Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

ორგანიზაციები ვაკანსიების დროს ახალგაზრდა გამოცდილ კადრებს ითხოვენ


ახალქალაქი
ახალქალაქი
დასაქმების მსურველები ახალციხეში როგორც ხელისუფლებას, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს ხშირად აკითხავენ. საქართველოს სამხრეთით მოსახლეობისთვის ყველაზე მთავარ პრობლემად დღემდე დასაქმება რჩება. რას ითხოვს დაუსაქმებელი მოსახლეობა და რას ჰპირდება მათ ხელისუფლება?

განხორციელებული პროექტების მიუხედავად, ახალციხეში უმუშევრობის პრობლემა მაინც მნიშვნელოვანია. მოსახლეობის ძირითადი ნაწილი ამბობს, რომ გამოცხადებული ვაკანსიების დროს ორგანიზაციები, როგორც წესი, ახალგაზრდა და გამოცდილ კადრებს ითხოვენ, რის გამოც სამსახურის მოძიება ყველასთვის ხელმისაწვდომი არ არის.

არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ახალციხის ახალგაზრდულ ცენტრში“ ამბობენ, რაბათში მიმდინარე სამუშაოებმა აჩვენა, რომ თუნდაც ხელოსნის პროფესიონალიზმი მოთხოვნილ სტანდარტებს არ შეესაბამებაო. ცენტრის ხელმძღვანელის მაკა სუდაძის განცხადებით, ეს კარგად ესმით ახალგაზრდებს და ამიტომ მათ თხოვნით მიმართეს ადგილობრივ ხელისუფლებას და გაზაფხულიდან ისინი რაბათის სარეაბილიტაციო საქმიანობაში მოხალისეებად იმუშავებენ.

დასაქმების პრობლემა რომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანია მოსახლეობისთვის, კარგად იციან სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში. ადმინისტრაციის მთავარი სპეციალისტი ია გოგატიშვილი განმარტავს, რომ რეგიონში მიმდინარე პროექტებიდან ყველაზე მნიშვნელოვანი სამცხე-ჯავახეთისთვის სოფლის მეურნეობის სფეროში მიმდინარე პროგრამებია.

მესამე სექტორში განმარტავენ, რომ ბოლო პერიოდში მოსახლეობა მხოლოდ საჯარო სამსახურებში დასაქმების სურვილს აღარ გამოხატავს. ახალციხელების გარკვეული ნაწილი სახელობო სასწავლებლებს მიმართავს და სტაჟირების გავლას სხვადასხვა დარგის ხელოსნებთანაც არჩევს.
XS
SM
MD
LG