Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ან სექსი ან პოლიტიკა


იმ პირებს, რომელთაც ამიერიდან პოლიტიკაში მოუნდებათ წასვლა, წინასწარი კონსულტაციის გავლა მოუწევთ სექსოპათოლოგთან.

სავალდებულო იქნება მცირე კითხვარის შევსებაც, რომელსაც შესაბამისი სამედიცინო კომისია გადაამოწმებს.

პოლიტიკოსებმა შემდეგი საბუთები უნდა წარმოადგინონ:

1. ცოლის\ქმრის ფიზიოანატომიური კომენტარი\დახასიათება;
2. ლიბიდო - CV;
3. ყოფილ\ამჟამინდელ სექსუალურ პარტნიორთა ე.წ. შავი სია;
4. დედის დახასიათება;
5. სატელეფონო მესიჯთა უკანასკნელი ექვსი თვის ამონაწერი;
6. ნოტარიუსის მიერ დამოწმებული ექიმის ცნობა, რომ გარდატეხის ასაკიდან ოფიციალურად ხართ ან არ ხართ გამოსული (ასაკს მნიშვნელობა არა აქვს).

ანონიმურობა დაცული არ იქნება!

პოლიტიკოსებს სულ 10 შეკითხვისთვის მოუწევთ პასუხის გაცემა:

1. რა ასაკიდან (და რატომ) დაიწყეთ სექსუალური ცხოვრება?
2. გქონდათ თუ არა მუდმივი დაუკმაყოფილებლობის განცდა ყმაწვილკაცობაში? (იხ. სექსუალური რევანშის სურვილი ზრდასრულობაში)
3. საშუალოდ რამდენჯერ გინდებათ სექსი მავანთან (ხუთ წელიწადში ერთხელ, კვარტალურად, სეზონურად, ბუნიობისას, სავსემთვარობისას, პოსტსამარხვო პერიოდებში, უქმეებზე, წლისთავებზე, ყოველდღე, დილა-საღამოს, საათობრივად თუ ყოველწამიერად)?
4. აქვს თუ არა თქვენთვის მნიშვნელობა პოლიტიკური პარტნიორის სქესს, ასაკს, გარეგნობასა და ტანწყობას?
5. არის თუ არა ვინმე, ვინც ნოტარიალურად დაადასტურებს თქვენს მონოგამიურობას?
6. რა ასაკში შეწყვიტეთ (თუკი შეწყვიტეთ) ონანირება? ჩანართი: სიხარულით ონანირებთ თუ მელანქოლიურად? ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.
7. ისარგებლებთ თუ არა ოფიციალური მივლინებების დროს მსუბუქ. ყოფ. ქალ.\ჟიგოლოს შეწევნა-დახმარებით? გახარჯავთ თუ არა მათზე თქვენი სამივლინებო ხარჯის ნაწილს? თუ კი, მაქსიმუმ, რამდენს?
8. გიმკურნალიათ თუ არა ვენერიული დაავადებები? თუ კი, სად (აკრძალული ქვეყნები: რუსეთი, ნაურუ, ნიკარაგუა, ვენესუალა)?
9. რა მუსიკას ეტრფით? მოგწონთ თუ არა ესტრადა?
10. შეძლებთ თუ არა ხუთი წელი (ორი ვადის შემთხვევაში, ათი წელი) რევ-მართალივით ასკეტურ ცხოვრებას? თუ არა - ახსენით, რატომ; თუ კი - როგორ.

თუკი გაქვთ ინფორმაცია, რომ ესა და ეს პოლიტიკური პირი ზღვარგადასულ ფიზიოსიმსუნაგეს ამჟღავნებს და ქრონიკული დაუკმაყოფილებლობით ხასიათდება (ქალაქის ცენტრალურ ან პერიფერიულ უბნებში, რაიონში თუ რაიონს გარეთ), გთხოვთ, დაუყოვნებლივ აცნობოთ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს. რისკზე წასვლა ნამდვილად ა{ღა}რ ღირს.
  • 16x9 Image

    ლაშა ბუღაძე

    ლაშა ბუღაძე არის რადიო თავისუფლების ბლოგერი 2010 წლიდან.

XS
SM
MD
LG