Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიხეილ სააკაშვილი ჰილარი კლინტონს შეხვდა


საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი
თბილისის აეროპორტში 11:40 სთ-ზე დაეშვა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თვითმფრინავი. მას დახვდნენ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე, მისი მოადგილე გიგა ბოკერია, საქართველოს ელჩი აშშ-ში ბათუ ქუთელია, აშშ-ის ელჩი საქართველოში ჯონ ბასი.

აეროპორტიდან ჰილარი კლინტონი ლიდერ ქალებთან შეხვედრაზე გაემგზავრა. ეს შეხვედრა ეროვნული ბიბლიოთეკის მესამე კორპუსში გაიმართა.

სხვადასხვა სფეროს ასზე მეტი წარმომადგენლის წინაშე სახელმწიფო მდივნის გამოსვლის შემდეგ შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმით გაგრძელდა და მთავარი თემები საქართველოს უსაფრთხოება, ქვეყნის ოკუპაციის პრობლემა და დემოკრატიის განვითარება იყო. ლიდერ ქალებთან საუბრის შემდეგ, ჰილარი კლინტონი პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ავლაბრის რეზიდენციაში პირისპირ შეხვდა, რასაც წინ საქართველოს და აშშ-ის დელეგაციათა გაფართოებული შემადგენლობით შეხვედრა უძღოდა. ორი ქვეყნის ლიდერი შეხვდა ქართველ და უცხოელ ჟურნალისტებს და მათ კითხვებს გასცა პასუხი. დღესვე სახელმწიფო მდივანი თავისუფალი დემოკრატების ლიდერს ირაკლი ალასანიას და ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის თავმჯდომარეს გიორგი თარგამაძეს შეხვდება.

საქართველოში ვიზიტით ჰილარი კლინტონი დაასრულებს სახელმწიფო მდივნის რანგში თავის პირველ ტურნეს აღმოსავლეთ ევროპასა და კავკასიაში.

საქართველომდე კლინტონი სომხეთში ჩავიდა. გუშინ, ერევნის აეროპორტში, მას დახვდა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ედვარდ ნალბანდიანი. მოგვიანებით კლინტონმა მოლაპარაკება გამართა პრეზიდენტ სერჟ სარქისიანთან. ნალბანდიანთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა განაცხადა, რომ აშშ-ს სურს, სომხეთმა და აზერბაიჯანმა მიაღწიონ ხანგრძლივ მშვიდობიან შეთანხმებას მთიანი ყარაბაღის საკითხზე:

"უპირველეს ყოვლისა, მთიანი ყარაბაღის მოსახლეობის, მაგრამ არანაკლებად აზერბაიჯანისა და სომხეთის, აგრეთვე, მთლიანად რეგიონის ინტერესებშია, ყველაფერი ვიღონოთ იმისათვის, რომ მივაღწიოთ ამ კონფლიქტის მისაღებ და ხანგრძლივ მოგვარებას", აღნიშნა ვაშინგტონის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

კლინტონმა განაცხადა, რომ ვაშინგტონისთვის მთიანი ყარაბაღის საკითხი "პრიორიტეტულია" და იმედი გამოთქვა, რომ ამ მიზნის მიღწევის გზაზე რეალური პროგრესის მოწმე გახდება. ამასთანავე, კლინტონმა მოუწოდა თურქეთს, განაახლოს სომხეთთან ურთიერთობის ნორმალიზების მცდელობა და ხელი შეუწყოს ორ ქვეყანას შორის საზღვრის გახსნას. კვირასვე, სომხეთში ვიზიტამდე, კლინტონი ბაქოში შეხვდა აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს.
XS
SM
MD
LG