Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვინ რა დასკვნა გააკეთა 4 თებერვლის მიტინგების შემდეგ


რუსეთის ოპოზიციისათვის, რომელიც პრემიერ-მინისტრისა და პრეზიდენტობის კანდიდატის ვლადიმირ პუტინის გადადგომას ესწრაფვის, ბოლოტნაიას მოედანზე ათეულ ათასობით ადამიანის გამოსვლა მძვინვარე ყინვაში იმას ნიშნავს, რომ საპროტესტო განწყობა ძლიერდება, თუმცა პუტინის პრეს-მდივანს დმიტრი პესკოვს, როგორც ის 6 თებერვლის გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდაში“ გამოქვეყნებულ ინტერვიუში შენიშნავს, მიაჩნია, რომ პოკლონნაია გორაზე მოწყობილი მთავრობის მხარდამჭერი დემონსტრაცია საპირისპიროზე მეტყველებს:

„დამაჯერებელი მხარდაჭერა, რაც ჩვენ „პოკლონნაია გორაზე“ ვიხილეთ, და ასევე მშრალი ციფრები სოციოლოგებისა სრულიად გარკვევით იმაზე მეტყველებს, რომ პუტინი საპრეზიდენტო არჩევნების პირველსავე ტურში მიაღწევს გამარჯვებას.“

რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პუტინის მომხრეთა რაოდენობა 138 ათას კაცს ითვლიდა, მაშინ როცა ოპოზიციის მიტინგზე დაახლოებით 80-100 ათასამდე კაცი გავიდა. თუმცა ამ გამოთვლების სირთულე ისიცაა, რომ რუსეთის ხელისუფლებას აქვს ტენდენცია გაზარდოს თავისი მომხრეების მიტინგის მასშტაბი და დააკნინოს ოპოზიციის მომხრეებისა. ასე იყო 10 დეკემბერს, როდესაც პოლიცია აცხადებდა, რომ ოპოზიციის მიტინგს 25 ათასი კაცი დაესწრო, მაშინ როცა დამოუკიდებელმა დამკვირვებლებმა 70 ათასი დათვალეს. დაახლოებით ანალოგიური სურათი განმეორდა 24 დეკემბერს, როდესაც ნეიტრალურმა წყაროებმა ოპოზიციის მიტინგზე დაახლოებით 80 ათასი კაცი დათვალეს. პოლიცია კი აცხადებდა, რომ ანტისამთავრობო მსვლელობაში მხოლოდ 28 ათასი კაცი მონაწილეობდა.
ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ პუტინს უბრალოდ სურს დაბლოკოს ნებისმიერი საუბარი პოლიტიკურ რეფორმებზე, როდესაც ამბობს: დიახ, აი, თქვენ გამოდიხართ და ჩვენც გამოვდივართ...

ციფრების მანიპულირების გარდა, გავრცელებული ინფორმაციით, კრემლის მომხრეთა მიტინგის ორგანიზატორებს შეკრებაზე იძულების წესით მიჰყავდათ ხალხი, ურჩებს კი სამსახურის დაკარგვით ემუქრებოდნენ. ბავშვთა ცენტრის უფროსმა ელენე ტრავინამ „ნოვაია გაზეტას“ უამბო, თანამდებობა იმის გამო დამატოვებინეს, რომ არ ვუბრძანე სკოლის 8 მასწავლებელს დასწრებოდნენ პუტინის მხარდამჭერ მიტინგსო. თუმცა მიტინგზე იძულებით ხალხის მიყვანას გამორიცხავს რუსეთის მთავრობის პრეს-მდივანი დმიტრი პესკოვი:

„ადამიანს ვერ აიძულებ მიტინგზე წასვლას. ეს აბსოლუტურად შეუძლებელია. შეიძლება შესთავაზო, მოუწოდო წავიდეს მიტინგზე, მაგრამ თუ ადამიანს არ უნდა, არ წავა.“

სხვათა შორის, პუტინის მხარდამჭერი მიტინგის მასშტაბებში თავად რუსეთის ხელისუფლების მიმართ ლოიალურად განწყობილ ადამიანებსაც კი შეაქვთ ეჭვი. სკეპტიკოსთა შორისაა სერგეი მარკოვი, პუტინის მომხრე ანალიტიკოსი და წინა მოწვევის სახელმწიფო სათათბიროს წევრი მმართველი „ედინაია როსიადან“. როგორც მარკოვმა 4 თებერვალს უთხრა „ინტერფაქსს“, პოლიცია მოსახლეობას გაბერილ ციფრებს აწვდიდა „პოკლონნაია გორაზე“ მყოფი ადამიანების შესახებ, რომელთა რაოდენობა 15 ათას კაცს არ აღემატებოდა.

თუმცა ციფრების გამო აღფრთოვანებას არასწორად მიიჩნევს ოპოზიციური აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, ვლადიმირ რიჟკოვი, რომლის აზრითაც, 4 თებერვალმა და პუტინის მესიჯებმა რუსეთის ოპოზიცია უნდა დააფიქროს:

„ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ პუტინს უბრალოდ სურს დაბლოკოს ნებისმიერი საუბარი პოლიტიკურ რეფორმებზე, როდესაც ამბობს: დიახ, აი, თქვენ გამოდიხართ და ჩვენც გამოვდივართ... თქვენ გინდათ რეფორმები, მაგრამ, აი, კიდევ უფრო მეტია იმ ადამიანების რიცხვი, ვისაც რეფორმები საერთოდ არ სურსო. ამიტომ გუშინდელმა დღემ მე მძიმე შთაბეჭდილება დამიტოვა. ვიცი, რომ ბევრი ჩემი მეგობარი საორგანიზაციო კომიტეტიდან ეიფორიაშია, ძალიან უხარიათ, რომ ყინვაში ამდენი ადამიანი გამოვიდა. მე კი მძიმე განწყობა მაქვს, რადგან გუშინ დავინახე პუტინის გზავნილები: იმედიც კი ტყუილად გაქვთ, არ იქნებაო არავითარი პოლიტიკური რეფორმები.“
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG