Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შუალედური უარი ივანიშვილის მოქალაქეობას


4 აპრილს, 3-თვიანი ვადის ამოწურვამდე ერთი დღით ადრე, სამოქალაქო რეესტრის სააგენტომ გამოაქვეყნა დასკვნა, რომლის მიხედვითაც საფრანგეთის მოქალაქე ბიძინა ივანიშვილი მთელი ამ ხნის განმავლობაში უსაფუძვლოდ ითხოვდა საქართველოს მოქალაქეობის მიღებას ”ნატურალიზაციის” გზით. სააგენტოს დასკვნით, თუკი ივანიშვილს საქართველოს მოქალაქეობის მიღება სურს, მან ”ორმაგი მოქალაქეობა” უნდა მოითხოვოს. ასეთ მიდგომას ”ქართული ოცნება” ”უკანონოს” უწოდებს, თუმცა ადვოკატი არჩილ კბილაშვილი არ გამორიცხავს, რომ სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს შუალედური დასკვნა ”ტემპერატურის აწევას” ისახავდეს მიზნად.

დასკვნა მედიის წარმომადგენლებს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი გაბრიელაშვილმა გააცნო და აღნიშნა, რომ პასუხი უარყოფითია საქართველოს მოქალაქეობის მიღების თაობაზე ბიძინა ივანიშვილის 5 იანვრის განცხადებასთან დაკავშირებით:

”ბატონი ბიძინა ივანიშვილი განცხადების შემოტანის მომენტშიც იყო და დღესაც არის საფრანგეთის რესპუბლიკის მოქალაქე, თუმცა მან მოგვმართა ნატურალიზაციის გზით მოქალაქეობის მისაღებად. საქართველოს კანონმდებლობა უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის ნატურალიზაციის გზით მოქალაქეობის მიღების შესაძლებლობას არ ითვალისწინებს. შესაბამისად, ბატონ ბიძინას უნდა მოემართა მოქალაქეობის მინიჭების თხოვნით, მაგრამ მას დღემდე ასეთი განცხადება არ შემოუტანია.”
საფრანგეთი ვერ უწყვეტს ივანიშვილს მოქალაქეობას, რათა არ იქცეს ის მოქალაქეობის არმქონე პირად, საქართველო კი არ აძლევს მოქალაქეობას, რადგან საფრანგეთის მოქალაქე ხარო...
ვახტანგ ხმალაძე

სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილეს 4 აპრილს ჟურნალისტების შეკითხვებზე არ უპასუხია, თუმცა მის მიერ გაკეთებული მოკლე განცხადება მოიცავს რჩევას, რომ ”საქართველოს მოქალაქეობის მოპოვებისთვის” ბიძინა ივანიშვილმა ”ორმაგი მოქალაქეობის მინიჭება” უნდა მოითხოვოს. თუმცა ასეთ გზას წინასწარვე მარცხის შემცველად მიიჩნევენ ”ქართულ ოცნებაში”, რადგანაც ის მთლიანად პრეზიდენტზეა დამოკიდებული და, უარის შემთხვევაში, გასაჩივრებასაც კი არ ექვემდებარება. სწორედ ამიტომ, ბიძინა ივანიშვილის ადვოკატებს იმთავითვე არ უფიქრიათ ”ორმაგი მოქალაქეობის” მოთხოვნის გზით წასვლა:

”ეს გზა გულისხმობს პრეზიდენტის ნება-სურვილს - კეთილ ნებას და არა ვალდებულებას... მაგალითად, ვერავინ ეტყვის პრეზიდენტს საყვედურს იმაზე, რომ მან ღირსების ორდენი ვიღაცას არ მიანიჭა. შეუძლებელია ასეთი რამის თქმა, რადგანაც ღირსების ორდენის მინიჭება პრეზიდენტის დისკრეციას წარმოადგენს. ასეა ამ შემთხვევაშიც”, - ამბობს რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი არჩილ კბილაშვილი, რომელიც სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს 4 აპრილის დასკვნას კანონთან შეუსაბამოდ მიიჩნევს. ადვოკატის განმარტებით, პრეზიდენტის 2009 წლის 30 იანვრის N34 ბრძანებულების თანახმად, უცხო ქვეყნის მოქალაქეს აქვს სრული უფლება ნატურალიზაციის გზით მოითხოვოს საქართველოს მოქალაქეობა, თუკი ის უარს ამბობს უცხო ქვეყნის მოქალაქეობაზე.

აქვე გავიხსენოთ, რომ 2011 წლის 11 ოქტომბრის შემდეგ, როდესაც საქართველოს მოქალაქეობა შეუწყდა, ბიძინა ივანიშვილმა უარი თქვა როგორც რუსეთის, ასევე საფრანგეთის მოქალაქეობაზე. თუმცა, თუკი პირველ შემთხვევაში საქმე ბოლომდეა მიყვანილი, საფრანგეთის შემთხვევაში ვითარება სხვაგვარად გამოიყურება. როგორც საქართველოში საფრანგეთის კონსულის მოადგილის ჟერარ ანრიოს 2012 წლის 9 იანვრის განცხადებაშია ნათქვამი, საფრანგეთი ბიძინა ივანიშვილს არ შეუწყვეტს მოქალაქეობას, თუ მას არ მიენიჭება საქართველოს მოქალაქეობა. საფრანგეთი ამ შემთხვევაში ხელმძღვანელობს 1997 წლის ევროპული კონვენციით ”მოქალაქეობის შესახებ”, რომელიც კრძალავს ამა თუ იმ პირის დატოვებას მოქალაქეობის გარეშე და ითხოვს მყარ გარანტიას, რომ ასეთი რამ არ მოხდება. მიუხედავად იმისა, რომ ხსენებული კონვენციის შესაბამისი ცვლილებები საქართველოს კანონმდებლობამაც განიცადა, შექმნილ სიტუაციას ”მოჯადოებულ წრეს” უწოდებს რესპუბლიკური პარტიის წევრი, კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე:
ვახტანგ ხმალაძე
ვახტანგ ხმალაძე

”საფრანგეთი ვერ უწყვეტს ივანიშვილს მოქალაქეობას, რათა არ იქცეს ის მოქალაქეობის არმქონე პირად, საქართველო კი არ აძლევს მოქალაქეობას, რადგან საფრანგეთის მოქალაქე ხარო... ამ მდგომარეობიდან სამართლებრივი გამოსავალი არის მხოლოდ ერთი: საქართველოს ხელისუფლებას უნდა ეთქვა, რომ ივანიშვილი იქნება საქართველოს მოქალაქედ მიღებული, როგორც კი ის წარმოადგენს საფრანგეთის მოქალაქეობიდან გასვლის დამადასტურებელ დოკუმენტს.”

უარყოფითი პასუხის მიუხედავად, იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს 4 აპრილის დასკვნა ბიძინა ივანიშვილისთვის ნათქვამ საბოლოო უარს არ ნიშნავს. საბოლოო გადაწყვეტილება პრეზიდენტის მისაღებია და მას ამისთვის ვადა 5 აპრილის ჩათვლით აქვს. ადვოკატი კბილაშვილი არ გამორიცხავს, რომ პრეზიდენტმა სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს უარყოფითი შუალედური დასკვნა არ გაითვალისწინოს:

”არ გამოვრიცხავ, რომ ეს იყოს სპეციალურად ტემპერატურის ასაწევად გამოქვეყნებული შუალედური დასკვნა და, ამის მიუხედავად, პრეზიდენტმა ბიძინა ივანიშვილს მაინც მიანიჭოს მოქალაქეობა. ანუ, ასე ვთქვათ, პრეზიდენტმა შეასრულოს სულგრძელი ხელისუფლის როლი, რომელიც მიუხედავად უარყოფითი შიდასამსახურეობრივი დასკვნისა, მაინც გასცემს მოქალაქეობას, როცა პირს ეს არ ეკუთვნის.”

ასეთ ვარაუდს არ იზიარებს ვახტანგ ხმალაძე, რომლის აზრითაც, სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს 4 აპრილის დასკვნა ”ღია ეშმაკობას” წარმოადგენს, რომლითაც დასტურდება ხელისუფლების სურვილი - არ მიანიჭოს მოქალაქეობა ბიძინა ივანიშვილს. და ეს მაშინ, როდესაც, ხმალაძის თქმით, ბიძინა ივანიშვილი სრულად აკმაყოფილებს ყველა იმ მოთხოვნას, რომელიც ამა თუ იმ პირს მოქალაქეობის ”ნატურალიზაციის” გზით მიღების შესაძლებლობას აძლევს.

განსხვავებული პროგნოზების მიუხედავად, ბიძინა ივანიშვილის მხარე ამ ეტაპზე პრეზიდენტის საბოლოო გადაწყვეტილების მოლოდინშია და, როგორც უკვე აღვნიშნეთ, კანონით გათვალისწინებული 3-თვიანი ვადა 5 აპრილს იწურება. 2009 წლის 30 იანვრის ბრძანებულების მიხედვით, უარის შემთხვევაში პრეზიდენტმა განკარგულება, ხოლო დადებითი პასუხის შემთხვევაში პრეზიდენტმა ბრძანებულება უნდა გამოსცეს. ბიძინა ივანიშვილი უფლებამოსილია გაასაჩივროს პრეზიდენტის უარყოფითი გადაწყვეტილება.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG