Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ორი ანთოლოგია


“ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ” თითქმის ერთდროულად გამოსცა ორი მოზრდილი ანთოლოგია - ერთში XXI საუკუნის ქართული მოთხრობებია თავმოყრილი, მეორეში კი ბოლო ორი საუკუნის ამერიკული მოთხრობები.

ამას წინათ ჟურნალ “მასწავლებლის” დაკვეთით ორი სტატია დავწერე თემაზე “მხატვრული ლიტერატურა და ახალგაზრდები” და იქ, სხვათა შორის, ძალიან მოკლედ, თანამედროვე ქართულ ანთოლოგიებსაც შევეხე. მაშინ იმდენად არ განმივრცია ეს თემა, უბრალოდ, ვურჩევდი ახალგაზრდა მკითხველებს თვალყური ედევნებინათ ლიტერატურული პრესისთვის, განსაკუთრებით ისეთებისთვის, სადაც თანამედროვე ლიტერატურა იბეჭდება და ყურადღება მიექციათ ყველა გამომავალი ანთოლოგიისთვის, პოეტურისთვისაც და პროზაულისთვისაც, ცხადია, ისეთი ანთოლოგიების გამოკლებით, სადაც განურჩევლადაა ჩაყრილი ყველა და ყველაფერი და რომლებსაც კოჭებში ეტყობათ, რომ მონაწილეობისთვის ავტორები სულ სხვა პრინციპით იყვნენ შერჩეულნი და სადაც ყოველი გვერდი რაღაც თანხა ღირდა.
ასეთები შორს ჩვენგან, დანარჩენებზე კი ვიტყვი, რომ ბოლო წლებში საკმაოდ ბევრი სხვადასხვა ანთოლოგია გამოვიდა ქართულ ენაზე, XX საუკუნის პოეზიის თუ პროზის, ზოგადად ქართული პროზის და პოეზიის ვრცელი ანთოლოგიები, თარგმანის ანთოლოგიები, თანამედროვე ლიტერატურის კრებულები, რომელთა შორისაც სანიმუშოა ყოველწლიური “15 საუკეთესო” და სხვ. ყველა ეს ანთოლოგია, განსაკუთრებით თანამედროვე ლიტერატურას რომლებიც მოიცავენ, საუკეთესო საშუალებაა, რათა მკითხველებმა გადაამოწმონ თავიანთი გემოვნება, თანამედროვე ქართული ლიტერატურის თავიანთი ხედვა და დასვან კითხვები: იქნებ რომელიმე ნაწარმოები არ იყო შესატანი კრებულში? ან იქნებ უსამართლოდ დაიჩაგრა ვინმე?

ანთოლოგიები საუკეთესო საშუალებაა ახალგაზრდა, დამწყები მკითხველისთვის ვითარებაში გასარკვევად, თუმცა, თამამად ვიტყვი, რომ ახალგაზრდებზე მეტად ეს ანთოლოგიები ძველი თაობის მწერლებს და მკითხველებს სჭირდებათ. ყველაზე ცოტას დღეს სწორედ ცოცხალი კლასიკოსები კითხულობენ თავიანთ უმცროს კოლეგებს, ყველაზე მეტად მათ სჭირდებათ ასეთი ანთოლოგიები, რათა სამომავლოდ ზოგიერთი მათგანის გვარები მაინც დაიმახსოვრონ და ინტერვიუში რაღაც ზოგადი ფრაზებით არ შემოიფარგლონ ხოლმე, როდესაც ახალბედა მწერლებზე ჩამოვარდება სიტყვა.

სწორედ ასეთი ანთოლოგიაა ბაკურ სულაკაურის მიერ გამოცემული “XXI საუკუნის ქართული მოთხრობა”, სადაც თანამედროვე კლასიკოსებსაც შეხვდებით და სრულიად ახალბედა ავტორებსაც, სადაც ნუგზარ შატაიძესთან, აკა მორჩილაძესთან, ირაკლი სამსონაძესთან, ზაზა თვარაძესთან, შოთა იათაშვილთან და კოტე ჯანდიერთან ერთად, ჯაბა ზარქუას, ნინო ტეფნაძის და ნიკუშა ანთაძის მოთხრობებიც შეგიძლიათ წაიკითხოთ.

ყველა ამ მოთხრობას ის აერთიანებს, რომ XXI საუკუნეშია დაწერილი და, შესაბამისად, ეს წიგნი ახალი საუკუნის პირველი ათწლეულის ერთგვარ ლიტერატურულ შეჯამებას წარმოადგენს. სხვა საკითხია, რამდენად ზუსტადაა შეჯამებული ეს ყველაფერი, ანუ რამდენად ადეკვატურად გამოხატავს ანთოლოგია ამ ათი წლის ლიტერატურულ პროცესს, და აქ უკვე შემდგენელის პასუხისმგებლობაზე მოგვიწევს საუბარი. ალბათ, ასეც უნდა იყოს, შემდგენელს ყოველთვის აქვს უფლება თავისი გემოვნება მოახვიოს თავს მკითხველს და ეს უფლება ყველაზე მეტად აცოცხლებს - ყოველ შემთხვევაში, უნდა აცოცხლებდეს - სამწერლო ცხოვრებას. ამჯერად კი ვიტყვი, რომ აქ დაბეჭდილი რამდენიმე მოთხრობა თავის დროზე დავიწუნე და ჩემს გამოცემაში არ დავბეჭდე, თუმცა მოგვიანებით სხვაგან დაიბეჭდა ეს ნაწარმოები და აჰა, ანთოლოგიაშიც მოხვდა. ამ მოთხრობების გადაკითხვის შემდეგ კიდევ ერთხელ დავრწმუნდი ჩემი აზრის სისწორეში, თუმცა ამას არანაირი მნიშვნელობა არა აქვს. მთავარია, რომ იმ მოთხრობამ ნახა თავისი მკითხველი, მიუხედავად იმისა, რომ პირადად ჩემი ასარჩევი რომ ყოფილიყო, იმავე ავტორის რომელიმე სხვა მოთხრობას შევიტანდი ანთოლოგიაში.

სხვათა შორის, ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი თემაა, რადგან ზოგჯერ რომელიმე ავტორის თუ ტექსტის მიღმა მკითხველთა გარკვეული წრე დგას და შემდგენელს ამ წრისთვის ანგარიშის გაწევა უწევს.

მე ყველაზე მეტად ახალბედა ავტორები მაინტერესებდა, რომლებიც ამ კრებულში მოხვდნენ. Aი, მაგალითად, ჯაბა ზარქუას მოთხრობის - “ლაბორატორია კანდიდო” - კითხვა რომ დავიწყე, მეგონა თარგმანს ვკითხულობდი, რომ არა რამდენიმე მამაპაპური ქართული ჟარგონი. სხვათა შორის, 90-იანი წლებიდან მოყოლებული, არაერთხელ შემქმნია ასეთი შთაბეჭდილება დამწყები ავტორის კითხვისას. ამაში არაფერია ცუდი, განსაკუთრებით, როცა ავტორი ოსტატურად და ლაღად წერს. ეს მოთხრობაც, ჭკუამხიარული, მსუბუქი მონათხრობია ინცესტებზე, მოჭრილ თავებზე, გაფატვრებზე და სხვა ასეთ რაღაცებზე. ალბათ, ასე წერდა გუსტავ მაირინკი დამამთავრებელ კლასებში, შეიძლება კაფკაც, ვინ იცის.

კარგი იყო ნინო ტეფნაძის მოთხრობაც. ბოლოსკენ რამდენიმე საინტერესო აღმოჩენა გავაკეთე, როგორც მკითხველმა, ზოგიერთმა სვლამ სასიამოვნოდ გამაკვირვა კიდეც, მაგრამ ბანალურმა ფინალმა ცოტათი გააუფერულა ეს ეფექტი.

ზემოთ ჩამოთვლილების გარდა, აღვნიშნავდი ირმა ტაველიძის, მიკა კიკაჩეიშვილის, ზურაბ ლეჟავას, ლაშა ბუღაძის, მაკა მიქელაძის, გურამ მეგრელიშვილის, ბაჩო კვირტიას, ზაზა ბურჭულაძის, დავით ქართველიშვილის, გელა ჩქვანავას, ბესო ხვედელიძის მოთხრობებს. შესაძლოა ვინმე გამომრჩა, რისთვისაც ბოდიშს მოვუხდი ავტორებს, ვიღაცები კი პრინციპულად გამოვტოვე.

ლამის ამ წიგნთან ერთად გამოიცა კიდევ ერთი ანთოლოგია, “ამერიკული მოთხრობები”, რომელმაც მრავალწლიანი პაუზის შემდეგ ისევ დაგვაბრუნა ამ არაჩვეულებრივ სამყაროში. გახსოვთ, ალბათ, ორტომეული, “ამერიკული ნოველა”, რომელზეც თაობები გაიზარდნენ.

ამ წიგნში ძირითადად 2 საუკუნის მანძილზე დაწერილი ნაწარმოებებია შესული - ვაშინგტონ ირვინგისა და ნათანიელ ჰოთორნის გოთიკური პროზიდან დაწყებული, კურტ ვონეგუტითა და ჯონ აპდაიკით დამთავრებული.

ძალიან კარგია, რომ წიგნში ძირითადად ახალი თარგმანებია შესული და მოთხრობების უმრავლესობა პირველად ქვეყნდება ქართულ ენაზე. ძველებიდან მხოლოდ გერონტი ქიქოძის ჯეკ ლონდონი და ალექსანდრე გამყრელიძის ედგარ პო მახსენდება. ზოგიერთი ახალგაზრდა მთარგმნელი შესანიშნავად ართმევს თავს ამოცანას, რომელთაგან ირმა ტაველიძე და ნიკა სამუშიას გამოვყოფდი. ირმამ - არც მეტი, არც ნაკლები - ჰერმან მელვილის “გადამწერი ბარტლბი” თარგმნა, ნიკას მიერ თარგმნილი ფრენსის სკოტ ფიცჯერალდის “ზამთრის ოცნებები” კი ძალიან ზუსტი იყო ინტონაციურად.

ვისაც ეს მწერალი უყვარს, ალბათ, დამეთანხმება, რომ ფიცჯერალდის ოსტატობა კარგად ჩანს ამ მოთხრობაში, ოსტატობა მწერლისა, რომელიც თხრობისას არ ცვლის ტონალობას, ვნების ტონალობას. ხშირად მისი გმირი ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებს, თითქოს იგი მზად იყოს შეცდომა დაუშვას, თითქოს განწირულია სამუდამოდ დაშორდეს ბედნიერებას, თუნდაც სახიფათოს, მაგრამ ბედნიერებას. ყოველ შემთხვევაში, ამ მოთხრობაში ასეა, სხვაგან სხვა სქემებს იყენებს ხოლმე სკოტ ფიცჯერალდი.

დაბოლოს, შენიშვნა, ძალიან არსებითი შენიშვნა: არც ერთ ამ ანთოლოგიას ერთი სიტყვაც კი არ ახლავს მასში შეტანილი ავტორების შესახებ, არანაირი ბიოგრაფიული ცნობები, გარდა დაბადების, და, ზოგიერთის შემთხვევაში, გარდაცვალების თარიღებისა. ასევე არ აწყენდა თითოეულ ამ წიგნს კარგი მიმოხილვითი ან ექსპრესიული წინასიტყვაობა, რომელიც გზამკვლევის ფუნქციას შეასრულებდა.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG