Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყვითელი ბარათი ქსენოფობიური განცხადებებისთვის


არასამთავრობო ორგანიზაცია ”მრავალეროვანი საქართველოს” ხელმძღვანელმა არნო სტეფანიანმა სიმბოლური ყვითელი ბარათი გაუგზავნა ოპოზიციონერ პოლიტიკოსს მურმან დუმბაძეს, 14 არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა კი ერთობლივ პრესკონფერენციაზე სპეციალური მიმართვის ტექსტიც გაიზიარეს, რომელიც მურმან დუმბაძის და სხვა პოლიტიკური პარტიების მხრიდან ქსენოფობიური განცხადებების წინააღმდეგ არის მიმართული. შეგახსენებთ, რომ მურმან დუმბაძემ 31 მარტს ტელეკომპანია „25-ე არხის“ ეთერში რესპუბლიკური პარტიის წევრ გიორგი მასალკინზე საუბრისას თქვა, რომ ”ის გენით ქართველი არ არის და ვერ მიხვდა რა არის საქართველო”. არასამთავრობო ორგანიზაციები მურმან დუმბაძეს საჯაროდ ბოდიშის მოხდას სთხოვენ.

სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები საჯარო ბოდიშს ელიან მურმან დუმბაძისგან, რომელმაც 31 მარტს ტელეარხ „25-ის“ პირდაპირ ეთერში, "ობიექტივის" ჟურნალისტის ირმა ინაშვილის გადაცემაში, რესპუბლიკური პარტიის ბათუმის საქალაქო ორგანიზაციის ხელმძღვანელ გიორგი მასალკინზე შემდეგი რამ თქვა:

”არ არის გენით ქართველი, ვერ მიხვდა რა არის საქართველო, ეს ვერ გაიგო ამ კაცმა, ოშკი გაგონილი არ აქვს, სანთელი არ დაუნთია, კაცო. ოშკი არ არის მთავარი, ქართველობაა მთავარი.”

აქვე ვთქვათ, რომ 4 აპრილს კოალიცია ”ქართულმა ოცნებამ”, რომლის ასოცირებული წევრიცაა მურმან დუმბაძე, გაავრცელა განცხადება, რომ ის საჯაროდ უხდის ბოდიშს ქართულ საზოგადოებას და პირადად გიორგი მასალკინს, მისი ემოციური განცხადების გამო. მაგრამ ეს არ აკმაყოფილებთ არასამთავრობოებს და ისინი საჯარო ბოდიშს ითხოვენ. პრესკონფერენციაზე ირაკლი მელაშვილმა, წევრმა კოალიციისა ”არჩევანის თავისუფლებისთვის”, მიმართვის ტექსტი წაიკითხა, რომელსაც 14 არასამთავრობო ორგანიზაცია იზიარებს:
ეს არ არის მურმან დუმბაძის მხრიდან ამ ტიპის პირველი განცხადება. დარწმუნებული ვარ, არც ერთი სკამი არ ღირს იმად, რომ არასტაბილურობის ასეთი დიდი რისკი შექმნას ქვეყნაში ...
არნო სტეფანიანი

”ბოლო პერიოდში მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლების მხრიდან გაკეთდა განცხადებები, რომლებიც შეიცავდა ქსენოფობიის - რელიგიური და ეთნიკური შეუწყნარებლობის -ნიშნებს. აღნიშნული განცხადებების ავტორები, სავარაუდოდ, ცდილობენ ეთნიკურ და რელიგიურ გრძნობებზე თამაში ამომრჩეველთა ხმების მოპოვების მთავარ იარაღად აქციონ. ყველა პოლიტიკოსმა უნდა გააცნობიეროს, რომ ქსენოფობიით, რელიგიურ და ნაციონალურ გრძნობებზე თამაშით საქართველოში წარმატების მიღწევა უკვე შეუძლებელია. არავის უნდა მიეცეს საშუალება გააღვივოს საქართველოში ეთნიკური და რელიგიური ნიშნით დაპირისპირება და საფრთხე შეუქმნას ქართულ სახელმწიფოებრიობას.”

ამ განცხადების პარალელურად, ორგანიზაცია ”მრავალეროვანი საქართველოს” ხელმძღვანელმა არნო სტეფანიანმა მურმან დუმბაძეს მისი ქსენოფობიური შინაარსის განცხადებების გამო ბოდიშის მოსახდელად სიმბოლური ყვითელი ბარათის მიღებიდან ერთდღიანი ვადა მისცა:

”ეს არ არის მურმან დუმბაძის მხრიდან ამ ტიპის პირველი განცხადება. დარწმუნებული ვარ, არც ერთი სკამი არ ღირს იმად, რომ არასტაბილურობის ასეთი დიდი რისკი შექმნას ქვეყნაში. ”მრავალეროვანი საქართველო” უგზავნის მურმან დუმბაძეს ყვითელ ბარათს. ერთი დღის განმავლობაში იმის შემდეგ, რაც ფოსტით ამ ბარათს მიიღებს, უნდა მოიხადოს ბოდიში ოფიციალურად და საჯაროდ. თუ არ მოიხდის, გავუგზავნით წითელ ბარათს.”

არნო სტეფანიანი ამბობს, რომ უკანასკნელ დროს საკმაოდ გახშირდა სხვადასხვა პოლიტიკოსების მხრიდან - და, რაც ყველაზე საგანგაშოა, სხვადასხვა მედიასაშუალებების მხრიდან - ქსენოფობიური განცხადებები. მისი სიტყვებით, კვირის განმავლობაში დაახლოებით 5-7 ასეთი განცხადების ამოკითხვაა შესაძლებელი, უმეტესად, ბეჭდურ გამოცემებში. როგორც „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე თამარ ჩუგოშვილი ამბობს, ქვეყანაში, შესაბამისი საკანონმდებლო შეზღუდვების არარსებობის ფონზე, რეაგირების მთავარ ინსტრუმენტად საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა და რეაგირება რჩება:
როგორც წესი, თუ ინტერვიუზეა დაფუძნებული მასალა, საკმაოდ ხშირად რესპონდენტებს ჟურნალისტები საკუთარი კითხვის შინაარსით ინსპირირებას უწევენ ...
გიორგი თაბაგარი

” სიძულვილის ენა ზოგიერთ ქვეყანაში არის დასჯადი, ზოგიერთ ქვეყანაში კრიმინალიზებულიც კი, ანუ სისხლის სამართლის დანაშაულადაც ითვლება. ჩვენს ქვეყანაში ეს არ არის დასჯადი. სწორედ ამიტომ საზოგადოების მძაფრი რეაგირებაა საჭირო, სწორედ იმიტომ რომ სამართლებრივად შედეგები ამას ვერ მოჰყვება და საზოგადოებას უნდა ჰქონდეს ადეკვატური რეაგირება.”

იმას, რომ მედია და განსაკუთრებით რამდენიმე ბეჭდური საგამომცემლო სახლი ხელს უწყობს ქსენოფობიური განცხადებების ტირაჟირებას, ადასტურებს ინტერნეტ პორტალ Media.ge-ს მკვლევარი გიორგი თაბაგარი. მისი სიტყვებით, რელიგიურ, ეთნიკურ და სექსუალურ უმცირესობათა მიმართ შეუწყნარებლობის მაგალითები არ იკლებს. ქსენოფობიურ გამონათქვამებს მიმართავენ პოლიტიკოსებიც და სხვა საზოგადო მოღვაწეებიც:

”როგორც წესი, თუ ინტერვიუზეა დაფუძნებული მასალა, საკმაოდ ხშირად რესპონდენტებს ჟურნალისტები საკუთარი კითხვის შინაარსით ინსპირირებას უწევენ, მაგრამ თავად პოლიტიკოსები თუ სხვა საზოგადოებრივი პირები ასევე ხშირად არღვევენ სტანდარტებს. შეიძლება ეს იყოს შედეგი სწორი ტერმინოლოგიის არცოდნის, მაგრამ ხშირ შემთხვევაში სიძულვილის ენის გამოყენება მიზანმიმართულად ხდება.”

მურმან დუმბაძის განცხადებას საკუთარი ფეისბუკის გვედზე უაღრესად კრიტიკული შეფასებით გამოეხმაურა სახალხო დამცველი და აღნიშნა, რომ ამ ტიპის განცხადებებისგან განსაკუთრებით თავშეკავება მართებს პოლიტიკოსს,”რადგან მსგავსმა რამემ შეიძლება ხელი შეუწყოს საზოგადოებაში შეუწყნარებლობის გაღვივებას, რაც საფრთხეს უქმნის სამოქალაქო ერთიანობას”. გიორგი ტუღუშმა რამდენიმე ხნის წინ რადიო თავისუფლებასთან საუბარში მისასალმებელ ტენდენციად შეაფასა ის,რომ ხელისუფლების მხრიდან არ ხდება ქსენოფობიის წახალისება.

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ყველას - და მათ შორის განსაკუთრებით პოლიტიკოსებს - მოუწოდებენ თავი შეიკავონ ამ ტიპის განცხადებებისგან, რადგან, როგორც ირაკლი მელაშვილი ამბობს, საქართველოს უკვე აქვს ეთნიკური შეუწყნარებლობის ნიადაგზე არსებული ცუდი ისტორიული გამოცდილება.
  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

XS
SM
MD
LG