Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

ახალციხეში ძლიერი ყინვა გრძელდება


ბაკურიანი
ბაკურიანი
ახალციხის რაიონულ საავადმყოფოში ძლიერი ყინვის გამო დაზარალებული 45 წლის თემურ ნათელაშვილი, რომელიც რამდენიმე საათის განმავლობაში მინუს 8 გრადუს ტემპერატურაზე იმყოფებოდა, კურორტ აბასთუმნიდან პატრულის თანამშრომლებმა უგონო მდგომარეობაში მიიყვანეს. საავადმყოფოში მიყვანისას პაციენტს მთლიანი სხეულის ზოგადი მოყინვა აღენიშნებოდა. მას თერაპიული მკურნალობა ჩაუტარდა. როგორც ახალციხის რაიონული საავადმყოფოს რეანიმაციის განყოფილების გამგე ამბროსი მოდებაძე ამბობს, ძლიერი ყინვების მიუხედავად, წელს ადამიანის გაყინვის ეს პირველი შემთხვევაა.

ერთ კვირაზე მეტია სამცხე-ჯავახეთში, ისევე როგორც მთელ საქართველოში, ჰაერის ტემპერატურა მკვეთრად დაეცა. საქართველოს ზოგიერთი რეგიონებისგან განსხვავებით, სასწავლო პროცესი სამცხე-ჯავახეთში არ შეწყვეტილა, თუმცა ყინვის გამო შეფერხებები წყლის მომარაგებას მაინც შეექმნა. როგორც გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის სამცხე-ჯავახეთის რეგიონალური ფილიალის წარმომადგენელი გიორგი ბაგინაშვილი აცხადებს, მათი თანამშრომლები ოცდაოთხი საათის განმავლობაში მუშაობენ პრობლემების აღმოსაფხვრელად.

ყინვის მიუხედავად, ბოლო დღეებში უხვი ნალექი ახალციხეში არ დაფიქსირებულა, არ შეფერხებულა ტრანსპორტის მოძრაობა, თუმცა დაბალი ტემპერატურა პრობლემას მოსახლეობას მაინც უქმნის.

მიუხედავად იმის, რომ ბოლო პერიოდში ახალციხეში უხვი ნალექი არ დაფიქსირებულა, ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებელი გელა დემეტრაძე ამბობს, რომ ასეთი შემთხვევისთვის მუნიციპალიტეტი ტექნიკური მარილით უზრუნველყოფილია.

სამცხე-ჯავახეთის რეგიონში გუშინ ღამით ყველაზე დაბალი ტემპერატურე, -20 გრადუსი, ახალქალაქში დაფიქსირდა. სინოპტიკოსების ვარაუდით, ყინვები საქართველოს მთელ ტერიტორიაზე კიდევ რამდენიმე დღე გაგრძელდება. მათივე მტკიცებით, 8 თებერვლიდან ძლიერი თოვაა მოსალოდნელი. ცივი და ნალექიანი ამინდები 11 თებერვლამდე გასტანს.
XS
SM
MD
LG