Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნიკოლო მიწიშვილის “პუბლიცისტიკა”


ნიკოლო მიწიშვილი
ნიკოლო მიწიშვილი
გამომცემლობა “მერიდიანმა” ნიკოლო მიწიშვილის პუბლიცისტური წერილებისა და ლიტერატურულ-კრიტიკული ესეების სრული კრებული გამოსცა, სადაც 10-30-იან წლებში დაწერილი სტატიებია თავმოყრილი. წიგნის რედაქტორი და შემდგენელი მწერლის ვაჟი, ილამაზ მიწიშვილი გახლავთ, ვინც უკანასკნელი წლების მანძილზე ნიკოლო მიწიშვილის არაერთი კრებული მოამზადა გამოსაცემად.
ამ წიგნის წინასიტყვაობაში შემდგენელს ავტორის სიტყვები მოჰყავს - “მე თქვენთანა ვარ ამ დიდ შარაზე, როგორც პოეტი და მოქალაქე” - და დასძენს, რომ ამ წიგნით მკითხველი, პირველ რიგში, ნიკოლო მიწიშვილ-მოქალაქეს გაეცნობა, სადაც იგი ბევრ მნიშვნელოვან აზრს ამოიკითხავს, მნიშვნელოვანს არა მხოლოდ მაშინდელი, არამედ თანამედროვე საზოგადოებისთვისაც. კრიტიკოსმა ლევან ბრეგაძემ ასე დაახასიათა ეს წიგნი:

“ამ წიგნში წარმოდგენილია ნიჭიერთა და სახელმწიფო დონეზე ორგანიზებულ უნიჭოთა ბრძოლის ეპიზოდები გასული საუკუნის 20-30-იანი წლების ქართულ მწერლობაში. უნიჭოებს სჩვევიათ მიეტმასნონ სახელმწიფოს. იმ დროს ისინი პროლეტკულტელებად მოიხსენიებოდნენ. მათ ყოველთვის მართალი, უცდომელი ეგონათ თავი. ნიჭიერი შემოქმედი კი (და ნიკოლო მიწიშვილი სწორედ ასეთი იყო) სულ ძიებაშია, შემოქმედებით რისკს ეწევა, ხან წარმატებას აღწევს, ხან მარცხდება, აღიარებს მარცხს და წინ მიდის. როცა პროლეტკულტელები შემოქმედებით შეჯიბრში დამარცხდნენ, მათ მიერ მხარდაჭერილი სახელმწიფო მანქანის დახმარებით ფიზიკურად გაანადგურეს ამ წიგნის ავტორი და მისი მეგობრები. ამით ხელისუფლებამ თავისდაუნებურად აღიარა დიდი ძალა მათი სიტყვისა, მათი შემოქმედებისა, რომელსაც თავგასულმა უნიჭობამ ნიჭიერ შემოქმედთა ფიზიკური მოსპობის გარდა ვერაფერი დაუპირისპირა.”
ვფიქრობ, ბერიას გინებისთვის დააპატიმრეს. სხვა მიზეზი არაფერი უნდა ყოფილიყო...

ნიკოლო მიწიშვილი 1937 წლის ერთ-ერთი პირველი მსხვერპლი იყო. მის წინააღმდეგ ჯერ კიდევ 1930-იანი წლების დასაწყისიდან თხზავდნენ საქმეს. ვინმე კრიტიკოს მელაძეს ჯერ კიდევ 1931 წელს ჰქონდა დაბეჭდილი სტატია, სათაურით “მემარჯვენე ტენდენციების წინააღმდეგ. ნ. მიწიშვილის წერილის გამო”. თავდასხმები შემდეგაც გრძელდებოდა, 1937 წლის გაზაფხულზე კი უკვე კავშირის ახლად დანიშნულმა თავმჯდომარემ, დავით დემეტრაძემ შეუტია მიწიშვილს. ეს მაისის ბოლოს გამართულ ერთ-ერთ სხდომაზე მოხდა, 1 ივნისს კი ნიკოლო მიწიშვილი დააპატიმრეს. როგორც გაირკვა, იგი თავად ერთ-ერთ ჯალათს, ბახჩო ქობულოვს წამოუყვანია “რუსულ ენაზე თარგმნილი ლიტერატურის გამომცემლობა “ზარია ვოსტოკადან”, სადაც იგი მხატვრული ლიტერატურის გამოცემებს ხელმძღვანელობდა”. მას კონტრრევოლუციური ტროცკისტული ცენტრის ხელმძღვანელობა ბრალდებოდა, მოგვიანებით კი გაირკვა, რომ მიწიშვილი ბერიას გალანძღვის გამო დაისაჯა. 1956 წელს მიწიშვილის საქმეზე რამდენიმე მოწმე დაიკითხა და აღმოჩნდა, რომ ს. შანშიაშვილის ოჯახში გამართულ წვეულებაზე მიწიშვილს ბერია უგინებია, შემდეგ კი ვიღაცას სიტყვა მიუტანია ბერიასთვის. ამას ადასტურებდა მოგვიანებით ყველა დაკითხული - სანდრო შანშიაშვილი, გიორგი ლეონიძე, შალვა აფხაიძე, ლეო ქიაჩელი, ლევან ასათიანი, კონსტანტინე გამსახურდია, კონსტანტინე ჭიჭინაძე. გიორგი ლეონიძე ყველაზე ცხადად უსვამდა ხაზს ამ ფაქტს, მის ჩვენებაში ვკითხულობთ:

“ვფიქრობ, ბერიას გინებისთვის დააპატიმრეს. სხვა მიზეზი არაფერი უნდა ყოფილიყო. იმ დროს მეორე ოთახში ვიყავი. მე და ტიციანი გამოგვიძახა ბერიამ, გამოგვლანძღა, მაგრამ გვაპატია. მიწიშვილზე თქვა: ციხეში დავალპობო.”

"ფიქრები საქართველოზე" (გამოქვეყნდა 1926 წელს). ეს არის ქართული ხასიათის, კულტურის, ქართველი ხალხის ისტორიისა და თანამედროვეობის მძაფრი კრიტიკული შეფასება, ილია ჭავჭავაძის "ბედნიერი ერის" ყაიდისა...

როგორც ცნობილია, ნიკოლო მიწიშვილი 1922-1925 წლებში ემიგრაციაში იმყოფებოდა და ბრალდებულზე ერთი მხრივ იმას ამბობდნენ, რომ იგი საბჭოთა ხელისუფლების დავალებით გაიგზავნა ემიგრაციის გასახრწნელად, მეორე მხრივ კი, უცხოეთისა და დევნილობაში მყოფი მთავრობის ჯაშუშობა ბრალდებოდა. დახვრეტის განაჩენი ნიკოლო მიწიშვილს 1937 წელს გამოუტანეს.

მას დაპატიმრებისა და ფიზიკური განდგურების შემდეგაც არ ანებებდნენ თავს. მისი დაპატიმრების შემდეგ კრიტიკოსი გიორგი ნატროშვილი წერდა, რომ იგი „ყოველთვის ცდილობდა დაემალა მკითხველისათვის თავისი ნამდვილი განზრახვანი, რომელიც არ სწერს იმას, რასაც ფიქრობს, რომელიც დაუსრულებლად თვალთმაქცობს მშრომელი ხალხის წინაშე და თავის „ლოიალური“ დეკლარაციების იქით ხალხის მტერთა ბინძურ ზრახვებს ლაქიურად ემსახურება. თავისი სიბინძურის და შემაძრწუნებელი გათახსირების გამოაშკარავებისა, ნიღბის ჩამოგლეჯისა, რა თქმა უნდა, მას ეშინოდა.“

ცალკე საუბრის თემაა მისი 1926 წელს დაწერილი სტატია, “ფიქრები საქართველოზე”, ტექსტი, რომელსაც გამოქვეყნებისთანავე მოჰყვა დიდი გამოხმაურება და პოლემიკა 70 წლის შემდეგაც გაგრძელდა, როდესაც წერილი ხელახლა დაიბეჭდა:

“ამ კრებულის ერთ წერილზე მინდა შევჩერდე საგანგებოდ, წერილზე რომელმაც გამოქვეყნებისთანავე დიდი ვნებათა ღელვა გამოიწვია. მისი სათაურია "ფიქრები საქართველოზე" (გამოქვეყნდა 1926 წელს). ეს არის ქართული ხასიათის, კულტურის, ქართველი ხალხის ისტორიისა და თანამედროვეობის მძაფრი კრიტიკული შეფასება, ილია ჭავჭავაძის "ბედნიერი ერის" ყაიდისა. იშვიათი ბედი ხვდა წილად ნიკოლო მიწიშვილის ამ თხზულებას: იგი, დროის დიდი ინტერვალებით, რამდენჯერმე გახდა მწვავე პოლემიკის საბაბი პრესის ფურცლებზე. ცოტას თუ შეჰპარვია ეჭვი ნიკოლო მიწიშვილის პატრიოტიზმში. `ფიქრები საქართველოზე~ უმალ ე.წ. პარადოქსული ინტენციის ნიმუშად აღიქმება, ვიდრე სხვა რამედ (პარადოქსული ინტენცია ხერხია ფსიქოლოგიაში და გულისხმობს სასურველი აზრის პროვოცირებას საწინააღმდეგო აზრის ქადაგებით). ფაქტი ის არის, რომ ამ წერილს მოჰყვა ერის ხასიათზე, ქართული კულტურის თავისებურებებზე, მის ღირსება-ნაკლოვანებებზე ჩინებულ ნააზრევთა შემცველი სტატიები ქართველ მწერალთა და მოაზროვნეთა. ნიკოლო მიწიშვილმა და მისმა ოპონენტებმა გაამდიდრეს ქართული პუბლიცისტური აზრი, ღრმად დააფიქრეს ქართველი კაცი ქვეყნის წარსულზე, აწმყოსა და მომავალზე.”

ამ წერილში ასეთ ფიქრებსაც ვხვდებით: “საქართველო პასიური მოვლენაა. მისი ენერგია გამოწვეული იყო სხვა, მის გარეშე მყოფ მოვლენისაგან. საკუთარ შინაგან აქტივობას მოკლებული იყო საქართველო და მოკლებული იყო, მაშასადამე, შემოქმედების გენიასაც. მოკლებულია აქედან გამართლებას, მსოფლიო გამართლებას, საკუთარ რელიგიას, მოწოდებას, აზრს, შინაარსს. ამითაა, რომ მშრალია და ფუყე საქართველო. აქედანაა მისი “უშვილოსნობა” თუ ბერწობა. მე მგონია, ესაა მიზეზი იმისა, რომ ყველაფერი ქართული უდღეოა, რომ ქართული ბედი სწყდება და ტყდება ყოველთვის შუა გზაზე, დაუმთავრებელი, მიუღწეველი...”
ამ ძალიან მწარე სიტყვებს 20-იან წლებშიც ბევრი დაუპირისპირდა და 90-იანებშიც, თუმცა იყვნენ ისეთებიც, ვისთვისაც ძალზე საყურადღებო აღმოჩნდა ეს ტექსტი, რომელიც ზოგისთვის “უმწეო ნიჰილიზმი” და “პესიმისტური გოდება” იყო, სხვებისთვის კი “ქართული პარადოქსი” ან “სერიოზული საფიქრალი”.

ნიკოლო მიწიშვილის ვაჟი, ბატონი ილამაზ მიწიშვილი თავისი შესავლის ბოლოს მამის კიდევ ერთ ციტატას იმოწმებს: “სამართალი არსებობს და მკვდარი საზოგადო მოღვაწე არანაკლებ პასუხისმგებელია, ვიდრე ცოცხალი”. ამ სიტყვების აზრი სრულიად გასაგებია და ვეთანხმები, თუმცა ვისურვებდი ცოცხალი ადამიანების პასუხისმგებლობა უფრო აქტუალური გამხდარიყოს თანამედროვე საქართველოში.
XS
SM
MD
LG