Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინის მხარდასაჭერი ფლეშ-მობი შეწყვიტეს


პუტინის მხარდამჭერი ახალგაზრდების მიერ დადგმული აქცია, ე.წ. „ფლეშ-მობი“
პუტინის მხარდამჭერი ახალგაზრდების მიერ დადგმული აქცია, ე.წ. „ფლეშ-მობი“
მოსკოვის ოფიციალური ორგანოების წარმომადგენლებმა დღეს დასრულებამდე შეწყვიტეს ახალგაზრდების მიერ დადგმული აქცია, ე.წ. „ფლეშ-მობი“, რომელიც პრემიერ-მინისტრ ვლადიმირ პუტინის საპრეზიდენტო კამპანიის მხარდასაჭერად იმართებოდა. ამ მოვლენის ფონია ზოგიერთი ანალიტიკოსის აზრი, რომ კრემლი ცდილობს გაემიჯნოს „ნაშის“ და მის მსგავს ახალგაზრდულ ჯგუფებს, ვინაიდან თვლის, რომ ამ საარჩევნო სეზონზე მთავარი მუშათა კლასის მხარდაჭერის მოპოვებაა.

ახალგაზრდული არასანქცირებული აქციის ორგანიზატორები აცხადებდნენ, რომ მათი ღონისძიება მხოლოდ 5 წუთს გაგრძელდებოდა. აქცია „ფლეშ-მობის“ ფორმით გაიმართა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას. ამ შემთხვევაში მოსკოვის „სადოვოე კალცოზე“ ახალგაზრდების ჯგუფმა მოულოდნელად უჩვეულო ქცევა დაიწყო - ხელები მაღლა აღმართა და მძღოლებს მოუწოდა მომავალი თვის საპრეზიდენტო არჩევნებში ხმა ვლადიმირ პუტინს მისცენ. თუმცა, დაპირებული 5 წუთის ნაცვლად, აქცია მთელ 10 წუს გაგრძელდა, რაც პოლიციისთვის საკმარისი საფუძველი აღმოჩნდა რამდენიმე მონაწილის დასაკავებლად.

აქციის ორგანიზატორი შედარებით ახალბედა ჯგუფი, „პუტინის ქსელი“ იყო.
სარეკლამო ვიდეოში ჯგუფის ლიდერი, ვლადიმირ ტაბაკი, პირდაპირ და მოურიდებლად ხსნის თავის პოზიციას და მიზეზებს, რატომაც უჭერს პუტინს მხარს:„პუტინს პატივს იმის გამო ვცემ, რომ ის ჩემს ცხოვრებაში არასოდეს ჩარეულა - არც 1999 წელს, არც 2004 წელს, არც 2008 წელს. ის, უბრალოდ, თავის საქმეს აკეთებდა, მე კი ჩემი ცხოვრებით ვცხოვრობდი. პუტინი ჩემთვის, პირველ რიგში, საქმიანი პარტნიორია. ის ქმნის პირობებს, მე კი ამ პირობებში წარმატების მიღწევას ვცდილობ. მე წარმატების მიღწევის პატიოსან გზებზე ვამბობ. ვთვლი, რომ ეს პირობები შექმნილია, რადგან, მთლიანობაში, მე წარმატებული ვარ.“

ტაბაკი - მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტის კურსდამთავრებული - 2010 წელს გამოცემული იმ ცნობილი კალენდრის ავტორია, სადაც პუტინის მიმართ თავიანთ სიმპათიებს შილიფად ჩაცმული ჟურნალისტი ქალები გამოხატავდნენ.

„პუტინის ქსელი“ ასეთი ტიპის ერთადერთი ორგანიზაცია არ არის. რუსეთში კიდევ რამდენიმე ასეთი ჯგუფი მოქმედებს - „ნაში“ და კიდევ სხვები. ყველა ეს ორგანიზაცია აქტიურად უჭერს მხარს პუტინის დაბრუნებას პრეზიდენტის პოსტზე. გავრცელებული ცნობებით, ჯგუფები არჩევნებამდე რამდენიმე აქციის ჩატარებას გეგმავენ.

„ნაში“ ამ ჯგუფებს შორის ყველაზე ცნობილი და გამოცდილია. ის უკვე დიდი ხანია კრემლის ერთგულ მოკავშირეს წარმოადგენს - მნიშვნელოვან დამაკავშირებელ ხიდს რუსეთის ახალგაზრდა თაობასთან. კრემლი ძალიან აფასებს „ნაშის“ წევრების გათვითცნობიერებულობას ინტერნეტში - ჯგუფი კრემლს საშუალებას აძლევს არ ჩამოუვარდეს ოპოზიციურ ჯგუფებს და თავისი მესიჯის გასავრცელებლად სოციალური ქსელები და ახალი მედია გამოიყენოს.

თუმცა, ამავე დროს, ბოლო პერიოდში იკვეთება ნიშნები, რომ კრემლი „ნაშის“ და სხვა მსგავსი ჯგუფებისგან დისტანცირებას იწყებს. მედიაში თანდათან გახშირდა მათ შესახებ უარყოფითი ცნობები.

მიმდინარე კვირაში გაზეთებმა დაწერეს, რომ „ნაშიმ“ ასიათასობით დოლარი დახარჯა დახვეწილი და კომპლექსური ინტერნეტ-სქემების შესამუშავებლად, რომლებმაც ვლადიმირ პუტინს დადებითი იმიჯი უნდა შეუქმნას, მეტოქეებს კი - მაგალითად, ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერ ალექსეი ნავალნის - ჩირქი მოსცხოს.
გავლენიანი ოპოზიციური გაზეთი „კომერსანტი“ კი წერს, რომ „ნაშის“ შეიძლება სასამართლოში უჩივლოს. ჰაკერებმა მოიპოვეს „ნაშის“ პრესსპიკერის, კრისტინა პოტუპჩიკის იმეილები, სადაც გაზეთის ვებსაიტის წინააღმდეგ კიბერშეტევის განხორციელების გეგმებზეა საუბარი.

კრემლის მხრიდან ახალგაზრდული ჯგუფებისგან გაუცხოების მიზეზი შესაძლოა დაძაბული წინასაარჩევნო სეზონი იყოს, რომელშიც განმსაზღვრელ ფაქტორად მუშათა კლასის ხმების მოპოვება ითვლება.

კრემლის ყოფილი ინსაიდერის, პოლიტიკის ანალიტიკოსის გლებ პავლოვსკის აზრით, ახალგაზრდული ჯგუფების დახვეწილ, ხშირად პერფორმატიულ აქციებს - ხუთშაბათის ფლეშ-მობის მსგავსებს - მნიშნველოვანი პოლიტიკური კაპიტალი არ მოაქვს და ვერც მნიშვნელოვან ეფექტს ახდენენ მოსახლეობის დიდი ნაწილის თვალში. „ამ შეხვედრებს და ღონისძიებებს კონკრეტული სამიზნე არ ჰყავს - არც ამომრჩევლები, არც ქვეყანაო“, - უთხრა პავლოვსკიმ ახლახან gazeta.ru-ს.
XS
SM
MD
LG