Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საშუალო სკოლის პარლამენტის პედსაბჭოს წერილი მოსწ. მ. სააკაშვილის მშობლებს


ჩვენ, საშუალო სკოლის პარლამენტის პედსაბჭომ, მოვალედ ჩავთვალეთ თავი, უშუალოდ მოგვემართა თქვენთვის - მოსწავლე მ. სააკაშვილის მშობლებისათვის, რადგან ვინ-ვინ და სწორედ თქვენ უწყით, თუ რა რთული მოსავლელ-აღსაზრდელიცაა ეს ბავშვი!

პირდაპირ უნდა გითხრათ, რომ საშინლად მოიქცა ბოლო გაკვეთილზე! ამას უკვე ცელქობა და თავგასულობაც აღარ ერქვა - მთელი სკოლა ფეხზე იდგა, ოთხი საათის განმავლობაში ვერ გავაჩერეთ...

ზრდილობის მხრივ რომ პრობლემები აქვს, ამის შესახებ, დამეთანხმებით, ბევრჯერ გვისაუბრია მშობელთა კრებაზე, მაგრამ ის, რაც ორიოდე დღის წინ ჩაიდინა, ვფიქრობთ, ყველანაირ ზღვარს სცდება! არ მოერიდა არც სკოლის საკურთხევლად მოსულ მამაოს, არც უცხოელ პედაგოგთა ჯგუფს და არც თვით განათლების მინისტრს, რომელმაც გულწრფელად გვითხრა - რა არ მინახავს, მაგრამ ასეთ რთულ შემთხვევასთან პირველად მაქვს საქმეო...

ნუ, არა ტაქტი, არა ქცევა, არა ნორმალური სიტყვა-პასუხი... გა-გვა-გი-ჟა!

საერთოდ აღარ ანაღვლებს ნიშნები და მოსწრება, მარტო ის უნდა, თავისი საეჭვო ძმაკაცები ართოს და იმათთან ერთად იღლაბუცოს!

წლებია მეგობრობს სკოლის "შავ სიაში" შეყვანილ მოძველბიჭო ელემენტებთან... იგივე კეზოსთან, მაგალითად, ცისკარასთან (ქერა ბიჭია, გემახსოვრებათ), გაღლეტილ მერაბჩიკასთან და ე. წ. ძია ელდარასთან, რომელიც უკვე მრავალი წელია მეხუთე კლასშია ჩარჩენილი... ვფიქრობთ, ეს ვაიმოსწავლეები უაღრესად მავნე ზეგავლენას ახდენენ მასზე! მართალია, თავად სულ იმას იფიცება, არ ვძველბიჭობო, მაგრამ რა ჰქვია მის ქცევას, თუ არა ძველბიჭობა? ჩაგრავს უმცროსებს, ებღლარძუნება წარჩინებულ მოსწავლე-გოგონებს, ტუალეტში კეტავს მასზე მიჩენილ მანდატურებს და, რაც მთავარია, აკვიატებული აქვს, რომ არასდროს არ უნდა დაამთავროს სკოლა... აქ ჩარჩენას აპირებს ე.წ. ძია ელდარასავით!

ვეკითხებით: "კიდევ რამდენ ხანს უნდა იყო სკოლაში? წელი? ორი წელი? ათი?" რაზეც ჩვეული აგდებულობით გვპასუხობს: "აბაბაბ, რამდენიც მინდა!"

შეგახსენებთ, ჩვენ ადრეც გვყავდა ასეთი "ჩარჩენილი" მოსწავლე - გურიიდან ჩამოსული გადასარევი ყმაწვილი, მაგრამ, ნუ, ოცდაათ წელზე მეტი დაყო სკოლაში და მერე ფაქტობრივად ძალით დავატოვებინეთ აქაურობა... ჰოდა, ძალიან არ გვინდა, თქვენს ბავშვსაც იგივე დაემართოს - ფაქტია, ისედაც მყიფე ფსიქიკა აქვს და წლებით ჩარჩენა სულ მთლად გაადეგრადირებს... ბავშვის გაფუჭებას რა უნდა!

ახლა ქცევა:

სკამზე ვერ ჩერდება, სულ ცქმუტავს (ზოოლოგის მასწავლებელს, ბატონ ჯონდოს სულ ლანძღვა-გინებით წამოუხტა შუა გაკვეთილზე და მამასთან დასარეკად გაიქცა... თვითონ ასე თქვა, ყოველ შემთხვევაში), ხელებს ვერ აჩერებს, გამოსცემს უცნაურ და პროვოკაციულ ბგერებს, დროის გაყვანის მიზნით ეკამათება ყველაზე არაკონფლიქტურ და მის მიმართ კეთილგანწყობილ მასწავლებლებს (მაგალითად, მართლაც თხემით ტერფამდე ქრისტიან-დემოკრატ პედაგოგს, ბატონ ბარამ გიორგაძეს), თავის ჭკუაზე დაჰყავს ინტელექტუალურად ძნელად განვითარებადი (ან შეიძლება ითქვას, ფაქტობრივად განუვითარებელი) თანაკლასელები: იგივე ე.წ. ძია ელდარა და სხვები, რომელთა სახელებიც არაფერს გეტყვით, მათ ჩვენც არ ვიცნობთ წესიერად...

დასჩემდა ნერვიული ტიკიც: აბ-აბ-აბ-აბ-აბ (თუ ბაბაბაბაბ), რასაც, ვფიქრობთ, უდაოდ უნდა მიექცეს მედიკოსთა ყურადღება! ბავშვს ვერ ვაჩერებთ, არტილერისტივით ისვრის ამ ყოვლად მიუღებელ ბ-ებს...

თან ცოდოა, კაცო... ვხედავთ, აშკარად რაღაცის თქმას ცდილობს და არ გამოუდის... ჰოდა, რომ არ გვესმის, მერე აგრესიულიც ხდება.

გეუბნებით - ვერ დავამშვიდეთ! კინაღამ კვერთხი ჩაჰკრა მამაომ...

სულ ტრაბახობს, ბაქიბუქობს, იმუქრება...

გეკითხებით: რომელი ნორმალური სკოლა აიტანს ასეთს კიდევ ათი წლით?!

ძალიან ბევრი თავისუფალი დრო აქვს... მიაქციეთ ამას ყურადღება! ღამეებს ათენებს, უსმენს უაღრესად საეჭვო საესტრადო მუსიკას, სულ ქუჩაშია... არ იცის, სად გახარჯოს ენერგია!

ამიტომაც, გთხოვთ: შეიყვანეთ ცეკვაზე, ასწავლეთ ციგურებზე სრიალი (შევატყვეთ, მოსწონს), ატარეთ ცურვაზე, განარიდეთ მავნე სამეგობრო წრეს, თორემ გპირდებით - სამარცხვინოდ გავარდება სკოლიდან!

პედსაბჭო
  • 16x9 Image

    ლაშა ბუღაძე

    ლაშა ბუღაძე არის რადიო თავისუფლების ბლოგერი 2010 წლიდან.

XS
SM
MD
LG