Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის საარჩევნო ადმინისტრაციის ყოფილი წევრი გაყალბების ტექნოლოგიებზე საუბრობს


რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისია
რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისია
რუსეთის საარჩევნო ადმინისტრაციის უკვე ყოფილი წარმომადგენელი საჯაროდ აღიარებს, რომ 4 დეკემბრის საპარლამენტო არჩევნების დროს მისგან შედეგების გაყალბებას მოითხოვდნენ.

ირინა კოლპაკოვა ქალაქ სამარაში ხელმძღვანელობდა ერთ-ერთ საარჩევნო უბანს. მისი აღიარების შემცველი ვიდეო, რომელიც „იუთუბზე“ განთავსდა, 25 წუთს გრძელდება და ის უკვე 100,000-ზე მეტმა ინტერნეტის მომხმარებელმა ნახა: „2011 წლის არჩევნების შედეგმა ჩემს ოლქში აჩვენა, რომ კომუნისტურმა პარტიამ "ერთიან რუსეთს" დიდი სხვაობით მოუგო. სხვაობა 100 ხმაზე მეტი იყო. კომუნისტური პარტია გამოკვეთილი ლიდერი იყო. იძულებული ვიყავი უარი მეთქვა წინადადებაზე არჩევნების შედეგში რაიმე ფორმით შესწორება შემეტანა.“

კოლპაკოვას აღიარების ფონია რუსეთის მედიაში გავრცელებული ცნობები, რომ ქვეყნის მასშტაბით საარჩევნო კომისიის წარმომადგენლებს აფრთხილებენ ყველაფერი გააკეთონ საიმისოდ, რომ 4 მარტის საპრეზიდენტო არჩევნებში ვლადიმირ პუტინმა პირველივე ტურში გაიმარჯვოს.

კოლპაკოვა ჰყვება, რომ თავისი უბნიდან 4 დეკემბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგების ჩაბარების შემდეგ, რომელშიც კომუნისტებმა 356 ხმა მოაგროვეს და გაუსწრეს 232 ხმის მფლობელ „ერთიან რუსეთს“, ის ადგილობრივი ადმინისტრაციის შენობაში გამოიძახეს. მასთან ერთად იმ სხვა საარჩევნო უბნების ხელმძღვანელებიც იყვნენ დაბარებული, სადაც „ერთიანმა რუსეთმა“ სასურველი შედეგი ვერ აჩვენა, და მონაცემები უნდა ჩასწორებულიყო. თუმცა კოლპაკოვა ამ წინადადებაზე არ დათანხმდა: „ჩვენი იქ ვიზიტი არ დამთავრდა იმ შედეგით, რომელსაც ელოდნენ. ამის გაკეთება, უბრალოდ, ვერ შევძელი. არ შემეძლო.“

კოლპაკოვას თქმით, ამ ამბის შემდეგ მას აეკრძალა 4 მარტის საპრეზიდენტო არჩევნებზე მუშაობა.

იმის დადგენა, მაჩვენებელი რამდენი უბნის ხელმძღვანელმა შეცვალა, შეუძლებელია.

პუტინის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა კოლპაკოვას ცნობები უარყო - „ინტერფაქსის“ მიერ გავრცელებულ ცნობაში პესკოვი კოლპაკოვას მონათხრობს გაუგებარს და „პროვოკაციას“ უწოდებს.

კოლპაკოვას მიერ მოწოდებული ინფორმაციის სხვა წყაროსთან გადამოწმება არ ხერხდება, მაგრამ თუ ეს ამბავი სიმართლეს შეესაბამება, მისი მონათხრობი კარგად წარმოაჩენს იმ მექანიზმს, რომელიც რუსეთში არჩევნების გაყალბებისას მოქმედებს. პროცესი მთავრობის შენობებში, დახურულ კარს მიღმა ხდება - არჩევნებზე დამკვირვებელთა მზერისგან მოშორებით.

იმ ფართოდ გავრცელებული ვიდეოების მსგავსად, რომელიც დეკემბრის არჩევნებში ე.წ. „კარუსელს“ წარმოაჩენს, ანუ ინდივიდების ავტობუსებით ტარებას უბნიდან უბანზე ხმის მისაცემად, კოლპაკოვას მონათხრობი მნიშვნელოვან ცნობებს გვაწვდის იმის შესახებ, მაინც როგორ მართავს რუსეთი თავის „მართულ დემოკრატიას“ - თანაც არჩევნების დღეს.

რუსეთის მედიას მსგავს ცნობებს კომისიების სხვა წარმომადგენლებიც აწვდიან. მაგალითად, ინტერნეტგამოცემა gazeta.ru-მ 9 თებერვალს გამოაქვეყნა სანკტ-პეტერბურგის საარჩევნო კომისიის მუშაკის, ტატიანა ივანოვას მონათხრობი, რომ „ერთიანი რუსეთისთვის“ დახმარების აღმოჩენის სანაცვლოდ მას 70,000 რუბლი შესთავაზეს. ივანოვა ამბობს, რომ წინადადებაზე უარი თქვა და ამის გამო სამსახურიდან დაითხოვეს.

ვიდეოში კოლპაკოვა ამბობს, ვიცი, რომ ახლა ჩემს ყოფილ კოლეგებს 4 მარტის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ამზადებენ და აფრთხილებენ, ყველაფერი გააკეთონ იმისათვის, რომ პუტინმა პირველივე ტურში გაიმარჯვოსო. კოლპაკოვა აცხადებს, ეჭვიც არ მეპარება, რომ პუტინის გამარჯვება უზრუნველყოფილი იქნება იმის მიუხედავად, ვის მისცემს ხმას ამომრჩეველიო: „ოქმებს, უბრალოდ, ისე შეადგენენ, როგორც საჭირო იქნება. ამოცანა მარტივია - პუტინი პირველივე ტურში უნდა გავიდეს, სხვა კანდიდატებთან შედარებით, დიდი სხვაობით, ხმათა 70 პროცენტზე მეტით. კამერების, გამჭვირვალე ყუთების, ბევრი დამკვირვებლის ყოფნა, პროცესის ვიდეოზე გადაღება ხელს არ შეუშლის არჩევნების ფალსიფიკაციას. ეს აბსურდამდე ადვილია. გული მწყდება, რომ ჩვენი გადასახადების გადამხდელების უზარმაზარი ფული დაიხარჯა ამ კამერებზე. რისთვის?“
XS
SM
MD
LG