწვრთნელს შორის ურთიერთობა დაიძაბა, გავრცელდა ინფორმაცია, რომ თედეევმა კოკოითის სცემა. ახლა ვიღაცამ უკვე იზრუნა, რომ ისინი ერთმანეთს აღარ შეხვდნენ: მინვოდის აეროპორტში ძამბოლათ თედეევს უწყება გადასცეს - იგი 19 აპრილს მოსკოვის პროკურატურაში დასაკითხად დაიბარეს. სწორედ ამ დღეს ცხინვალში ახლად არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაცია გაიმართება.
XS
SM
MD
LG