Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროს გადარჩენა უმთავრეს მიზნად რჩება


ამ ეტაპზე საფინანსო თვალსაზრისით ევროპის მართვას პარიზი-ბერლინის ღერძი ცდილობს. მართვის მიზანია საერთო ვალუტის - ევროს - გადარჩენა. ორშაბათს ბრიუსელში შეხვედრაზე გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა და საფრანგეთის პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ პოზიციები ერთმანეთს დაუახლოეს, სხვათა შორის, იმ საკითხშიც, რომ ევროზონაში თამაშის წესები სწრაფად უნდა გამკაცრდეს, რათა ევროს სტაბილიზება მოხდეს.

თამაშის წესების გამკაცრება იმას მოასწავებს, რომ წევრი სახელმწიფო, რომელიც დაარღვევს საფინანსო სფეროში დადგენილ ნორმას, დაისჯება ავტომატურად. გაიხსენეთ ახლო წარსული: საბოლოო ჯამში, საბერძნეთს, ირლანდიას თუ სხვა წევრებს, როცა მათი დეფიციტი ზღვარს შორდებოდა, არათუ სჯიდნენ, მათ დასახმარებლად მთელი ევროპა დაირაზმებოდა ხოლმე. სხვა საკითხია, რას ნიშნავდა ეს დარაზმვა თვითონ ცალკეული ქვეყნებისთვის. იქ მთავრობები ცდილობდნენ მომჭირნეობის პაკეტები გაეტანათ პარლამენტში, იწყებოდა პოლიტიკური რყევა, ადგილი ჰქონდა მთავრობის მეთაურების გადადგომას. ამას თან ახლდა დიდი უკმაყოფილება საზოგადოებაში. ხალხი ან სამუშაოს, ან სოციალური მომსახურების გარეშე რჩებოდა, ფასების მატების ფონზე. მერკელისა და სარკოზის შეთანხმება ევროპის კავშირის მომავალ სამიტზე ამ კვირის ბოლოს უნდა განიხილონ და ევროკავშირის ხელშეკრულებებში შესაბამისი ცვლილებები დაადგინონ. 2012 წლამდე მოლაპარაკება უნდა დასრულდეს. ნიკოლა სარკოზიმ პრესკონფერენციაზე, ბრიუსელში, მოკლედ განმარტა მერკელთან თავისი შეთანხმების არსი:

„ჩვენ გვსურს ავტომატური სანქციები დაწესდეს იმ შემთხვევაში, თუ დაირღვა საბიუჯეტო, მაქსიმუმ სამპროცენტიანი, დეფიციტის წესი. და ჩვენი სურვილია, გადაწყვეტილება მიღებულ იქნეს კვალიფიციური უმრავლესობის მიერ. ეს დღევანდელი წესისგან განსხვავებული ფორმაა.“

სულ მოკლედ შეგახსენებთ: კვალიფიციური უმრავლესობაა, როცა თითო ქვეყანას ხმების განსხვავებული რაოდენობა აქვს, მოსახლეობის რიცხვის მიხედვით. ამ სიახლესთან ერთად, სარკოზიმ ხაზგასმით განაცხადა, რომ ევროპის ცენტრალური ბანკი დამოუკიდებელი რჩება.
ევროს ზონაში ხანგრძლივმა კრიზისმა შეარყია არა მხოლოდ სუსტი ქვეყნების - საბერძნეთისა თუ ირლანდიის - კრედიტუნარიანობა, მან მოიცვა ისეთი ეკონომიკურად დიდი ქვეყანა, როგორიც იტალიაა. ახალმა პრემერ-მინისტრმა მარიო მონტიმ მოახერხა მომჭირნეობის ზომების პაკეტის მიღება, რასაც იტალიისთვის სესხის მიცემის საპროცენტო განაკვეთის შემცირება მოჰყვა. როგორც ითქვა, სარკოზი და მერკელი ერთობლივად ცდილობენ გადაარჩინონ ის, რაც ჯერ კიდევ შედარებით სტაბილურია, - დანარჩენი ქვეყნები, ევროზონის უმრავლესობა. ერთი მხრივ, სარკოზი და მერკელი მოითხოვენ, რომ მომავალში ბიუჯეტები არა მხოლოდ პარლამენტებმა და მთავრობებმა, არამედ საკონსტიტუციო სასამართლოებმა დაამტკიცონ. და,ამავე დროს, ბერლინი და პარიზი არ მალავენ, რომ მათი ერთიანობა სასიცოცხლოდ მიშვნელოვანია:

„გერმანია და საფრანგეთი ევროპის უდიდესი ეკონომიკების მქონე სახელმწიფოებია. თუ განსხვავებული აზრები გვექნა, ამან ევროპისთვის შეიძლება აფეთქების ეფექტი იქონიოს. ეს კრიზისი დამატებით პასუხისმგებლობას გვაკისრებს ერთიანობის საქმეში.“

ამ ერთიანობის ერთგულნი დარჩნენ მერკელი და სარკოზი საკითხში, რომელსაც საერთო ევროპული ობლიგაციები, ეგრეთ წოდებული ევრობონდები ჰქვია. ევროზონას აქვს ფონდი, რომლიდანაც ვალებში ჩავარდნილ ქვეყანას დახმარებას უწევენ კრედიტების სახით. არსებობდა წინადადება, რომ შემოღებულიყო საერთო ევროპული ობლიგაცია, ევრობონდები, რაც კიდევ უფრო მეტ ერთობლივ პასუხისმგებლობას გულისხმობს მთლიანად ევროზონაში. სარკოზიმ თავისი და გერმანიის კანცლერის პოზიცია ცხადად გამოხატა:

„გერმანია და საფრანგეთი შეთანხმდნენ, რომ ევრობონდები არ არის კრიზისის მოგვარების გზა. არავითარ შემთხვევაში. და მართლაც, მინდა გითხრათ, რომ უცნაური იქნებოდა გაგვეერთიანებინა ეს ვალები და გერმანიას და საფრანგეთს სხვების ვალები ეხადათ, თანაც ისე, რომ არ სცოდნოდათ მათი წარმოშობის მიზეზები.“

პარიზი და ბერლინი იმაზეც შეთანხმდნენ, რომ სახელმწიფოების გაკოტრების შემთხვევაში შესაძლებელი იქნება კერძო სექტორის ჩართვა, რაც საერთაშორისო სავალუტო ფონდის წესების მიხედვით უნდა მოხდეს. რასაც საფრანგეთი და გერმანია ახლა ცდილობენ, არ არის პოპულარული იდეა ბლოკის ქვეყნებს შორის. მაგალითად, პოლონეთი იმის მომხრეა, რომ გადაწყვეტილებები მიიღოს ევროკავშირმა და არა ორმა, თუნდაც ეკონომიკურად უძლიერესმა, სახელმწიფომ. ამ ქვეყნის ევროპის საკითხთა მინისტრმა, მიკოლაი დოვგიელევიჩმა განაცხადა, რომ ევროპის კავშირის საბჭოს თავმჯდომარეს ჰერმან ვან რუმპეს აქვს უფლება ასეთი წინადადებით გამოვიდეს. პოლონეთი ახლა ევროკავშირის მორიგე თავმჯდომარეა, მაგრამ ის არ გაუძღვება ხუთშაბათის სამიტს, მასზე თავმჯდომარე სწორედ ვან რუმპე იქნება.

ნიკოლა სარკოზის და ანგელა მერკელის შეხვედრის ფონზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ აშშ-ის საერთაშორისოდ აღიარებულმა სააგენტომ, „სტანდარტს ანდ პუურსმა“, მომავალში შეიძლება ევროზონის ქვეყნებს საკრედიტო რეიტინგი შეუმციროს, რაც ვალების აღების შემთხვევაში მაღალ საპროცენტო განაკვეთს ნიშნავს. გერმანიას და საფრანგეთს, სხვა ოთხ ქვეყანასთან ერთად, უმაღლესი რეიტინგი აქვთ ახლა. თუმცა სააგენტო იმასაც იუწყება, რომ დაელოდება სამიტს და გადაწყვეტილებას შემდეგ მიიღებს, იმის მიხედვით, თუ რა ზომებს მიმართავს ევროზონა კრიზისის დაძლევისა და ევროს გადარჩენისათვის. ორშაბათს ბრიუსელში, პრესკონფერენციაზე, ანგელა მერკელმა განაცხადა, „ჩემი აზრით, ეს პაკეტი ადასტურებს, რომ მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი ყველაფერი ვიღონოთ, რათა ევრო კვლავაც შევინარჩუნოთ, როგორც სტაბილური ვალუტა, და განვავითაროთ ის, როგორც ევროპის ერთიანობის მნიშვნელოვანი ფაქტორიო“. ეს გადაწყვეტილება ევროს, როგორც იდეის, გადარჩენის წადილს უფრო ჰგავს.
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG