Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოპოზიციური პარტიები სასამართლოს მოუწოდებენ განიხილოს დასუფთავების გადასახადის გამო შეტანილი სარჩელი


თბილისის დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები
თბილისის დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები
თბილისის საკრებულოს ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები საქალაქო სასამართლოს მოუწოდებენ სწრაფად განიხილოს დასუფთავების გადასახადთან დაკავშირებული სარჩელი, რომელიც მათ სასამართლოში სამი თვის წინ შეიტანეს. სარჩელი საკრებულოს მიერ ხუთი კანონის დარღვევას ეხება და დასუფთავების გადასახადის თაობაზე საკრებულოს გადაწყვეტილების გაუქმებას მოითხოვს. რესპუბლიკელი თინა ხიდაშელი აცხადებს, რომ სასამართლომ უკვე დაარღვია პროცესუალური ვადა და შეგნებულად თავს არიდებს მის განხილვას.
ჩვენი სარჩელი დღემდე არ არის განხილული, დარღვეულია ყველანაირი პროცესუალური ვადა და ჩვენთვის გასაგებია, თუ რატომ არიდებს თავს ჩვენი სარჩელის განხილვას ...

თბილისის საკრებულოს წევრები - თინა ხიდაშელი, ”რესპუბლიკური პარტიიდან”, და ზურაბ აბაშიძე, ”თავისუფალი დემოკარტებიდან”, 4 ნოემბერს საქალაქო სასამართლოსთან თავიანთი ერთობლივი სარჩელის სასამართლოში რეგისტრაციის ფურცლით მივიდნენ, რომელსაც აწერია - 21 ივლისი, 2011 წელი. საკრებულოს ოპოზიციის წარმომადგენლები დასუფთავების გადასახადის შესახებ საკრებულოს გადაწყვეტილების გაუქმებას მოითხოვენ. სამი თვის შემდეგაც სასამართლოს საქმის განხილვა არ დაუწყია:

”ჩვენი სარჩელი დღემდე არ არის განხილული, დარღვეულია ყველანაირი პროცესუალური ვადა და ჩვენთვის გასაგებია, თუ რატომ არიდებს თავს ჩვენი სარჩელის განხილვას - შეუძლებელია ჩვენ ეს საქმე წავაგოთ და შეუძლებელია მოსამართლემ დაასაბუთოს რატომ არ აუქმებს საკრებულოს გადაწყვეტილებას დასუფთავების გადასახადის შესახებ. ათიათასობით თბილისელის ინტერესი დგას ამ საქმის უკან და სასამართლოს ვალია, რაც შეიძლება მალე გასცეს მათ პასუხი და დააკმაყოფილოს მათი ინტერესები.”

თინა ხიდაშელი საქმის წაგებას გამორიცხავს. მათ არგუმენტებზე, მისი თქმით, მერიას პასუხი არ გააჩნია. სარჩელში წერია, რომ საკრებულომ ერთდროულად ხუთი კანონი დაარღვია:

”დაირღვა ინფორმაციის თავისუფლება, ანუ საჯაროობის ნაწილს ვგულისმობ ამ აქტის განხილვის დროს, დაირღვა აქტის გამოქვეყნების წესი, დაირღვა ნორმატიული აქტების შესახებ კანონი, რადგან საბიუჯეტო ცვლილება არ ჰქონდა თანდართული ამ კანონს, მოსაკრებლის შესახებ კანონიც დარღვეულია და საბიუჯეტო სისტემის შესახებ კანონიც.”
ჩვენი სარჩელი ეფუძნება ყველა იმ კანონს, რომელიც საკრებულომ დაარღვია და რომელსაც ის არღვევს ყოველდღიურად...

დასუფთავების გადასახადის ტვირთი, იმ მარტივი მიზეზით, რომ ზამთარი წინაა, თბილისის მოსახლეობას ჯერ სრულად არ უგრძვნია - სარჩელის დაუყოვნებლივ განხილვას საკრებულოს ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები სწორედ ამ მოტივით მოითხოვენ.

”ჩვენი სარჩელი არის ძალიან კონკრეტული,სამართლებრივად გამართული და მისი დაკმაყოფილების ხელისუფლებას ძალიან ეშინია. მოვითხოვთ დაუყოვნებლივ მის განხილვას, რადგან თუ მიიღებს სასამართლო სამართლიან გადაწყვეტილებას, ამას მოჰყვება იმ გადაწყვეტილების შეცვლაც, რომელიც მერიამ მიიღო და საკრებულომ დაამტკიცა”, - აცხადებს ზურაბ აბაშიძე.

შეგახსენებთ, რომ საკრებულოს გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნით სასამართლოს ”ქრისტიან-დემოკრატებმაც” მიმართეს, თუმცა პირველ ინსტანციაში მათ საქმე წააგეს. მაშ, რა გარანტიაა, რომ საკრებულოს ოპოზიციის მეორე ნაწილის სარჩელს სასამართლო დააკმაყოფილებს? - ვეკითხებით თინა ხიდაშელს:

”მათი სარჩელი მხოლოდ სამლარიან ტარიფზე იყო დაფუძნებული და არ იყო ასე მრავალმხრივი. გასაგებია, რომ, სიტყვების თამაშიდან გამომდინარე, რომლითაც მიმართა საკრებულომ სასამართლოს, მათ ადვილად უთხრეს უარი სარჩელის დაკმაყოფილებაზე, რასაც ვერ გააკეთებენ ჩვენს შემთხვევაში, რადგან ჩვენი სარჩელი ეფუძნება ყველა იმ კანონს, რომელიც საკრებულომ დაარღვია და რომელსაც ის არღვევს ყოველდღიურად.”

თავის მხრივ, ბრძოლის შეწყვეტას არც ”ქრისტიან-დემოკრატები” აპირებენ -მათ საქმე უკვე გაასაჩივრეს სააპელაციო სასამართლოში, სადაც მორიგი სხდომა ერთ კვირაში უნდა გაიმართოს.

საქალაქო სასამართლო კი ამ ამბავს დღის ბოლოს პრესრელიზით გამოეხმაურა, რომელშიც ვკითხულობთ:

"სარჩელი წარმოებაში იქნა მიღებული 2011 წლის 26 ივლისს. დაიწყო საქმის არსებითი განხილვისათვის მომზადება: მოპასუხე მხარეს გადაეგზავნა სარჩელი თანდართული დოკუმენტებით და დაენიშნა 5-დღიანი ვადა შესაგებლის წარმოსადგენად. სარჩელი მოპასუხეს ჩაბარდა 27 ივლისს, ხოლო შესაგებელი წარმოდგენილ იქნა სასამართლოში 1 აგვისტოს.

შესაგებელი გაეგზავნა მოსარჩელეს 2011 წლის 4 აგვისტოს და ჩაბარდა მას 10 აგვისტოს.

აღსანიშნავია, რომ საქმის განმხილველი მოსამართლე 2011 წლის 17 აგვისტოდან 17 სექტემბრის ჩათვლით იმყოფებოდა კუთვნილ შვებულებაში; აღნიშნულიდან და საქმის განსაკუთრებული სირთულიდან გამომდინარე, სასამართლოს 2011 წლის 26 სექტემბრის განჩინებით საქმის განხილვის ვადა გაგრძელებულია 5 თვემდე, რომელიც იწურება 2011 წლის 26 დეკემბერს. შესაბამისად, სასამართლოს მიერ არ დარღვეულა საქმის განხილვის საპროცესო ვადა და არ დასტურდება მოსამართლის მიერ საქმის განხილვის ხელოვნურად გაჭიანურების ფაქტი.
  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG