Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა აფერხებს რეპატრიაციის პროცესს


გიორგი ტუღუში
გიორგი ტუღუში
სახალხო დამცველის უკანასკნელ ანგარიშში ცალკე თავი ეთმობა მე-20 საუკუნის 40-იან წლებში საქართველოდან იძულებით გადასახლებულ პირთა რეპატრიაციის პროცესს, რომელიც 2012 წლამდე უნდა დასრულებულიყო. ომბუდსმენის შეშფოთებას იწვევს როგორც რეპატრიანტის სტატუსის მაძიებელთა აპლიკაციების განხილვის დაბალი ტემპი და მაჩვენებელი, ასევე კანონმდებლობაში არსებული ხარვეზები.

საქართველოს პარლამენტმა გასული საუკუნის 40-იან წლებში იძულებით გადასახლებულ პირთა რეპატრიაციის შესახებ კანონი 2007 წლის 11 ივლისს მიიღო. კანონმა დააწესა ვადა: 2010 წლის იანვარი, რომლის განმავლობაშიც რეპატრიანტის სტატუსის მოპოვების მსურველს საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრისათვის უნდა მიემართა, და 2012 წლის იანვარი, როდესაც რეპატრიაცია უნდა დასრულებულიყო, მაგრამ, როგორც სახალხო დამცველი გიორგი ტუღუში აცხადებს, პროცესი ხარვეზებით წარიმართა.

გიორგი ტუღუში იშველიებს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 2012 წლის 26 იანვრის საინფორმაციო ნოტას, რომლის თანახმადაც, საქართველოს მთავრობას დღემდე არა აქვს მესხების ღირსეული რეპატრიაციისათვის ჩამოყალიბებული სტრატეგია. ამასთან, ანგარიშიდან ირკვევა, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ჯერ კიდევ არ დაუსრულებია რეპატრიანტის სტატუსის მოპოვების მსურველთა განაცხადების განხილვა. ოფიციალური ინფორმაციით, სამინისტროს რეპატრიანტის სტატუსის მოპოვების თხოვნით 6 ათასამდე პირმა მიმართა, სამინისტრომ კი მხოლოდ 350-მდე აპლიკაცია განიხილა. იმის გასარკვევად, თუ რა აფერხებს რეპატრიანტის სტატუსის მაძიებელთა აპლიკაციების განხილვას, რადიო თავისუფლებამ სამინისტროს პრესსამსახურს მიმართა. საბოლოო ჯამში, სამინისტრომ კომენტარის გაკეთება არ ისურვა, რეპატრიაციის ხელშეწყობის საერთაშორისო ფონდის ხელმძღვანელმა თემურ ლომსაძემ კი რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ განხილვის პროცესს სტატუსის მაძიებელთა არასრულყოფილი აპლიკაციები აფერხებს:
საბუთები ბევრია! რთულია მათი მოპოვება. ჩემი აზრით, ამიტომაა დაბრუნების მსურველთა რაოდენობა მცირე ...
ისმაილ მოლიძე.

„სამწუხაროდ, სამინისტრომ არ გაამარტივა საბუთების ჩამონათვალი და ამის გამო განცხადებების დიდი ნაწილი არასრულყოფილი იყო. მისაღები აღმოჩნდა მხოლოდ 350 აპლიკაცია და მხოლოდ მათ მიენიჭებათ რეპატრიანტის სტატუსი.“

თემურ ლომსაძის ინფორმაციით, სამინისტრომ აპლიკაციების განხილვის ვადა რამდენიმე თვით გადასწია. შესაბამისად, რეპატრიანტის სტატუსის მაძიებლებს სტატუსის მიღების შანსი ჯერ ისევ აქვთ, მით უფრო, რომ რამდენიმე ერთეულით შემცირდა აუცილებელი დოკუმეენტების ჩამონათვალი, რომელიც, საქართველოს "თურქ მესხთა" საზოგადოება "ვათანის" თავმჯდომარის ისმაილ მოლიძის განცხადებით, ძირითადი შემაფერხებელი იყო:

„საბუთები ბევრია! რთულია მათი მოპოვება. ჩემი აზრით, ამიტომაა დაბრუნების მსურველთა რაოდენობა მცირე. საფრანგეთში ან გერმანიაში თუ მიდიხარ, მაქსიმუმ ხუთი საბუთი გჭირდება, აქ კი ოცდათორმეტ საბუთს გთხოვენ. ხომ არის განსხვავება?!“

ისმაილ მოლიძე და დაახლოებით 1500 დეპორტირებული მესხი სამშობლოში საკუთარი სახსრებით, არაორგანიზებულად დაბრუნდა. ცხადია, რეპატრიაციის მსურველი გაცილებით მეტია, თუმცა, როგორც სახალხო დამცველის ანგარიშშია ნათქვამი, პროცესს რამდენიმე სუბიექტური ფაქტორი აფერხებს. კერძოდ: რეპატრიანტის სტატუსის მოსაპოვებლად განაცხადის განხილვის ვადები არც ერთ დოკუმენტში განსაზღვრული არ არის. გარდა ამისა, რეპატრიანტის სტატუსის მაძიებელი პირები მოკლებულნი არიან სამართლებრივი დაცვის ეფექტურ მექანიზმს და, სტატუსთან დაკავშირებით გადაწყვეტილების გასაჩივრების კუთხით, მათ სასამართლოზე ხელი არ მიუწვდებათ. ასევე ირკვევა, რომ რეპატრიანტებისთვის არ არის გათვალისწინებული სტატუსიდან გამომდინარე რაიმე სოციალური დახმარების პროგრამები.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG