Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შეძლებს თუ არა ბიძინა ივანიშვილი პარტიის შექმნას?


ბიძინა ივანიშვილი
ბიძინა ივანიშვილი
”ქართული ოცნების” ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა 5 აპრილს სპეციალური ბრიფინგი გამართა, სადაც პოლიტიკაში მოსვლის ექვსთვიანი პერიოდი შეაჯამა და პარტიის დაფუძნების ზუსტი თარიღი და სახელწოდებაც დაასახელა. თუმცა, პარტიის დაფუძნებამდე ორი კვირით ადრე, ის კვლავაც საქართველოს მოქალაქეობის მიღების მოლოდინშია. შეგახსენებთ, რომ 4 აპრილს გამოქვეყნდა სამოქალაქო რეესტრის შუალედური დასკვნა, რომლის მიხედვითაც, მას ამ ეტაპზე მოქალაქეობის მიღებაზე უარი უთხრეს. რას გეგმავენ ბიძინა ივანიშვილის ადვოკატები და როგორია მათი იმედები საქართველოს პრეზიდენტის მოსალოდნელ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით?

მოლოდინი იმისა, რომ 5 აპრილს ”ქართული ოცნების” ლიდერის ბიძინა ივანიშვილის მიერ დაანონსებული ბრიფინგი მისთვის მოქალაქეობის მიღების საკითხს მიეძღვნებოდა, მხოლოდ ნაწილობრივ გამართლდა. ბრიფინგის დასაწყისშივე ის ამ თემის თაობაზე მცირე კომენტარით შემოიფარგლა და სამოქალაქო რეესტრის მიერ 4 აპრილს გამოქვეყნებულ შუალედურ დასკვნას, რომლის მიხედვითაც მას ამ ეტაპზე მოქალაქეობის მიღებაზე უარი უთხრეს, უსუსური და უაზრო უწოდა. სწორედ ამიტომ მან აღნიშნულის შესახებ საუბარი არ ისურვა და სიტყვა პროცესის სამართლებრივი განმარტებისათვის მოგვიანებით თავის ადვოკატს, არჩილ კბილაშვილს გადასცა. მანამდე კი ზუსტად 25 წუთი მოანდომა ბიძინა ივანიშვილმა იმ პერიოდის შეჯამებას, რომლის ათვლაც ექვსი თვის წინ, 4 ოქტომბერს, მისი პოლიტიკაში მოსვლის განცხადებიდან დაიწყო:
მე, როგორც საქართველოს მოქალაქე, 21 აპრილს დავაფუძნებ პარტიას ”ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო” ...
ბიძინა ივანიშვილი

’”ქრონოლოგიურად გავყვეთ, თუ როგორ განვითარდა მოვლენები ჩემი პოლიტიკაში მოსვლის შემდგომ. მოგეხსენებათ, როგორ მყისიერად და უკანონოდ ჩამომართვეს მოქალაქეობა. რაც შეეხება ”ქართუ ბანკს”, ეს კარგად აჩვენებს, თუ როგორ მუშაობს პროკურატურა და პოლიცია. ჩემი პოლიტიკაში მოსვლის დღიდან უამრავი სარჩელი გვაქვს შეტანილი სასამართლოში და სასამართლოს, რა თქმა უნდა, არც ერთი საქმე ჩვენს სასარგებლოდ არ გადაუწყვეტია. კონტროლის პალატას კი ჩვენს მიმართ გამოაქვს აბსოლუტურად დაუსაბუთებელი ჯარიმები.”

ყურადსაღები განცხადება, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა 5 აპრილს გამართულ ბრიფინგზე გააკეთა, პარტიის შექმნას უკავშირდება, რაც უახლოეს მომავალში იგეგმება. არსებობს უკვე პარტიის სახელწოდებაც. ბიძინა ივანიშვილი ამ თემაზე საუბრისას ხაზს უსვამს თავის სტატუსს, რომელიც მას პარტიის შექმნის მომენტისთვის ექნება:

”მე, როგორც საქართველოს მოქალაქე, 21 აპრილს დავაფუძნებ პარტიას ”ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო”. მოგვიანებით ჩვენი კოალიცია ბლოკად ჩამოყალიბდება და მისი სახელი იქნება ”ივანიშვილი - ქართული ოცნება”. მე ვიქნები ამ ბლოკის ლიდერი და მე დავრჩები პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად.”

21 აპრილამდე 16 დღეა დარჩენილი. 5 აპრილის მდგომარეობით, ბიძინა ივანიშვილი საქართველოს მოქალაქის სტატუსით არ სარგებლობს. მოკლედ შეგახსენებთ სამოქალაქო რეესტრის 4 აპრილის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, საფრანგეთის მოქალაქე ბიძინა ივანიშვილი მთელი სამი თვის განმავლობაში უსაფუძვლოდ ითხოვდა საქართველოს მოქალაქეობის მიღებას ”ნატურალიზაციის” გზით. სააგენტოს დასკვნით, თუკი ივანიშვილს საქართველოს მოქალაქეობის მიღება სურს, მან ”ორმაგი მოქალაქეობა” უნდა მოითხოვოს.
საქართველოს პრეზიდენტი ვალდებულია პირს ნატურალიზაციის გზით მიანიჭოს მოქალაქეობა, თუკი ეს პირი ან ტერორისტი არ არის ...
კახა კოჟორიძე

მოითხოვს თუ არა ბიძინა ივანიშვილი ”ორმაგ მოქალაქეობას”, ამის შესახებ 5 აპრილს მკაფიო განცხადებები არ გაკეთებულა. ბიზნესმენის ადვოკატის არჩილ კბილაშვილის თქმით, ისინი სამომავლო გეგმებზე მხოლოდ მას შემდეგ ისაუბრებენ, რაც პრეზიდენტი გამოხატავს თავის დამოკიდებულებას სამოქალაქო რეესტრის 4 აპრილის დასკვნის მიმართ. არჩილ კბილაშვილის თქმით, პრეზიდენტს ამ საკითხის თაობაზე პოზიციის დაფიქსირების ვადა 5 აპრილს ეწურება და ის იმედს გამოთქვამს, რომ 21 აპრილამდე ბიძინა ივანიშვილი საქართველოს მოქალაქეობას მიიღებს. ადვოკატი უსამართლოს უწოდებს სამოქალაქო რეესტრის 4 აპრილის შუალედურ დასკვნას და ამბობს, რომ, პრეზიდენტის 2009 წლის 30 იანვრის N34 ბრძანებულების თანახმად, უცხო ქვეყნის მოქალაქეს აქვს სრული უფლება ნატურალიზაციის გზით მოითხოვოს საქართველოს მოქალაქეობა, თუკი ის უარს ამბობს უცხო ქვეყნის მოქალაქეობაზე. და აქვე საქართველოს პრეზიდენტის ერთ ვალდებულებასაც ეხება:

”საქართველოს პრეზიდენტი ვალდებულია პირს ნატურალიზაციის გზით მიანიჭოს მოქალაქეობა, თუკი ეს პირი ან ტერორისტი არ არის, ან სახელმწიფო დანაშაული არ აქვს ჩადენილი, ან საფრთხეს არ უქმნის საზოგადოებრივ უშიშროებას.”

კახა კოჟორიძემ, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურიდიული დახმარების სამსახურის ცენტრის“ დირექტორმა, რადიო თავისუფლების დილის ეთერში საუბრისას განაცხადა, რომ სამოქალაქო რეესტრის გადაწყვეტილება არ შეესაბამება კანონის მოთხოვნებს. მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილი აკმაყოფილებდა კანონის ყველა იმ პირობას, რაც აუცილებელია მოქალაქეობის ნატურალიზაციის გზით მისაღებად. მოქალაქეობის მინიჭებასთან დაკავშირებით პრეზიდენტის პოზიციის თაობაზე კი, რომელიც შესაძლებელია გამოიკვეთოს სამოქალაქო რეესტრის შუალედური დასკვნის გამოქვეყნების შემდეგ, კახა კოჟორიძე შენიშნავს:

”ერთი მხრივ, საქართველოს მოქალაქეობის შესახებ ორგანული კანონი ამბობს, რომ მოქალაქეობის საკითხებზე საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს პრეზიდენტი. იგივე წერია პრეზიდენტის ბრძანებულებაშიც. თუმცა ბრძანებულების მე-13 მუხლის პირველ პრიმა პუნქტში მითითებულია, რომ სააგენტოს მიერ მოქალაქეობის მიღებაზე უარის შემთხვევაში საქმის განხილვა მთავრდება ამ დასკვნით.”

ბიძინა ივანიშვილისათვის მოქალაქეობის მინიჭების თაობაზე 5 აპრილს საკუთარი პოზიცია დააფიქსირა ამერიკის ელჩმა საქართველოში და მოუწოდა ხელისუფლებას ივანიშვილის მოქალაქეობასთან დაკავშირებული საკითხი, კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპით, დროულად წარმართოს.
XS
SM
MD
LG