Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჰილარი კლინტონი აკრიტიკებს არჩევნებს რუსეთში


ლიტვა: აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ჰილარი კლინტონი ეუთოს მინისტერიალზე
ლიტვა: აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ჰილარი კლინტონი ეუთოს მინისტერიალზე
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ჰილარი კლინტონმა დაასახელა რამდენიმე ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა, რომლებიც ვაშინგტონის შეშფოთებას იწვევს დემოკრატიის მხრივ არსებული ვითარების გამო. ეს ქვეყნებია რუსეთი, ბელორუსია, უკრაინა და შუა აზიის რესპუბლიკები. მათ მიმართ კრიტიკა გამოითქვა ეუთოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე, რომელსაც ვილნიუსი მასპინძლობს. კლინტონმა ახსენა საქართველოც, თუმცა განსხვავებულ კონტექსტში.

ეუთოს საგარეო საქმეთა მინისტრების ორდღიან შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა რუსეთს, 4 დეკემბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით. შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა არჩევნების მომდევნო დღესვე, ორშაბათს, გერმანიაში ვიზიტისას გააკრიტიკა არჩევნები, რომლებმაც გამარჯვება მოუტანა, როგორც ცნობილია, პრემიერ-მინისტრ ვლადიმირ პუტინის პარტიას „ერთიან რუსეთს“.

სამშაბათს კლინტონმა ისევ გამოთქვა კრიტიკა: „როგორც ეს ბევრგან ვნახეთ - ყველაზე ბოლოს რუსეთში სახელმწიფო სათათბიროს არჩევნების შემთხვევაში - არჩევნები, რომლებიც არც თავისუფალია და არც სამართლიანი, ძირს უთხრის ხალხის ნდობას. ჩვენში სერიოზულ შეშფოთებას იწვევს ის, თუ როგორ ჩატარდა ეს არჩევნები. დამოუკიდებელ პოლიტიკურ პარტიებს, როგორიცაა „პარნასი“, უარი უთხრეს რეგისტრაციაზე და ეუთოს წინასწარ ანგარიშში საუბარია არჩევნების დღეს დაფიქსირებულ მცდელობებზე, ყალბი ბიულეტენები ჩაეყარათ საარჩევნო ყუთებში, მოეხდინათ საარჩევნო სიების მანიპულირება და მიემართათ სხვა ზომებისათვის, რომლებიც შეშფოთებას იწვევს“.

კლინტონის შემდეგ ეუთოს მინისტრების წინაშე გამოვიდა რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი, სერგეი ლავროვი, მაგრამ ის არ გამოხმაურებია ამერიკელი კოლეგის კრიტიკულ შეფასებებს.

კრიტიკული შეფასებები მარტო რუსეთს არ ეხებოდა. კლინტონმა განაცხადა, რომ პლენარულ სხდომაზე გამოსვლის შემდეგ, ვილნიუსშივე ხვდება სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტებს რამდენიმე ქვეყნიდან, მათ შორის ბელორუსიიდან. „არასოდეს უნდა გამოგვრჩეს მხედველობიდან ის სიმართლე, რომელიც საფუძვლად უდევს ჩვენი უსაფრთხოების ყოვლისმომცველ კონცეფციას. ადამიანის უფლებებისა და ადამიანის უსაფრთხოებისადმი პატივისცემას აქვს არსებითი მნიშვნელობა ეუთოს რეგიონისა და მთელი მსოფლიოს ქვეყნების პროგრესისა და უსაფრთხოებისათვის. ამიტომ არის, რომ დღეს პლენარული სხდომების დარბაზიდან წასვლის შემდეგ შევხვდები ბელორუსიისა და რეგიონის სხვა ქვეყნების სამოქალაქო საზოგადოებათა წარმომადგენლებს, რომლებიც მონაწილეობდნენ პარალელურ კონფერენციაში,“ - განაცხადა კლინტონმა.

ბელორუსიაში ერთი წელია, მასშტაბურ რეპრესიებს მიმართავენ ოპოზიციის ლიდერებისა და მათი მომხრეების მიმართ მას შემდეგ, რაც საპროტესტო აქციები მოჰყვა საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად ალექსანდრ ლუკაშენკოს გამოცხადებას. შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის კრიტიკა შეეხო იყო უკრაინასაც. ჰილარი კლინტონმა ახსენა უკრაინის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, იულია ტიმოშენკოს სასამართლო პროცესი, რომელსაც ტიმოშენკოს მომხრეები მიიჩნევენ პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩის პოლიტიკურ ანგარიშსწორებად. კლინტონის შეფასებით, შეინიშნება უკუსვლა „დემოკრატიული ინსტიტუტების მოქმედების, კანონის უზენაესობისა და საარჩევნო პროცესის მხრივ. გავხდით სამართლებრივი დევნის არაერთი შემთხვევის მოწმე, მაგალითად იულია ტიმოშენკოსი უკრაინაში, რამაც წარმოშვა სერიოზული შეკითხვები პოლიტიკური მოტივაციის კუთხით“.

ეუთო, ანუ ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია 56 წევრ ქვეყანას აერთიანებს, მათ შორის ყველა ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკას. ის ცივი ომის პერიოდშია შექმნილი, როგორც ფორუმი კომუნისტურ ბლოკსა და დასავლეთს შორის ურთიერთობისთვის. ამდენად, მნიშვნელოვანია უსაფრთხოების საკითხები, შეიარაღების კონტროლი, თუმცა მთავარ საკითხებს მიეკუთვნება ადამიანის უფლებებიც. ამ მხრივ კი ხშირად გამოთქვამენ კრიტიკას შუა აზიის სახელმწიფოების მიმართაც.

აი, რა თქვა ამ თემაზე ჰილარი კლინტონმა ეუთოს მინისტერიალზე გამოსვლისას: „მიუხედავად იმისა, რომ შეერთებული შტატები მიისწრაფვის შუა აზიის ქვეყნების მთავრობებთან თანამშრომლობისაკენ ავღანეთის, ვაჭრობის, ენერგეტიკისა და სხვა საკითხებში, კვლავაც მოვუწოდებთ შუა აზიელ პარტნიორებს - მთავრობებსაც და სამოქალაქო საზოგადოებასაც - განახორციელონ დემოკრატიული რეფორმები და მეტი პატივისცემა გამოიჩინონ ადამიანის ფუნდამენტური უფლებების მიმართ“.

დაბოლოს, საქართველოს შესახებ. კლინტონმა ეუთოს მინისტრების წინაშე გამოსვლისას დაადასტურა შეერთებული შტატების მხარდაჭერა საქართველოს სუვერენობისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. „რაც შეეხება გაჭიანურებულ კონფლიქტს საქართველოში, ჩვენ მივესალმებით კარგ მუშაობას ჟენევაში და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში, კონფლიქტების მშვიდობიანად მოსაგვარებლად. ჩვენ კვლავაც ვუცხადებთ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენობასა და ტერიტორიულ მთლიანობას და ხელს ვუწყობთ პროგრესს ჟენევაში, რათა კონფლიქტი მოგვარდეს საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი დიალოგით, რუსეთის მიერ სეპარატისტული რეგიონების მილიტარიზაციის მეტი გამჭვირვალობითა და საერთაშორისო სამეთვალყურეო მისიის ჩამოყალიბებით“, - განაცხადა შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ვილნიუსში, ეუთოს მინისტერიალზე გამოსვლისას.

შეგახსენებთ, რომ ეუთოს მისია საქართველოში 2008 წლის აგვისტოს ომამდე არსებობდა. მან 15 წელიწადზე მეტი იმუშავა და დაიხურა აგვისტოს ომის შემდეგ, რუსეთის წინააღმდეგობის შედეგად. ლიტვა, რომელიც ეუთოს ამჟამინდელი მორიგე თავმჯდომარეა, ჯერ კიდევ იანვარში აცხადებდა, რომ საქართველოში ეუთოს წარმომადგენლობის აღდგენას მიიჩნევს თავის ერთ-ერთ პრიორიტეტად. ამ მხრივ, ეუთოს მინისტერიალის პირველ დღეს რაიმე სიახლე არ ყოფილა. მინისტერიალი ოთხშაბათს დაასრულებს მუშაობას.
XS
SM
MD
LG