Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-საქართველო - სტრატეგიული პარტნიორობის მე-3 წლისთავი


სამი წელის წინ, 2009 წლის 9 იანვარს, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა კონდოლიზა რაისმა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ ვაშინგტონში ხელი მოაწერეს ქარტიას ამერიკასა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ
სამი წელის წინ, 2009 წლის 9 იანვარს, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა კონდოლიზა რაისმა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ ვაშინგტონში ხელი მოაწერეს ქარტიას ამერიკასა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ
3 წელიწადი გავიდა მას შემდეგ, რაც შეერთებულმა შტატებმა და საქართველომ ხელი მოაწერეს სტრატეგიული თანამშრომლობის ქარტიას, რომელიც ითვალისწინებს ორი ქვეყნის ურთიერთობების გაღრმავებას რამდენიმე ძირითადი მიმართულებით. ესენია: დემოკრატია, თავდაცვა და უსაფრთხოება, ეკონომიკა, ვაჭრობა და ენერგეტიკული საკითხები და ხალხებს შორის ურთიერთობა. კითხვის ნიშნები კვლავაც უკავშირდება საქართველოსთვის თავდაცვითი შეიარაღების მიწოდების საკითხს. თუმცა თბილისი ვაშინგტონთან თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის სამომავლო ”ამბიციურ გეგმებზე” საუბრობს.
ქარტიამ დაავალდებულა ორივე ქვეყნის მთავრობები, რომ მხარი დაუჭირონ ერთმანეთს და ერთობლივად მიაღწიონ მიზნებს...

2009 წლის 9 იანვარს პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის წარმავალი ადმინისტრაციის მიერ ხელმოწერილი ქარტიისადმი ერთგულება, მასში ასახული უცვლელი ღირებულებებისა და პრინციპების გათვალისწინებით, გასულ 3 წელიწადში არაერთხელ დადასტურდა პრეზიდენტ ბარაკ ობამას ადმინისტრაციის მიერ. ”შეერთებული შტატები არ იყოყმანებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის საქმეში. სწორედ ეს მხარდაჭერა წარმოადგენს სტრატეგიული თანამშრომლობის ქარტიის ცენტრალურ პრინციპს და ეს არის ორმხრივი ურთიერთობის ფუნდამენტი”, - აღნიშნავდა შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი 2010 წლის ოქტომბერში, ქარტიის 2-წლიანი მუშაობის შემაჯამებელ სხდომაზე გამოსვლისას, და ამავე გამოსვლის დროს მან რუსეთის მოქმედებებს საქართველოს ტერიტორიაზე კიდევ ერთხელ უწოდა ”ოკუპაცია”.

მართალია, ქარტია შესასრულებლად სავალდებულო ხასიათის დოკუმენტს არ წარმოადგენს, მაგრამ გარკვეულ ვალდებულებებზე 16 დეკემბერს თბილისში სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილემ ერიკ რუბინმაც ილაპარაკა:

”ქარტიამ დაავალდებულა ორივე ქვეყნის მთავრობები, რომ მხარი დაუჭირონ ერთმანეთს და ერთობლივად მიაღწიონ მიზნებს. ქარტიამ დაავალდებულა შეერთებული შტატები მხარი დაუჭიროს საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებას, ქვეყნის მისწრაფებას გაწევრიანდეს ნატოში და მის მისწრაფებას უფრო ფართო და აქტიური ორმხრივი ურთიერთობისკენ ალიანსთან და შეერთებულ შტატებთან. ეს არის ვალდებულება, რომელსაც ჩვენ მეტად სერიოზულად განვიხილავთ.”

ერიკ რუბინმა ასევე აღნიშნა, რომ ქარტიამ თავი მოუყარა და უფრო ორგანიზებულ ჩარჩოებში მოაქცია ყველა ის სფერო, რომელთა ფარგლებშიც წლების მანძილზე ისედაც თანამშრომლობდნენ შეერთებული შტატები და საქართველო.

მიმდინარეობს მუშაობა, მაგალითად, ოფიცერთა კორპუსის მომზადებაზე, სამხედრო აკადემიის დახვეწასა და მის შემდგომ განვითარებაზე ...
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2011 წელს - მარტში, აპრილში, მაისსა და ივლისში - წარმატებით გაიმართა ქარტიის ფარგლებში შექმნილი ოთხივე სამუშაო ჯგუფის შეხვედრა. საუბარია ხალხთაშორის ურთიერთობის, დემოკრატიის, ეკონომიკისა და თავდაცვისა და უსაფრთხოების სამუშაო ჯგუფებზე, რომლებიც შეხვედრებს მონაცვლეობით მართავენ საქართველოსა და შეერთებულ შტატებში. სწორედ ამ შეხვედრებზე მხარეები ერთმანეთს უთანხმებენ თანმიმდევრულად განსახორციელებელ თუ განხორციელების სტადიაში არსებულ არაერთ პროექტს.

თუკი აზრთა სხვადასხვაობას გავითვალისწინებთ, შეიძლება ითქვას, რომ ერთადერთ სფეროს, რომელსაც გარკვეული კითხვის ნიშნები უკავშირდება, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფერო წარმოადგენს. თუმცა ამ მიმართულებით პრობლემებს ვერ ხედავს საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე ბათუ ქუთელია:

”მიმდინარეობს მუშაობა, მაგალითად, ოფიცერთა კორპუსის მომზადებაზე, სამხედრო აკადემიის დახვეწასა და მის შემდგომ განვითარებაზე. ასევე მიმდინარეობს მუშაობა იმ დოქტრინების შემუშავების მიმართულებით, რომლებიც ადეკვატურად უზრუნველყოფს საქართველოს თავდაცვისუნარიანობისა და პარტნიორული შესაძლებლობების განმტკიცებას. უნდა აღინიშნოს საქართველოს მონაწილეობა ავღანეთის სამშვიდობო ოპერაციაში, რაც ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მიმართულებაა. ყველა ეს კონკრეტული შედეგი მიღწეულია ორმხრივი ურთიერთობების შედეგად. თუმცა უფრო ამბიციური გეგმები გვაქვს სამომავლოდ და ალბათ ძალიან მალე ყველაფერი ეს ფართო საზოგადოებისთვისაც გახდება ცნობილი.”

ბათუ ქუთელია ჩვენთან საუბრისას არ აკონკრეტებს, უკავშირდება თუ არა ”ამბიციური გეგმები” საქართველოსთვის თავდაცვითი შეიარაღების მიწოდების საკითხსაც. ის, რომ საქართველოს შეერთებული შტატებისგან ტანკსაწინააღმდეგო და ჰაერსაწინააღმდეგო შეიარაღების შესყიდვა სურს, მანამდეც არაერთხელ თქმულა და ეს პრეზიდენტმა სააკაშვილმაც აღნიშნა გასული წლის მარტში უცხოური მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში. სწორედ ეს უნდა იყოს თანამშრომლობის შემდგომი ეტაპი“, - თქვა პრეზიდენტმა სააკაშვილმა.
გავიხსენოთ, რომ ვაშინგტონმა კატეგორიულად უარყო, რომ საქართველოს იარაღის ემბარგო დაუწესა, მაგრამ 2010 წლის ივნისში აშშ–ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ფილიპ გორდონმა ასევე განაცხადა, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ვაშინგტონის პრიორიტეტია "დაძაბულობის შემცირება“. "არ გვგონია, რომ იარაღის მიყიდვა და სამხედრო აღჭურვილობა არის გზა იმ ვითარებისკენ, რომლის მიღწევასაც ჩვენ ვცდილობთ საქართველოში,“ – თქვა გორდონმა.

ამგვარი მიდგომებით უკმაყოფილება გასულ წლებში არაერთხელ გამოხატა საქართველოს მეგობართა ჯგუფმა, რესპუბლიკელი სენატორის ჯონ მაკკეინის განსაკუთრებული აქტიურობით. მან არაერთხელ მიმართა ვაშინგტონს განეახლებინა რუსეთის მიერ ოკუპირებული და კვლავაც დაუცველი საქართველოსთვის თავდაცვისთვის აუცილებელი შეიარაღების მიწოდება.

დიდი დიპლომატიური მიღწევა იქნება, თუკი შეერთებული შტატები რაღაც დროის შემდეგ საქართველოს მისცემს გარანტიას, რომ რუსეთი ხელახლა ვერ გადმოლახავს საქართველოს საზღვარს...
ამ კუთხით გარკვეული იმედი გაჩნდა გასული წლის დეკემბერში, როდესაც შეერთებული შტატების საკანონმდებლო ორგანომ დაამტკიცა აშშ-ის 2012 წლის თავდაცვის ხარჯების პროექტი, რომლის ერთ-ერთი ნაწილი საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ამაღლების აუცილებლობას შეეხება და საუბარია მათ შორის თბილისისთვის თავდაცვითი ხასიათის შეიარაღების მიყიდვაზე. სამხედრო ხარჯების განმსაზღვრელ აქტს პრეზიდენტმა ობამამ 31 დეკემბერს მოაწერა ხელი, თუმცა საქართველოსთან დაკავშირებული მუხლი (1242) იმ მუხლებს შორის დაასახელა, რომელთა შესრულებაც შესაძლოა არ მიიჩნიოს სავალდებულოდ.

ჯერჯერობით უცნობია, თუ როგორ განვითარდება მოვლენები, თუმცა ანალიტიკოსების ერთი ნაწილი შეერთებული შტატების საქართველოსადმი მხარდაჭერას სულაც არ აფასებს თავდაცვითი შეიარაღების მიწოდების პერსპექტივებით. მაგალითად, როგორც საერთაშორისო უსაფრთხოების სპეციალისტი ბაკურ კვაშილავა აღნიშნავს ჩვენთან საუბრისას, საქართველოს მთავარი სტრატეგიული პარტნიორისგან, უპირველეს ყოვლისა, უსაფრთხოების გარანტიები ესაჭიროება:

”დიდი დიპლომატიური მიღწევა იქნება, თუკი შეერთებული შტატები რაღაც დროის შემდეგ საქართველოს მისცემს გარანტიას, რომ რუსეთი ხელახლა ვერ გადმოლახავს საქართველოს საზღვარს და, ვთქვათ, მთლიანად არ დაიპყრობს საქართველოს და არ შეცვლის რეჟიმს.”

ექსპერტი გაუმართლებლად მიიჩნევს განსაკუთრებული აქცენტის გაკეთებას იმაზე, რომ შესაბამისი თავდაცვითი იარაღის ფლობის შემთხვევაში საქართველო შეძლებს რუსეთისგან მომავალი საფრთხის განეიტრალებას. მისი აზრით, საფრთხე ”დაბალანსების პოლიტიკით” უნდა განეიტრალდეს და საქართველომ მთავარი სტრატეგიული პარტნიორის ”ძალა” და შესაძლებლობები სწორედ ამ კუთხით უნდა გამოიყენოს.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG