Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კონსაკრალური სასწავლებელი


გაჩნდა ეჭვი, რომ მთავრობა და კერძოდ - საქ. კულტურის სამინისტრო მორიგი ბრძნული გადაწყვეტილების წინაშე დგას: მართალია, საქართველოს გაერთიანება ვერ მოხერხდა, მაგრამ სამაგიეროდ კონსერვატორია, სამხატვრო აკადემია და თეატრალური უნივერსიტეტი შეუერთდებიან ერთმანეთს.

ეს კი იმას ნიშნავს, რომ ამიერიდან შიშველ ნატურას დასარტყამ ინსტრუმენტზე შესვამენ და თან აიძულებენ, რაიმე მონოლოგიც წარმოთქვას... მომავალ (პირობით) ყოფილ მსახიობ გ. როინიშვილს აწი ფუნჯით ხელში მოუწევს საოპერო არიების შესრულება: "ვაიმე, მარო..." ან "იცინე, ჯამბაზო!"

შესაბამისად, ჩვენ მეტად სასიამოვნო არტ-მუტანტს მივიღებთ ამ გაერთიანებით: არსებას დიეტისშემგომი ნიკოლოზ რაჭველის ღიმილით, ზურაბ წერეთლის ლექსიკით ("ზდეს იცურავებს კვატ, ტამ იცურავებს ბატ") და დიდი ოთარ კობერიძის ტიკებით.

შესაძლებელია ასეთი ვარიანტიც: ხსენებული გ. როინიშვილის ზედატანი, ანანიაშვილის ტორსი და მერაბ ბერძენიშვილის სააკაძისეული ცხენის ქვედა ბოლო. ვფიქრობ, დიდებულია!

ასეთ არტ-ემბრიონს შესაფერისი სახელიც ექნებოდა: ლაზიკური ოდეტტა...

გამოითქვა აზრი, რომ გაერთიანების შემდეგ ამ დაწესებულებებს ახალი აეროპორტის სახურავზე განათავსებენ - დაჰბერავს ქარი და მათთვის ფულის გამოყოფაც აღარ გახდება საჭირო ბიუჯეტიდან (მოგეხსენებათ, იყო შემთხვევები, როცა ქარბუქის დროს მგზავრები სახურავით მიფრინავდნენ თბილისიდან და არა ტრადიციული წესით - თვითმფრინავით; სახურავი - თბილისი-სტამბული, სახურავი - თბილისი-დუშანბე...). ხოდა, გასწი, იფრინე ლაღად, სააკაძის ცხენო, დეპუტატო გიავ და შენც, ზუმბავ, ფოლკ-მუსიკის ღვთაებავ...

რა უნდა ქალაქის ცენტრში კონსაკრალურ სასწავლებელს (გათითოკაცების შემდეგ სწორედ ასე უწოდობენ კონსერვატორიას, აკადემიასა და თეატრალურს); აგერ, პარლამენტი რომ პარლამენტია, ისიც კი ქუთაისში გადავა თავის ელდარ კვერნაძიან-შუშის მიშაიანად და რა დაშავდება, ესეც რომ სადმე გადავტყორცნოთ... მაგალითად, უშგულში. ევროპის ყველაზე მაღალი წერტილია, ბოლოს და ბოლოს... სიმაღლე არაა, რომელსაც ქართული ნეო-არტ-ვეშაპი ვერ შეწვდება! ყველგან ავაგორებთ თაბაშირის კვერცხებს, გიგანტურ ველოსიპედებსა და ხაშურულ კიბესახიფათო პოლიციის შენობებს!

მომეცი ჩემი სიწმინდე

გრძელდება დაბრუნებათა დიდი ეპოპეა! საქართველოს უბრუნდება იერუსალიმის "ჯვრის მონასტერი"! ასე გადაწყდა: მას ჩვენს ახალაშენებულ "შანგრილაში" ცვლიან... "შანგრილას" წინამძღვრად კი აგრესიულ დეპუპატ-ორთოქსს, მამა ელდარ კვენაძეს აგზავნიან (დასახელებული იყო იღუმენ-ჩერქეზმფარველთ ნეტარის, ნუგზარიუს წიკლაურის კანდიდატურაც)!

ჩვენი პარლამენტის სპიკერის ღრმად დიპლომატიურმა ფრაზამ ბერძნების შესახებ (შეგახსენებთ, ეს კაცი ისტორიაში თავისი უკვდავი სიტყვებით შევიდა: "დაიცავით თავი ჩანგლებით, წალდებით, წალდუნიებითა და "ფენებით" - თმის საშრობებით ანუ), თითქოს მთელი საქართველო გამოაფხიზლა და, უპირველეს ყოვლისა, ჩვენი პრეზიდენტი... "ღირსეულ გარემარბად" წოდებული ერის მიერ!
მას იმდენად აღარ აღელვებს რეალობა, რომ "ჯვრის მონასტრის" თაობაზე არც ბერძნებს შეთანხმებია და არც ისრაელის მთავრობას - ის უკვე ზეციური საქართველოს პრეზიდენტიცაა და, უკაცრავად, სულ ფეხებზე ჰკიდია მიწიერი შეთანხმებები... აქტიურ ანგელოზთა ქვეკომისია (გასხივოსნებული ფრიდონ თოდუას ხელმძღვანელობით) სულ ახლახანს შეხვდა ბიბლიურ დავითს და მონასტრის გადმოცემის გარანტიით დაუბრუნდა მშობლიურ საჰაერო სივრცეს.

ასე რომ, არანაირი სკეპტიკური "აბაბაბ" თუ "ბაბაბაბ", ახლა უკვე ყველაფერი დღესავითაა ნათელი!
  • 16x9 Image

    ლაშა ბუღაძე

    ლაშა ბუღაძე არის რადიო თავისუფლების ბლოგერი 2010 წლიდან.

XS
SM
MD
LG