Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მასწავლებელი დირექტორის წინააღმდეგ


ია ბჟალავა და მისი მეუღლე თამაზ მაყაშვილი
ია ბჟალავა და მისი მეუღლე თამაზ მაყაშვილი
გორის სასამართლოში მე-9 საჯარო სკოლის ყოფილი პედაგოგის ია ბჟალავას სასამართლო პროცესი დაიწყო. სკოლიდან გათავისუფლებული მასწავლებელი დირექტორს, ელენე ხაჩიძეს, მისი სამსახურიდან დათხოვნის ბრძანების გამო ედავება და მიიჩნევს, რომ ეს გადაწყვეტილება პოლიტიკური ნიშნით არის მიღებული. ამ რეზონანსულ პროცესს უამრავი ადამიანი დაესწრო. სხდომათა დარბაზში მოხვედრა ყველამ ვერც შეძლო. ია ბჟალავას სოლიდარობა სხვა სკოლებიდან გათავისუფლებულმა პედაგოგებმაც გამოუცხადეს. მოსამართლე დავით პაპუაშვილმა მხარეებს მორიგება შესთავაზა. მორიგებისა და მისი სამსახურში აღდგენის შემთხვევაში, ია ბჟალავა მზად იყო გაცდენილი დღეების ანაზღაურებაზე უარი ეთქვა, თუმცა სკოლის წარმომადგენელმა ეკა ხუციშვილმა მორიგება კატეგორიულად გამორიცხა. მოსამართლემ არ დააკმაყოფილა მოსარჩელე მხარის შუამდგომლობა მოწმეების დაკითხვის თაობაზე. ბჟალავას მეუღლის, თამაზ მაყაშვილის თქმით, ეს მოწმეები ნათელს მოჰფენდნენ მასწავლებლის გათავისუფლების ნამდვილ მიზეზს. ამ შემთხვევაში ბჟალავას მხარე ითხოვდა დაეკითხათ სკოლის ყოფილი დირექტორი და საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი, რომლებიც, მაყაშვილის თქმით, წინასწარ ლაპარაკობდნენ ამ გათავისუფლების პოლიტიკურ მოტივზე.

სკოლის დირექტორმა მასწავლებელს პირადი საქმეც არ დაუბრუნა, ამიტომ ეს საკითხი პროცესზეც დადგა. მოსამართლემ 10 დღის ვადაში პირადი საქმის წარმოდგენა მოითხოვა, დამოწმებული სახით, და პროცესი ორი კვირით გადადო.

4 შვილის დედა ია ბჟალავა გორის მე-9 საჯარო სკოლაში 22 წლის განმავლობაში მასწავლებლად მუშაობდა. ამ ხნის მანძილზე მას ერთი შენიშვნაც კი არ მიუღია და ქალაქში ერთ-ერთ საუკეთესო ფილოლოგად ითვლება. სერტიფიცირებულ პედაგოგთან სკოლის დირექტორმა ხელშეკრულება ისე შეწყვიტა, რომ მისთვის მიზეზი არ აუხსნია. ია ბჟალავამ მისი გათავისუფლება მეუღლის პოლიტიკურ საქმიანობას დაუკავშირა. თამაზ მაყაშვილი „თავისუფალი დემოკრატების“ ერთ–ერთი ლიდერია. 2010 წელს მაყაშვილი პოლიციელებთან შელაპარაკების გამო დააკავეს და რამდენიმე დღით დააპატიმრეს, მაშინაც მის საქმეს იგივე მოსამართლე, დავით პაპუაშვილი, განიხილავდა. მოგვიანებით მაყაშვილი ყოფილმა სახალხო დამცველმა პოლიტიკურ პატიმრად გამოაცხადა.

სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ ია ბჟალავამ განაცხადა, რომ ამ საქმის მოგების იმედი არა აქვს, მაგრამ ბრძოლის გაგრძელებას მაინც აპირებს.

სასამართლოში ბჟალავას ინტერესებს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ხელმძღვანელი ქეთი ბებიაშვილი იცავს. მისი თქმით, ბოლო ხანებში გორის რაიონში არ ყოფილა პრეცედენტი, რომ გათავისუფლებულ პედაგოგს სკოლის დირექტორის წინააღმდეგ საქმე მოეგოს, რადგან მოსამართლეები შრომის კანონმდებლობას იყენებენ და ყურადღებას განათლების შესახებ კანონს არ აქცევენ, რომლის მიხედვითაც მასწავლებლის გათავისუფლების დროს მოტივი გამოკვეთილი და დამტკიცებული უნდა იყოს.
XS
SM
MD
LG