Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვებრძვით თუ „ვებრძვით“ ქსენოფობიას?


პირადად მე ძალიანაც გამიხარდებოდა საქართველო ისეთი ქვეყანა რომ იყოს, სადაც სახელმწიფო ყოველთვის გაემიჯნებოდა და მყისიერად დაგმობდა ადამიანის - ან ადამიანების გარკვეული ჯგუფის - ღირსების დამაკნინებელ განცხადებებს თუ ქმედებებს. ისევე, როგორც ამ განცხადებების და ქმედებების ავტორებს - მათი სოციალური სტატუსის, გავლენის თუ ავტორიტეტის მიუხედავად.

ამაზე კიდევ უკეთესი ის იქნებოდა, საქართველო ისეთი ქვეყანა რომ იყოს, სადაც კულტურულ-ინტელექტუალურ-სასულიერო ელიტა თავისუფალ აზროვნებას დაამკვიდრებდა; სიახლის მიმართ ღია იქნებოდა; სტერეოტიპებს შეებრძოლებოდა. სადაც ამ ელიტის საკმაოდ დიდი ნაწილი არ იმსჯელებდა სიძულვილით გაჟღენთილი, პარანოიაშერეული კლიშეებით. სადაც დიდი ავტორიტეტის მქონე რეჟისორი დინჯი ინტონაციით არ იტყოდა, ზანგი რატომ უნდა მიყვარდეს, ის ხომ კულტურით ჩემზე უკან დგასო; მრევლით გარშემორტყმულ მღვდლებს არ გაუკვირდებოდათ, "დედაჩემი და სომეხის დედა" [sic] თანაბარი როგორ უნდა იყოსო; ძველი თაობის პოეტები არ მოგვიწოდებდნენ, "გადახედეთ ნებისმიერ სფეროს, გამოუჩხრიკეთ ნებისმიერს ბიოგრაფია და აღმოჩნდება, რომ ან დედა ეყოლება სომეხი, ან ვიღაცა"; შედარებით ახალგაზრდა პოეტი კი არ შეშფოთდებოდა, მე, როგორც “მოქალაქეს” და “ქალთა მოტრფიალეს”, დიდი საშიშროება მექმნება ჰომოსექსუალთა მიერ საიდუმლოდ მართულ-დაფინანსებული "ორგანიზაციის თუ კასტის" სახითო.

მაგრამ რას ვიზამთ. რეალობა სხვაგვარია. ასეთი განცხადებები უხვად კეთდება, მათ ფართო აუდიტორიაც ჰყავს და ბევრი მომწონებელიც. სულ რამდენიმე წლის წინ იყო, ერთი დეპუტატი ტელევიზიით რომ აცხადებდა, გულის სიღრმეში სიამოვნებით ვეთანხმები ჰიტლერს, როცა მან ჰომოსექსუალები ზღვაში გაგზავნა და ჩაძირაო. მეორე დეპუტატი კი პარლამენტის სხდომაზე ომახიანად მოითხოვდა, მთავრობის ყველა წევრმა ახლავე წარმოადგინოს მონაცემები “მშობლების ეთნიკური წარმომავლობის და რელიგიური მრწამსის" შესახებო.

პოლიტოლოგებს, სოციოლოგებს, კულტუროლოგებს და სხვა ჭკვიან ხალხს თუ დავუჯერებთ, ამ ყველაფერს თავისი მიზეზები აქვს. ასეთი ტიპის ფობიები, ნაციონალიზმის ვიწრო და შოვინისტურ გაგებასთან ერთად, დიდწილად საბჭოთა გამოცდილების შედეგია. მაშინ, საბჭოთა იმპერიულ კონტექსტში, ეთნიკური ნაციონალიზმი - წარმომავლობის, სისხლის, გენის, მტრის ხატის, რჩეულობის, მსხვერპლობის და გადარჩენის შესახებ თავისი აუცილებელი ნარატივებით - ატარებდა დომინანტური, საბჭოთა იდეოლოგიის ალტერნატივის, ერთგვარი წინააღმდეგობის ფუნქციას. მაგრამ დღეს - დამოუკიდებლობის მოპოვებიდან ოცი წლის შემდეგ - ეს ცნებები ძირითადად შოვინისტური და დისკრიმინაციული სენტიმენტების ნაზავად იქცა - უმცირესობაში “საფრთხის” დანახვის, ეთნიკურად “სუფთა” ქართველის ძიების და ქართველების რჩეულობა-გამორჩეულობაზე ქადაგების ნაზავად.

პრობლემას დიდწილად ისიც ართულებს, რომ ამ იდეოლოგიას ბევრი “იდეოლოგიად” არც აღიქვამს და ის ბუნებრივ, თავისთავად ცხად ჭეშმარიტებად მიაჩნია. ამის კარგი მაგალითი თავად რობერტ სტურუაა. პირველ განცხადებას, პრეზიდენტი “სომეხია” და ქართველები ამიტომ არ უყვარსო, სამსახურიდან გათავისუფლების შემდეგ მან გაკვირვებული ახსნა-განმარტება მოაყოლა - ნაციონალიზმი და ქსენოფობია არაფერ შუაშია, არასწორად გამიგეს, მე მხოლოდ იმის თქმა მინდოდა, რომ, მაგალითად, ტერიტორიული საკითხების გადაწყვეტისას პრეზიდენტს სომხური „სისხლი“ აიძულებს სომეხი ერის მხარეს დადგეს - უნდა ეს, თუ არაო. გამოდის, რომ “შერეული სისხლის” მქონე მოქალაქე თავისი ქვეყნის ერთგული ვერ იქნება - ძალიანაც რომ მოუნდეს, “სხვა სისხლი” არ მისცემს ამის საშუალებას.

ეს, რასაკვირველია, ქსენოფობიაა. და საქართველოს იმ მოქალაქეების პირდაპირი შეურაცხყოფა, თავს ვინც ეთნიკურ უმცირესობას აკუთვნებს. შესაბამისად, ის, რომ სახელმწიფო ამ განცხადებებს გაემიჯნა - საბიუჯეტო დაფინანსებაზე მყოფი თეატრის ხელმძღვანელის თანამდებობიდან ამ განცხადებების ავტორის გათავისუფლების გზით - წესით, ცალსახად დადებითი ნაბიჯი უნდა იყოს.

დადებითი ალბათ არის კიდეც. ოღონდ რამდენად “ცალსახად” - ამაში დარწმუნებული არ ვარ. რამდენიმე მიზეზის გამო. პირველ რიგში, ჩემი ვარაუდით, უკიდურესად მცირე უნდა იყოს იმ ადამიანების რაოდენობა, ვინც რობერტ სტურუას განთავისუფლებას პოლიტიკურ ანგარიშსწორებად არ მიიჩნევს - ვისაც გულწრფელად სწამს, რომ ის მართლა “ქსენოფობიის” გამო გაუშვეს და ამაში გადამწყვეტი როლი მისმა მწვავე ოპოზიციონერობამ არ შეასრულა. ხოლო ჩვენს რეალობაში - სადაც პოლიტიკოსების, ეკლესიის, საზოგადოების და მედიის დიდი ნაწილის თვალში ქსენოფობია გაბუნებრივებულია და “ქსენოფობიად” კი არა, პატრიოტულ საღ აზრად აღიქმება - უმცირესობების უფლებების პოლიტიკური ანგარიშსწორების იარაღად გამოყენებამ შესაძლოა უკუშედეგი, “ქსენოფობიასთან ბრძოლის” გაუფასურება, მისი დისკრედიტაცია მოიტანოს. მაქსიმუმი, რაც „სტურუას საქმეს“ შეიძლება მოჰყვეს, თვითცენზურის გაზრდა იქნება - რაც, თავისთავად, მნიშვნელოვანია, რადგან შემცირდება იმ განცხადებების რაოდენობა, რომლებიც ამ დახავსებულ კლიშეებს კიდევ უფრო განამტკიცებს. მაგრამ საეჭვოა ამან ქსენოფობიის, ან უმცირესობების უფლებების შესახებ სერიოზული მსჯელობის დაწყებას - მით უფრო ქსენოფობიის მასშტაბის შემცირებას - მისცეს ბიძგი. ისევე, როგორც ამ თემაზე გაკეთებულმა მშრალმა და დიდაქტიკური შეფერილობის მქონე განცხადებებმა - რომ “ტირაჟირებულ ქსენოფობიას დემოკრატიულ ქვეყანაში მწვანე შუქი არ უნდა აენთოს”, როგორც კულტურის მინისტრმა გვითხრა რობერტ სტურუას საქმესთან მიმართებით.

ზოგადად, ამ საკითხების მიმართ სწორხაზოვნება და ზედაპირულობა, ჩემი აზრით, სერიოზულ პრობლემას ქმნის. ერთი მხრივ ფაქტია, რომ ამ ხელისუფლებამ - და პირადად მიხეილ სააკაშვილმა - საქართველოს პოლიტიკურ სივრცეში უმცირესობებთან და მრავალფეროვნებასთან მიმართებით მართლა შეიტანა პოზიტიური სიახლე. პრეზიდენტის განცხადებები, რომ საქართველო იქ მცხოვრებ ყველა ეთნოსს თანაბრად ეკუთვნის; უმცირესობების მიმართ გადადგმული ნაბიჯები - რელიგიური ორგანიზაციების შესახებ ახლახან მიღებული კანონის ჩათვლით - ნამდვილად დადებითი ჟესტებია.

თუმცა, დიდწილად მხოლოდ ჟესტები და განცხადებები. საქმით - ვთქვათ, პოლიტიკურ ასპარეზზე უმცირესობების რეპრეზენტაციის, ეროვნულ კულტურულ მემკვიდრეობაში უმცირესობების მიერ შეტანილი წვლილის ხაზგასმის, თუნდაც ამ საკითხებზე ღია დისკუსიის დაწყების თვალსაზრისით - ბევრი არაფერი გაკეთებულა. ზოგიერთი ამას ზოგადი ატმოსფეროთი ხსნის - საზოგადოებაში, რომელშიც უმცირესობების საკითხი არაპოპულარულია, ქსენოფობია კი გავრცელებული, პოლიტიკოსი - და მითუმეტეს ხელისუფალი - ლოგიკურად მოერიდება უფრო გაბედული ნაბიჯების გადადგმას, მხარდაჭერის დაკარგვის შიშით. მით უფრო, რომ ოპოზიციური პოლიტიკური ძალების დიდი უმრავლესობა სწორედ ეთნონაციონალისტურ პოპულიზმს და ქსენოფობიური განწყობების გაღვივებას მიმართავს ხოლმე ხელისუფლებასთან დაპირისპირების, თუ მისი გაკრიტიკების მიზნით.

თუმცა, პრობლემა შეიძლება უფრო ღრმაც იყოს. ჩემი აზრით, ხელისუფლებას ეს საკითხი დიდწილად სწორედ ასე - სწორხაზოვანი ლოზუნგების დონეზე ესმის. “ტრენინგზე ნასწავლი ტოლერანტობის“ დონეზე. ასეთი ეჭვისთვის მყარ საფუძველს სააკაშვილის მიერვე გაკეთებული განცხადებები ქმნის. ძნელი წარმოსადგენია, ადამიანს კარგად ესმოდეს ქსენოფობიის პრობლემა, ან რასიზმის ისტორია, და თან ისეთ ვულგარულ კლიშეებს იყენებდეს, როგორიცაა რუსეთის შესახებ არაერთხელ ნათქვამი სიტყვა - „მონღოლოიდი“. 2010 წლის ივნისში სააკაშვილი რუსეთს „ბრუტალურ, ცბიერ, მონღოლოიდური ტიპის პოლიტიკურ ძალას“ უწოდებდა. გასულ ორშაბათს კი ის „მონღოლოიდური იდეოლოგიის გადმონაშთად“ მოიხსენია.

ეს ცნება - „მონღოლოიდი“ - რასების შესახებ მეცხრამეტე საუკუნის დისკურსს ეკუთვნის, ადამიანების „დახარისხების“ დისკურსს. ის მთელი აღმოსავლეთ და სამხრეთაღმოსავლეთ აზიის ხალხების აღსანიშნავად გამოიყენებოდა - დღეს კი მას დამამცირებელ, ტლანქ და რასისტულ განზოგადებად მიიჩნევენ. გასაგებია, რომ ამ ფრაზების წარმოთქმისას სააკაშვილი ისტორიული ფაქტებით არის შთაგონებული - რომ 1230 წლიდან მეთხუთმეტე საუკუნის შუა პერიოდამდე მონღოლთა მიერ დაპყრობილად ყოფნამ რუსეთზე დიდი გავლენა იქონია და ის ევროპულ სივრცეს მოწყვიტა. მაგრამ ის ჯიუტად ტერმინ „მონღოლოიდს“ ხმარობს.

თან ეს ხომ პირველად არ ხდება. ყველას გვახსოვს სააკაშვილის “პაპუასები ხომ არა ვართ” და“ზანგები ხომ არა ვართ”. კი ბატონო, ბევრი ამბობს - და გარკვეულწილად მეც ვეთანხმები - რომ ესენი იდიომატური ფრაზებია, რომლებსაც ის დაუფიქრებლად ამბობს ხოლმე, ამა თუ იმ სფეროში საქართველოს „ჩამორჩენილობის“ გასაპროტესტებლად. მაგრამ მგონი ასეთი იდიომატური გამოთქმები საკმაოდ გახშირდა საიმისოდ, რომ მათ ჯიუტად ვუძახოთ „წამოცდენები“.

სააკაშვილი, როგორც სჩანს, გარკვეული ცივილიზაციური კლიშეებით და დიქოტომიებით აზროვნებს - “განვითარებულები” და “ველურები”, ან “ცივილიზებულები” და “ბარბაროსები” - და ადამიანების, თუ ადამიანთა ჯგუფების დახარისხებასაც ამ ჭრილში ახდენს. ეს შეიძლება მართლაც განსხვავდებოდეს ქსენოფობიის იმ ტიპისგან, რომელიც რობერტ სტურუამ გამოავლინა - სააკაშვილი არ იტყვის, რომ, მაგალითად, ადამიანს ქცევას და აზროვნებას ეთნიკური წარმომავლობა და “სისხლი” კარნახობს; და არც რომელიმე უმცირესობას წარმოაჩენს ერისათვის „საფრთხედ“. მაგრამ ცივილიზაციური იერარქიები, რომლებიც პირდაპირაა გადაჯაჭვული რასისტულ კონცეფციებთან, მისთვის, როგორც ჩანს, უცხო არ არის. სხვაგვარად რომ იყოს, ის არ იტყოდა, რომ, მაგალითად, „საბაჟოს ხელმძღვანელობის ხარისხი ანთროპოლოგიურად გამოსწორდა“. ეს ფრაზა გადაფარა იმავე გამოსვლაში ნათქვამმა “ზანგები ხომ არა ვართ“-მა და დღეს, მგონი, აღარავის ახსოვს. არადა ეს ტერმინოლოგია - „ადამიანების ანთროპოლოგიური ხარისხი“ – ძალიან უსიამოვნო ასოციაციებს აღძრავს. თავის დროზე სწორედ ამ ანთროპოლოგიური „ხარისხის“ დაკანონების სურვილმა დაუდო საფუძველი სამეცნიერო რასიზმს - ადამიანთა „ტიპების“ ტაქსონომიებს და თავის ქალების მოყვანილობების შედარებებს.

თუმცა ის, რომ ამ ცივილიზაციური კლიშეებისგან ვერ თავისუფლდება, არ ნიშნავს, რომ ხელისუფლება ურყევი რასისტია და გულწრფელად არ ცდილობს გარკვეული პოზიტიური სიახლეების დამკვიდრებას საქართველოს უმცირესობებთან მიმართებით. უბრალოდ, საკითხის ზედაპირული გაგების გამო, ის ამ საქმესაც კლიშეებით ეკიდება - ლოზუნგების და დიდაქტიკური განცხადებების დონეზე. რომ „დემოკრატიულ საზოგადოებაში“ - ანუ „ცივილიზებულ“ და „განვითარებულ“ ქვეყნებში - ქსენოფობია მიუღებელია. არადა დღევანდელ საქართველოში ეთნონაციონალიზმის სიძლიერე და ქსენოფობიური განწყობები ხალხის „ჩამორჩენილობით“ და მასების „სიბნელით“ კი არა, კონკრეტული ფაქტორებით აიხსნება - მათ შორის საბჭოთა გამოცდილებით, ისევე როგორც ავტორიტეტის და გავლენის მქონე კულტურული და სასულიერო ელიტის ბევრი წარმომადგენლის პოპულიზმით. იმით, რომ რუსთაველის თეატრში შეკრებილი ელიტარული პუბლიკა პროტესტის გარეშე, სიცილ-ხორხოცით ხვდება რეჟისორის ქილიკს „კულტურით უკან მდგომი ზანგების“ შესახებ.

ამასთან დაპირისპირებას კი თანმიმდევრული, პრინციპული და სიღრმისეული მიდგომა სჭირდება. იმის ახსნა, რომ ქსენოფობიური განცხადებების კეთება სინამდვილეში ეროვნულობის სახელით ჩადენილი ანტი-ეროვნული აქტია, რადგან ბევრი ჯგუფის გაუცხოვებას და საზოგადოებაში განხეთქილებებს იწვევს; რომ უმცირესობების უფლებები უწინარესად იმიტომ კი არ უნდა დავიცვათ, რომ „ცივილიზებულები“ და „ლიბერალები“ გამოვჩნდეთ - არამედ იმიტომ, რომ ეს ჩვენივე ინტერესებში შედის, თუკი გვინდა, რომ ჰარმონიულ და ინტეგრირებულ გარემოში ვცხოვრობდეთ; რომ უმცირესობებს დიდი და წარუშლელი წვლილი აქვთ შეტანილი კულტურულ მემკვიდრეობაში, რომელსაც ეროვნულს ვუწოდებთ. მაგრამ ამ საკითხებზე - და, პრინციპში, არც სხვა მნიშვნელოვან თემებზე - ღია და სიღრმისეული დისკუსია არ მიმდინარეობს. ხელისუფლება და პრო-სახელისუფლო მედია პოლიტიკური და პოპკულტურული შოუებით, ოპტიმისტური ლოზუნგებით და დიდაქტიკური კლიშეებით არიან დაკავებული.

ისე, ახლა ამას კი ვწერ, მაგრამ თან ვფიქრობ, რომ დღეს, შესაძლოა, საქმეს ვეღარც „დისკუსიამ“ უშველოს. უკვე ძალიან ბევრი დაუსჯელი უსამართლობაა მომხდარი საიმისოდ, რომ ამჟამინდელ პოლიტიკურ კონტექსტში ადამიანის უფლებებისთვის და ღირსებისთვის ბრძოლამ დამაჯერებლობა არ დაკარგოს და მშრალ ლოზუნგებად, ან, სტურუას შემთხვევაში, პოლიტიკური ანგარიშსწორების იარაღად არ აღიქმებოდეს. ყოველგვარი დისკუსიის გარეშე, აშკარაზე აშკარაა, რომ ადამიანების ღირსების შელახვის ბრალდებით სტურუას განთავისუფლება და, მაგალითად, ქვეყნის მთელი მოსახლეობის აბუჩად ამგდები "მოდელირებული ქრონიკის" ავტორების დაუსჯელად დატოვება პარადოქსულ, ფარისევლურ და უსიამოვნო სურათს ქმნის. ხოლო არგუმენტი, რომ რუსთაველის თეატრი "სახელმწიფო დაფინანსებაზეა", იმედი კი "კერძო ტელეკომპანიას" წარმოადენს, არ მომწეროთ, მაინც არ გავიზიარებ.
  • 16x9 Image

    სალომე ასათიანი

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან. მუშაობს კულტურისა და პოლიტიკის თემებზე. არის ავტორი პოდკასტისა "ასათიანის კუთხე“, რომელიც ეხება ლიტერატურას, კინოს, მუსიკას, კულტურის ისტორიას, ფსიქოანალიზს, ფემინიზმის საკითხებს და იდეების ისტორიას.

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG