Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თაობის ჩანაწერები


დღეს ერთდროულად სამ გამოცემაზე მინდა ვისაუბრო, დღიურებისა და ჩანაწერების სამ წიგნზე, რომელთა ავტორებიც ერთ თაობას ეკუთვნიან, მაგრამ მაინც ბევრი რამ განასხვავებთ ერთმანეთისგან. ტარიელ ჭანტურიასა და ვახტანგ ჯავახაძეს მეტი აქვთ საერთო, ისინი ახლო მეგობრებიც არიან და ხშირად თემებიც საერთო აქვთ, ხოლო რაც შეეხება გურამ რჩეულიშვილს, მისი ჩანაწერები ძალიან განსხვავდება თანამედროვეებისგან. სამივე წიგნი გამომცემლობა “ინტელექტმა” გამოსცა თავის სერიაში. ორი მათგანი, ტარიელ ჭანტურიას “დინოზავრიდან დიზაინამდე” და გურამ რჩეულიშვილის დღიურები, ადრეც ვიცოდით, ვახტანგ ჯავახაძის მცირე ტექსტები კი წიგნად პირველად გამოვიდა.

რა არის მთავარი განსხვავება ამ წიგნებს შორის? ის, რომ გურამ რჩეულიშვილმა გაცილებით ადრე დაიწყო დღიურების წერა და მისი ფრაგმენტები უფრო ადრეა ჩანიშნული, ვიდრე ტარიელ ჭანტურიასა და ვახტანგ ჯავახაძის დაკვირვებები. გურამ რჩეულიშვილი თავის დღიურებში ხედვას იყალიბებს, წერას სწავლობს, ყველაფერს აკვირდება, ჭვრეტს. ვახტანგ ჯავახაძე და ტარიელ ჭანტურია კი ჩანაწერებში უკვე გამოცდილ, გამობრძმედილ ავტორებად წარმოგვიდგებიან. გურამ რჩეულიშვილი ამ ტექსტებში ყმაწვილია და უფრო მეტად თავის თავზე გვიამბობს, ასაკოვანი პოეტების კალამი კი სხვებისთვისაც იცლის, პორტრეტებით და ანეკდოტებით დაწყებული - მასმედიის კრიტიკით და პოლიტიკური ანალიზით დამთავრებული.

გურამ რჩეულიშვილის ჩანაწერები სულ 4 წელიწადს მოიცავს, 1956 - 1960 წლებს, და ყველაზე საინტერესო და გულახდილი ახალგაზრდა მწერალი სწორედ მაშინაა, როდესაც საკუთარ თავზე გვიამბობს. იგი ამბობს, რომ თავს უფლებას აძლევს ზომაზე მეტი სვას, იჩხუბოს, ირბინოს, იყვიროს, თუმცა იქვე დასძენს, რომ წმინდა კანონებიც აქვს – ზრდილია უფროსებთან, ქალიშვილებთან, ბოზებთანაც. აღიარებს, იმიტომ იქცევა გამომწვევად და ზედმეტად თავისუფლად, რომ სწორედ თავისუფლად მოქცევა უჭირს ყველაზე მეტად. სხვა ფრაგმენტში თავის დაჭერაზე საუბრობს და გაკვირვებული კითხულობს, “როგორ უნდა დავიჭირო თავი ისე, როგორც უფრო პატივსაცემმა, როგორ უნდა გავხდე ღიპიანი მწერალი და თავდაჭერილი მოქალაქე?”

მწერალმა ბექა ქურხულმა სწორედ ამ კუთხით დაახასიათა გურამ რჩეულიშვილი:

“ძალიან გულისამაჩუყებელია თვითონ ეს ჩანაწერები. აქ ძალიან პირად, ძალიან ბიჭურ ამბებს ჰყვება. მაგალითად, მოსკოვის ამბებს. ძალიან საინტერესოა მამის წერილი, მამას რომ სწერს, რომ აღარ ეწევა... თან ახალგაზრდობას, როგორც ჩანს, საოცარი სილაღე და თავისუფლება მოაქვს, საკუთარი თავის ძიება, ამბოხები, დაწყებული 1956 წელს ლენინის ძეგლისთვის ორლულიანი თოფის სროლით, - ბატონი ვაჟა (გიგაშვილი) ამბობს, რომ ჩემი თოფი იყოო, – დამთავრებული რაღაც უცნაური სიბრძნეებით, რომელიც, ერთი მხრივ, თითქოს მოულოდნელი უნდა იყოს ახალგაზრდა კაცისთვის, მაგრამ ამ ახალგაზრდობას ისეთი მუხტი მოაქვს, რომ, პირიქით, უფრო ბუნებრივია”.

გურამ რჩეულიშვილი ძალზე ზუსტად ხედავს საკუთარ შემოქმედებასაც, სხვისი შეფასებების მართებულობას თუ სწორხაზოვნებას. იგი ერთგან იხსენებს ვახტანგ ჭელიძის შენიშვნას იმის შესახებ, რომ არასასიამოვნო თემებზე წერს ცუდი ენით. ცნობილ რედაქტორს და მთარგმნელს რეზო ინანიშვილის ენა მოჰყავდა სანიმუშოდ, ასეთი შედარებები კი ძალიან არ მოსწონდა გურამს: “მე ცუდი ენა მაქვს! სწორია, ოღონდ საქმე იმაშია, რომ ჩემი დროის საქართველოსთვის სწორედ ეს ცუდი ენა არის ნამდვილი ენა...” იქვე არჩილ სულაკაურსაც ახსენებს გურამ რჩეულიშვილი: “ისე, ვერ შეაგინებ მის მოთხრობებს, ისევე როგორც ფრიადოსან მოსწავლეს კლასში, რომელიც ჭეშმარიტად ნიჭიერ მოწაფეებს მხოლოდ ნერვებს უშლის...”

გურამ რჩეულიშვილის ჩანაწერებით ბევრი იმდროინდელი რეალიის თუ დეტალის გახსენება და აღდგენა შეიძლება. აქაა იმდროინდელი სლენგი, წეს-ჩვეულებები და, რაც მთავარია, თავად გურამის დაკვირვებები.

ვახტანგ ჯავახაძის წიგნს ძალზე მრავლისმეტყველი სახელწოდება აქვს - “ლექსიდან - ლექსამდე”, რაც იმაზე მიუთითებს, რომ წიგნის ავტორი, პირველ რიგში, პოეტია და იგი სწორედ ასეთ შუალედებში ინიშნავდა ამ მცირე ტექსტებს. ერთგან ამბობს, “დღიურებს უმეტეს წილად ღამით წერენ. ამიტომ ღამეურები უნდა ერქვას და არა დღიურებიო”.
ვახტანგ ჯავახაძე
ვახტანგ ჯავახაძე
წიგნში ძალიან ბევრ საინტერესო დაკვირვებას, შესანიშნავ ისტორიასა თუ კალამბურს შეხვდებით. მაგალითად, ერთგან ავტორი წერს, რომ ეგვიპტეში წასვლამდე მოშვებულ ონკანს საერთოდ ვერ ამჩნევდა თურმე, ხოლო მას შემდეგ, რაც ნახა, თუ როგორ უფრთხილდებოდნენ იქ წყალს, მოშვებული ონკანი მისთვის ტანჯვად იქცა. “წყაროსაც კი ვერ ვუყურებ გულგრილად”, წერს ავტორი. ანდა ეს ჩანაწერი ნახეთ: “რამდენიმე დღეა, მარცხენა ყურში არ მესმის. ჭკვიან კაცს მარჯვენა ყურს მივაპყრობ და ისე ვუსმენ, სხვებს – მარცხენას. ვერთობი, რა!”

წიგნში ძალიან ბევრი მოგონებაა ანა კალანდაძეზე, პირადი ცხოვრება, დაკვირვებები მის პოეზიაზე. ასევე მოგონებები ქვიშხეთზე, თანამედროვეების და მეგობრების მცირე პორტრეტები, ერთი მონასმით შესრულებული. მაგალითად, თამაზ ჩხენკელზე: “ტაქსიდან მკვირცხლად გადმოხტა მამაკაცი და ჩემსკენ გამოემართა. მოაბიჯებდა და ძალიან ჰგავდა ახალგაზრდა თამაზ ჩხენკელს. მომიახლოვდა და თამაზ ჩხენკელი აღმოჩნდა, ოთხმოცი წლის თამაზ ჩხენკელი.”
შედევრია ფრაგმენტი ტყემალზე. მეუღლის თხოვნით პოეტი ტყემლის საყიდლად წავიდა დეზერტირებში. ტყემალი ვერსად იშოვა, ბოლოს მიასწავლეს ვინმე გია, შავი ტყემალი უნდა ჰქონდესო, და მითითებულ ადგილას რომ მივიდა, მართლაც დახვდა შავ-წითელი ტყემლით სავსე ორი ყუთი. გამყიდველი გია არსად ჩანდა, ყუთებს კი სარეკლამო წარწერები ჰქონდა, მუყაოზე წარწერილი: ერთს - “უკანასკნელი გაელვება”, მეორეს - “მსოფლიოს მეცხრე საოცრება”.

ვახტანგ ჯავახაძე რამდენიმეჯერ ტარიელ ჭანტურიასაც ახსენებს, თავის მეგობარს, ვის “დინოზავრიდან დიზაინამდესაც” აგერ უკვე 2 ათეულ წელზე მეტი ხანია ვკითხულობთ და რომლის ბოლო გამოცემაზე საუბრით მინდა სიუჟეტი დავასრულო. სხვათა შორის, ვალში არც ტარიელ ჭანტურია რჩება, ისიც ახსენებს თავის მეგობარს, ვახტანგ ჯავახაძეს, თუმცა მათ კიდევ სხვა რამეც აერთიანებთ – ისინი, ორივენი, ხშირად ახსენებენ გივი გეგეჭკორს, შესანიშნავ ქართველ პოეტსა და მთარგმნელს.
ტარიელ ჭანტურიას სხარტი, მახვილგონივრული და ბასრი ჩანაწერები ბევრმა უკვე კარგად იცის. ეს ტექსტები ხანდახან მისი ლექსების გაგრძელებაა, ხანდახან კი სრულიად დამოუკიდებელ ჟანრად წარმოგვიდგება. აქ ბევრია პოლემიკური შენიშვნა, ზოგჯერ ძალზე მწვავეც, ხშირად კი ავტორი მელანქოლიურია. სათაურიც კი გვეუბნება, რომ ავტორს ფართო თვალსაწიერი აქვს მონიშნული - მსოფლიო პოეზია, მხატვრობა, მუსიკა, სპორტი, პოლიტიკა, თუმცა ძალზე კერძო ამბებსაც შეხვდებით აქ.

ბოლოს, მინდა ორი ფრაგმენტით დავასრულო გადაცემა. ორივე პოეზიას ეხება და ორივე შესანიშნავად წარმოგვიდგენს ტარიელ ჭანტურიას ენის სიმახვილეს:

“პწკარედი – ესაა ლექსი, რომელიც დააძინეს ტრანსპლანტაციის წინ...” “კარგი რეფრენი დელიკატესივითაა – გასინჯავ, მოგეწონება, კიდევ გადაიღებ, კიდევ... კიდევ...”
XS
SM
MD
LG