Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საახალწლო აკრძალვები


...

სანდო წყარო გვატყობინებს, რომ შესაძლოა პარლამენტმა წინსწრებით (და უკუგებით) გააუქმოს 2012 წელი. ეს ინიციატივა დეპუტატ-ეგზოტიკა კობალდ ხაბაზს ეკუთვნის და მის მიღებას, სავარაუდოდ, სწორედ დღეს, 31 დეკემბერს, ღამის 12 საათზე აპირებენ. საქმე ისაა, რომ დეპუტატს ვერაფრით წარმოუდგენია, როგორ უნდა იცხოვროს ისეთ საქართველოში, სადაც პრეზიდენტ სააკაშვილს პრეზიდენტობის საშუალება არ მიეცემა, ეს კი, ვაგლახ, 2012 წლის შემდეგ სრულიად შეუძლებელი გახდება: 2013-ში, შეგახსენებთ, ახალი საპრეზიდენტო არჩევნებია. ამიტომ ასე გადაწყდა: რაც არ უნდა მოხდეს (და როგორც არ უნდა გვაიძულონ), 2011 წელი უნდა შენარჩუნდეს. რადგან დროის გასვლა - ყველაზე შეშინებული და აქტიური დეპუტატების აზრით - უპირველეს ყოვლისა, საქართველოს დაუძინებელ მტრებს აძლევს ხელს: რუსებს, ნიკარაგუელებს, ხატაელებს (ეჰ, ასეთი მტრებიც გვყავს) და ჰუნებს.

"მე ფიზიკურად არ შემიძლია არასააკაშვილურ ეპოქაში ცხოვრება, - უთქვამს ერთ-ერთ ანერვიულებულ დეპუტატს, - ვერ წარმომიდგენია, ტელევიზორი ჩავრთო და იქ კი ბავშვების პატრიოტული ყვირილი არ შემომესმას: "მიშა და მიშა!" მე არ მინდა ისეთ ქვეყანაში ცხოვრება, სადაც ეს ჯანმრთელი ყიჟინა არ ისმის!" ანონიმ-დეპუტატის აზრს სრულად იზიარებენ დეპუტატები - ჩიორა წიკლაური, ქრისტიან ვეფხვაძე, ნუგზარ შეუგნებელი და მარადსპიკერ მაჭავარიანი. 2012 წლის გაუქმების იდეას მხარს უჭერენ ამჟამინდელი მოწვევის პარლამენტის მფარველი დეპუტატ-მოჩვენებები - მ. ნადირაძე და იოსებ ბესარიონის ძე ჯუღელი.

...

თუმცა არსებობს ალტერნატიული გზაც. საქართველოს გადარჩენის მიზნით დაწესდეს რიგი დემოკრატიული აკრძალვა, რაც ერთხელ და სამუდამოდ დაამიწებს არაეროვნულად მეოცნებე ელემენტებს:

1. აიკრძალოს არაესთეტიკური ღიმილი (ის მოხუცი, რომელიც პრეზიდენტის მახლობლად გამოაჩენს თავის უწესრიგო პირის ღრუს, გამოცხადდეს ხატაელების აგენტად).

2. აიკრძალოს პრეზიდენტის კურთხევაგაუცემელი პოლიტ-აქტიურობა.

3. აიკრძალოს პოლიტიკაზე საუბარი (დაშვებული თემებია: აღმშენებლობა, ასფალტის რაობა, რუსეთის შლა 200 ერთეულად).

4. გაუქმდეს კობა დავითაშვილის პირადი ანგარიში და მისივე ცურვის აბონემენტი.

5. თუ მთლიანად არა, ნაწილობრივ მაინც აიკრძალოს 2012 წელი, როგორც უხერხული ცვლილების მომტანი.

...

და ბოლოს, კიდევ ერთი სიახლე. სახელმწიფო ჯილდო გადაეცა პრეზიდენტის სახელის მოყვირალთა ხალხურ ანსაბლს "მაძახებინე საქართველოსთვის". ეს ანსამბლი ლოტბარ და მელომან დ. კეზერაშვილის მიერ შეიქმნა 2003 წელს (ახალი, რევოლუციური ათვლის მიხედვით 0001 წ.-ს) და ხალხში დღემდე დიდი მოწონებით სარგებლოს. ეს ყმაწვილ-მოხუცები (ანსამბლის წევრების ასაკი 8-დან 88-მდე მერყეობს) პრეზიდენტსაც ძალიან მოწონს და ყველგან თან დაჰყავს. ძილის წინ კი, როგორც ამბობენ, ცხოველი სიამოვნებით ისმენს მათ მოძახილებს: "მომასმენინეთ, ერთი, ამათი გალობა..." და ტკბილად თვლემს მელანქოლიურ "მიშა-მიშას" ძახილში. ანსამბლის ერთ-ერთ სიმღერაზე უმოკლეს ხანში ახალ კლიპს გადაიღებენ... ბათუმის თოვლიანი ზღვით, თეთრი როიალებითა და ელასტიკურად მოცეკვავე ელექტრო-ქანდაკებებით...
  • 16x9 Image

    ლაშა ბუღაძე

    ლაშა ბუღაძე არის რადიო თავისუფლების ბლოგერი 2010 წლიდან.

XS
SM
MD
LG