Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აუგუსტ ჰაქსტჰაუზენი საქართველოს შესახებ


გამომცემლობა “არტანუჯმა” გერმანელი მოგზაურისა და მეცნიერის, ავგუსტ ჰაქსტჰაუზენის მიერ საქართველოს შესახებ დაწერილი წიგნი გამოსცა. წიგნი პირველად გამოვიდა ქართულ ენაზე და იგი გერმანულიდან გია გელაშვილმა თარგმნა.

“არტანუჯმა” უკვე მერვე წიგნი დაბეჭდა თავისი “წყაროების” სერიაში, რომელშიც თავის დროზე კიდევ ერთი გერმანელი ავტორის, ედუარდ აიხვალდის ჩანაწერები შევიდა, ისიც ბატონი გია გელაშვილის მიერ თარგმნილი.
სწორედ ჰაქსტჰაუზენს აქვს არაჩვეულებრივად დახასიათებული რუსული მმარველობის შემოღება და მისი დამკვიდრება საქართველოში...

ზოგადად, უცხოელი ავტორების მიერ საქართველოს შესახებ ჩანაწერებისა თუ ფოტომასალის შეგროვებას, სისტემატიზებას და თარგმნას საკმაოდ დიდი ტრადიცია აქვს ჩვენს ქვეყანაში და ძალიან კარგია, რომ თითქმის ყოველწლიურად რაღაც ახალი მასალა ჩნდება ხოლმე ამ თვალსაზრისით.

ჰაქსტჰაუზენის სახელი ბევრს ჰქონდა გაგონილი აქამდე. ერთხელ 1946 წელს გამოცემული თბილისის 1500 წლის იუბილისადმი მიძღვნილი წიგნი ჩამივარდა ხელში, სადაც სხვათა შორის, ნიკოლოზ ბადრიაშვილის ორი ძალიან ზუსტი და დაწვრილებითი სტატია იყო შესული, რომელთაგან ერთ-ერთი ქალაქ თბილისის მატერიალური კულტურის ძეგლებს ეძღვნებოდა. მას ჰქონდა მოყვანილი მოზრდილი ციტატა ჰაქსტჰაუზენის წიგნიდან, სადაც იგი თბილისურ დარბაზს და მისი აგების პრინციპებს აღწერდა. მახსოვს, მაშინ ძალიან დავინტერესდი ამ გამოცემით და დაახლოებით წარმოვიდგინე კიდევ რა მასალა შეიძლებოდა აღმომეჩინა იმ წიგნში. დღეს ეს წიგნი უკვე ქართულადაც გვაქვს და შემიძლია გითხრათ, რომ წაკითხულმა მოლოდინს გადააჭარბა. იქ მე მოსალოდნელზე გაცილებით მრავალფეროვან ცნობებს წავაწყდი.

წიგნის მთარგმნელი, გია გელაშვილი ჩემთან საუბრისას რუსულ არასრულ თარგმანსაც შეეხო:

“ჰაქსტჰაუზენის ეს მასალები აქამდე რუსულად იყო გამოქვეყნებული, მაგრამ იმ რუსულ გამოცემაში ამოღებული იყო ის ნაწილი, სადაც რუსეთის იმპერია ცოტა სხვანაირად იყო დახასიათებული. ჩვენ, რა თქმა უნდა, ამას არ გამოვტოვებდით, რადგან სწორედ რუსული მმართველობა გვაინტერესებდა ყველაზე მეტად. სწორედ ჰაქსტჰაუზენს აქვს არაჩვეულებრივად დახასიათებული რუსული მმართველობის შემოღება და მისი დამკვიდრება საქართველოში. მოგეხსენებათ, ეს არის 1843 წელს ჩამოსული მოგზაური და ეს პერიოდია, რომელსაც წინ უძღოდა ჰანის რეფორმის გატარება საქართველოში. ის იმპერატორმა ნიკოლოზმა გამოგზავნა საქართველოში, რომ აქ ადგილზე შეესწავლა ვითარება, იმიტომ რომ კავკასიიდან ძალიან ბევრი არასასიამოვნო ამბავი მიდიოდა ნიკოლოზ I-ის ყურამდე, იმ სისაძაგლეების შესახებ, რაც ხდებოდა საქართველოში. ეს რომ დაერეგულირებინა მას, რა თქმა უნდა, სურდა, რომ თავისი კოლონია მორჩილი ჰყოლოდა და აქ სიმშვიდე ყოფილიყო, სურდა ეს პრობლემები მოეგვარებინა.”
მთელი მმართველობა სამხედრო ძალას ემყარება, რის გამოც ქვეყანა ოხრავს. ეს მძაფრ ზიზღს წარმოშობდა თითქმის ყველა კავკასიურ ხალხებში რუსული მმართველობის წინააღმდეგ...

ჰანის რეფორმას განსაკუთრებული შედეგი არ მოჰყოლია, ამაზე ჰაქსტჰაუზენმაც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნავდა, რომ მის პროექტს არ ეწერა განხორციელება. ეს მნიშვნელოვანწილად რუს მოხელეებზე იყო დამოკიდებული და ჰაქსტჰაუზენის წიგნის ყდაზე გამოტანილი სიტყვები სწორედ ამაზე მეტყველებენ:

“მთელი მმართველობა სამხედრო ძალას ემყარება, რის გამოც ქვეყანა ოხრავს. ეს მძაფრ ზიზღს წარმოშობდა თითქმის ყველა კავკასიურ ხალხებში რუსული მმართველობის წინააღმდეგ” - ეს სიტყვები, რუსული მმართველობისათვის ცხადია ყოვლად მიუღებელი იყო და სწორედ ეს და სხვა შეფასებები ამოიღეს რუსული გამოცემებიდან. გარდა ამისა, აი ვთქვათ მეორე ფრაგმენტი: “რაც ველიკოროსიისთვის სავსებით მისაღებია სისტემის თვალსაზრისით, მიუღებელია, ან სულაც, დამღუპველია ბალტიისპირა გერმანული პროვინციებისა და კავკასიის ქვეყნებისათვის.” ამას ჰაქსტჰაუზენი ძალიან კარგად ხედავს, იმიტომ, რომ თვითონ იურისტიცაა, მიუხედავად იმისა, რომ იგი აგრარული საქმის უზარმაზარი სპეციალისტი იყო. ჰაქსტჰაუზენი ძალზე განათლებული პიროვნება იყო, რომელიც ფაქტობრივად ნიკოლოზ I-მა მოიწვია და ჯამაგირიც კი გაუჩინა, რომ მას შეესწავლა რუსეთის ვითარება”.

საქართველოში ჰაქსტჰაუზენი 3 აგვისტოდან 20 სექტემბრამდე იმყოფებოდა. მისი მარშრუტი ასეთი იყო - ბიჭვინთა, რედუტ-კალე (ახლანდელი ყულევი), ანაკლია, ზუგდიდი, ხონი, ქუთაისი, ყვირილა, სამთავისი, მცხეთა, ტფილისი. ტფილისში ჰაქსტჰაუზენმა მოიხილა გერმანული კოლონიები, იყო მარტყოფში, მოიარა კახეთი, გადავიდა სომხეთში, შემდეგ ამობრუნდა და ოსებით დასახლებული ქართლის სოფლებშიც იმოგზაურა, დაბოლოს, უფლისციხის გავლით გადავიდა დასავლეთ საქართველოში, ჩაუყვა რიონს, გაიარა ფოთში და რედუტ-კალედან დატოვა საქართველოს ფარგლები.

მას ინფორმატორების რამდენიმე წყარო ჰყავდა. პირველ რიგში ქართველი თავადები, შემდეგ რუსი დიდმოხელეები, ტფილისში დასახლებული გერმანელი კოლონისტები, სომეხი მოქალაქეები, რუსი ოფიცრები და ებრაელები. ძირითადად სწორედ ამ ხალხის დახმარებით გაერკვა ჰაქსტჰაუზენი აქაურობაში, თუმცა, როგორც მისივე წიგნიდან ირკვევა, მას მოგვიანებით მთელი არსებული ლიტერატურაც გაუთვალისწინებია, რომელიც მანამდე შეუქმნიათ ჩვენთან სტუმრად ჩამოსულ მოგზაურებს.

წიგნში ძალზე დეტალურადაა მოთხრობილი აქაური წეს-ჩვეულებების შესახებ, ჩაცმულობაზე, ძველსა და ახალ არქიტექტურაზე, ფლორასა და ფაუნაზე, კვებისა და სმის კულტურაზე, სიმღერაზე, ცეკვაზე, ადგილობრივ მითოლოგიაზე.
ავგუსტ ჰაქსტჰაუზენი
ავგუსტ ჰაქსტჰაუზენი

წიგნი პირველ რიგში უძვირფასეს წყაროს წარმოადგენს თბილისის ისტორიკოსებისთვის და მათთვის, ვინც თბილისის შესახებ ყველაზე ეგზოტიკურ ცნობებს ეძებს. აქ არის დეტალური ცნობები თბილისში გავრცელებული საამქრო წყობის, ჰამქრობის შესახებ. და ვფიქრობ, ეს XIX საუკუნის ყველაზე სრულყოფილი აღწერაა ამ უმნიშვნელოვანესი ქალაქური ინსტიტუტისა. დიდი ადგილი ეთმობა არქიტექტურას, ზუსტ მონაცემებს ქალაქის მოსახლეობის, ეთნიკური შემადგენლობისა და სოციალური ფენების შესახებ და რაც მთავარია, იგი აღწერს ბევრ საინტერესო დეტალს, რომლებიც სხვა ავტორებთან იშვიათად გვხვდება, ან გვხვდება მხოლოდ როგორც კოლორიტის ნაწილი. ჰაქსტჰაუზენის დროს ჯერ კიდევ ბანიანი ქალაქი იყო ტფილისი, ამიტომ ამ ქალაქური სიმბოლოს აღწერაცაა წიგნში - ნაგებობის ტიპისა, რომლის კვალიც სამწუხაროდ გაქრა დღევანდელი თბილისიდან.

წიგნში რამდენიმე გულუბრყვილო და მითოლოგიზებულ მოსაზრებასაც ვხვდებით და ეს ნაწილობრივ გაართობს კიდეც ქართველ მკითხველს. მაგალითად, ჰაქსტჰაუზენი მეგრელებს ქამარშემოკრული ქურთუკისა და თავზე წამოხურული ყაბალახის გამო კაპუცინებს ადარებს და ვარაუდობს, რომ წმ. ფრანცისკ ასიზელის მიმდევრებმა სწორედ მეგრელებისგან გადაიღეს ეს ჩაცმულობა, კერძოდ კი, ეს იმ დროს შავი ზღვის სანაპიროზე მცხოვრები გენუელების დამსახურებით მოხდა. სამთავისის ფრესკები საშუალო დონის იტალიელი მხატვრების მოხატული ჰგონია, ხოლო მთელ რიგ ქართულ გვარებს იტალიური წარმოშობისად მიიჩნევს, ამ გვარის მატარებლებს კი გენუელების მემკვიდრეებად.

ძალიან ძვირფას ცნობებს შეიცავს წიგნი ოსური ეთნოგრაფიის, მითოლოგიისა და ისტორიის თვალსაზრისითაც. მათზე საუბრისას ავტორს ყოველთვის გერმანია ახსენდება და ლუდის ხარშვის წესები იქნება თუ საქორწილო რიტუალები, ყოველთვის თავის სამშობლოსთან ავლებს პარალელებს. ბევრ, მსუბუქად რომ ვთქვათ, საკამათო აზრს გამოთქვამს ჰაქსტჰაუზენი ქართული მეღვინეობის შესახებაც, თუმცა ძნელია ზოგ რამეში არ დაეთანხმო გერმანელ ავტორს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც იგი ჩვენს ყველაზე გავრცელებულ სენზე, სიზარმაცესა და გულგრილობაზე საუბრობს.
XS
SM
MD
LG