Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტატუსით დაბრუნებულები


თურქ მესხებსა და უზბეკებს შორის ეთნიკურ ნიადაგზე წარმოქმნილი დაპირისპირების შედეგად დანგრეული სახლები. ფერგანა, 1989 წლის ივნისი
თურქ მესხებსა და უზბეკებს შორის ეთნიკურ ნიადაგზე წარმოქმნილი დაპირისპირების შედეგად დანგრეული სახლები. ფერგანა, 1989 წლის ივნისი
ევროპის საბჭოს წინაშე აღებული ვალდებულებების მიხედვით, 2011 წელს უნდა დასრულდეს საბჭოთა პერიოდში დეპორტირებული მაჰმადიანი მესხებისათვის რეპატრიანტის სტატუსის მინიჭების პროცესი, თუმცა, ოფიციალური ინფორმაციით, საქართველოს ხელისუფლებამ ჯერჯერობით მხოლოდ 75 დეპორტირებულს მიანიჭა დაბრუნებულის სტატუსი. სულ საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილ სახელმწიფო კომისიას რეპატრიანტის სტატუსის მაძიებელმა 9 ათასამდე პირმა მიმართა. როგორ მიმდინარეობს დეპორტირებული მესხების რეპატრიაციის პროცესი?

ისმაილ მოლიძე, საქართველოს "თურქ მესხთა" საზოგადოება "ვათანის" თავმჯდომარე, სამშობლოში 1993 წელს დაბრუნდა. კანონის შესაბამისად, საქართველოს მოქალაქეობას ხუთი წელი ელოდა, თუმცა ნატურალიზაციის ხანგრძლივ პროცესზე უფრო რთული გადასალახი აღმოჩნდა ნეგატიური საზოგადოებრივი აზრი, რომელიც, ისმაილ მოლიძის თქმით, მაშინდელ საქართველოში დომინირებდა:

„საშინელება იყო! ახლა, მადლობა ღმერთს, სხვანაირად არის ხალხი განწყობილი ამ პროცესის მიმართ, უფრო დადებითად უყურებენ.“

თუმცა საზოგადოებრივივი აზრი მესხების რეპატრიაციის მიმართ დიდწილად დღესაც ნეგატიურია. საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა 2007 წელს, საქართველოს პარლამენტის მიერ „მე-20 საუკუნის 40-იან წლებში საქართველოდან იძულებით გადასახლებულ პირთა რეპატრიაციის შესახებ კანონის“ მიღების პარალელურად, საზოგადოებრვი აზრი გამოიკვლია, რის შედეგადაც აღმოჩნდა, რომ გამოკითხულთა მხოლოდ 16 პროცენტი იყო მესხთა რეპატრიაციის მომხრე. თუმცა, ამგვარი დამოკიდებულების მიუხედავად, ისმაილ მოლიძის მსგავსად, უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში არაორგანიზებულად, ანუ საკუთარი სახსრებითა და რისკით, საქართველოში 1500-მდე დეპორტირებული მესხი დაბრუნდა. რაც შეეხება ორგანიზებულ რეპატრიაციას, ამ გზაზე პირველი ნაბიჯი გადაიდგა 1999 წელს, როცა, ევროსაბჭოში გაწევრიანებისას, საქართველომ რეპატრიაციის საკანონმდებლო ბაზის მომზადების ვალდებულება აიღო. 2007 წელს საქართველომ, ამ ვალდებულებებიდან გამომდინარე, რეპატრიაციის შესახებ კანონი მიიღო. რადიო თავისუფლების არქივში შემონახულია კანონპროექტის ერთ-ერთი ავტორის, პავლე კუბლაშვილის, განმარტება:

„არანაირ ჩასახლებას ეს კანონპროექტი არ ითვალისწინებს! კანონპროექტი ითვალისწინებს ამ დეპორტირებულთა წრის დადგენას და ითვალისწინებს შესაძლებლობას, რომ საქართველოს სამთავრობო სტრუქტურებმა შეამოწმონ ის პირები, ვისაც ამ კანონის შესაბამისად შეუძლია მოითხოვოს რეპატრიანტის სტატუსი და რამდენად აკმაყოფილებენ ისინი კანონით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. ცხადია, მხოლოდ სურვილზე არ არის.“

თუმცა კანონით გათვალისწინებულმა მოთხოვნებმა და საჭირო საბუთების ნუსხამ დეპორტირებულთა დიდ ნაწილს რეპატრიაციის სურვილი დაუკარგა. ისმაილ მოლიძის თქმით, აუცილებელი საბუთების რაოდენობა სამათეულს აღწევს:

„საბუთები ბევრია! რთულია მათი მოპოვება. ჩემი აზრით, ამიტომაა დაბრუნების მსურველთა რაოდენობა მცირე. საფრანგეთში ან გერმანიაში თუ მიდიხარ, მაქსიმუმ ხუთი საბუთი გჭირდება, აქ კი ოცდათორმეტ საბუთს გთხოვენ. ხომ არის განსხვავება?“

არაოფიციალური მონაცემებით, სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრები დეპორტირებული მესხების რაოდენობა 350 ათასს აღწევს. ამ რიცხვის გათვალისწინებით, რეპატრიაციის ხელშეწყობის საერთაშორისო ფონდის ხელმძღვანელი თემურ ლომსაძე ამბობს, რომ სახელმწიფო კომისიაში შესული 6 ათასი განცხადება იმაზე მიუთითებს, რომ პროცესი ხარვეზებით წარიმართა და ამის მიზეზი მხოლოდ სუბიექტური ფაქტორი არ ყოფილა:

„2008 წლის აგვისტოს ომმა ძალიან ცუდად იმოქმედა რეპატრიაციის პროცესზე. უამრავი მსურველი იყო, მაგრამ ბევრმა თავი შეიკავა. ის, რაც დღეს ხდება, ანუ ის, რომ 6 ათასიდან მხოლოდ 75-ს მიენიჭა სტატუსი, მეტყველებს იმაზე, რომ პროცესი ხარვეზით მიმდინარეობს.“

კანონის მიხედვით, რეპატრიანტის სტატუსის მინიჭების პროცესი 2011 წელს უნდა დასრულდეს, თუმცა დეპორტირებული მესხებისა და სპეციალისტების ნაწილი მიიჩნევს, რომ ვადის გადაწევის შემთხვევაში სამშობლოში დაბრუნებას გაცილებით მეტი მაჰმადიანი მესხი შეძლებს. რეპატრიანტის სტატუსის მინიჭება მათ მოქალაქეობის გამარტივებული წესით მიღების საშუალებას მისცემს.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG