Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბიძინა ივანიშვილს საქართველოს მოქალაქეობა შეუწყვიტეს


ბიზნესმენი ბიძინა ივანიშვილი საქართველოს მოქალაქე აღარ არის, - ამ შინაარსის ინფორმაცია იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტომ საზოგადოებას 11 ოქტომბერს შეატყობინა. დადგა თუ არა კითხვის ნიშნის ქვეშ ბიზნესმენის გეგმები მისთვის საქართველოს მოქალაქეობის ჩამორთმევის შემდეგ და რას ფიქრობენ ამგვარი გადაწყვეტილების ოპონენტები?

მოკლედ რომ ვთქვათ, მიზეზად საფრანგეთის პასპორტი იქცა. სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მიერ 11 ოქტომბერს გამოქვეყნებული განცხადება გვატყობინებს, რომ ”ბიძინა ივანიშვილმა 2004 წელს საქართველოს მოქალაქეობის მიღების შემდეგ მოიპოვა საფრანგეთის რესპუბლიკის მოქალაქეობა”, ხოლო საქართველოს კონსტიტუციისა და „მოქალაქეობის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის 32-ე მუხლის მიხედვით, ”საქართველოს მოქალაქის მიერ სხვა სახელმწიფოს მოქალაქეობის მიღება იწვევს საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვას.”
როცა ვამბობთ, რომ პრეზიდენტმა სხვა ქვეყნის მოქალაქეს შეიძლება მიანიჭოს მოქალაქეობა, ზოგადად აქ იგულისხმება ის, რომ ეს სხვა ქვეყანა შეიძლება იყოს ერთიც და სამიც...

განცხადებაში არ კონკრეტდება, თუ რომელ წელს მიიღო ბიზნესმენმა ბიძინა ივანიშვილმა საფრანგეთის მოქალაქეობა, როდის დაინტერესდა საკითხით სამოქალაქო რეესტრის სააგენტო და, ასევე, როდის შეუწყდა ბიძინა ივანიშვილს საქართველოს მოქალაქეობა. სამშაბათს გამოქვეყნებული განცხადება გვაცნობებს მხოლოდ იმას, რომ 2004 წელს, ანუ იმ დროს, როდესაც ბიძინა ივანიშვილს საქართველოს მოქალაქეობა მიენიჭა, ის ასევე იყო რუსეთის მოქალაქე.

ამის გაკეთება მხოლოდ პრეზიდენტს შეეძლო, რადგანაც ორმაგი მოქალაქეობის მინიჭება, მოქმედ კონსტიტუციაში ჩადებული გამონაკლისის მიხედვით, მხოლოდ პრეზიდენტის პრეროგატივაა, - ამბობს ჩვენთან საუბარში კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე და იქვე განმარტავს, რომ მოქმედი კანონმდებლობა აღარაფერს ამბობს ორმაგი მოქალაქეობის მიღების შემდეგ განვითარებულ პროცესებზე:

”როცა უკვე არსებობს ეს გამონაკლისი, რომ რუსეთის მოქალაქე ივანიშვილს პრეზიდენტმა მიანიჭა საქართველოს მოქალაქეობა... და ამის შემდეგ ივანიშვილმა მიიღო, ვთქვათ, საფრანგეთის, ამერიკის, ბრიტანეთის თუ კიდევ სხვა ქვეყნების მოქალაქეობები, არსებითად რა იცვლება?! კანონში ხომ არ წერია, რომ ეს არ შეიძლებაო?! როცა ვამბობთ, რომ პრეზიდენტმა სხვა ქვეყნის მოქალაქეს შეიძლება მიანიჭოს მოქალაქეობა, ზოგადად აქ იგულისხმება ის, რომ ეს სხვა ქვეყანა შეიძლება იყოს ერთიც და სამიც.”

სამართლის ამ ლოგიკიდან გამომდინარე, კონსტიტუციონალისტ ვახტანგ ხმალაძეს სრულიად უსაფუძვლოდ მიაჩნია ბიძინა ივანიშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის ჩამორთმევის გადაწყვეტილება და, შესაბამისად, ამ საკითხს ბიზნესმენის პოლიტიკაში მოსვლის გეგმებს უკავშირებს.

გავიხსენოთ: 7 ოქტომბერს გამოქვეყნებულ წერილობით განცხადებაში ბიძინა ივანიშვილი განმარტავს, რომ საკუთარი პოლიტიკური პარტიისა და ”არსებული ჯანსაღი პოლიტიკური ძალების გაერთიანებით” ის 2012 წლის საპარლემენტო არჩევნების აბსოლუტური უმრავლესობით მოგებას გეგმავს, ხოლო შემდეგ, ასე 2-3 წლით, აპირებს პარლამენტის თავმჯდომარეობას ან პრემიერ-მინისტრობას. ივანიშვილი არ მალავს, რომ მისი ”კაპიტალის დაახლოებით მესამედი, სხვადასხვა ბიზნესის სახით, მდებარეობს რუსეთში”, თუმცა 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე ის ამ ბიზნესის რეალიზებას აპირებს. განცხადების მიხედვით, ეს ყველაფერი იგეგმება იმის გამო, რომ საზოგადოებას ზედმეტი ეჭვები და შეკითხვები არ გაუჩნდეს. ”ამავე მიზეზით მე უარს ვამბობ ორმაგ მოქალაქეობაზე და უახლოეს დღეებში ჩავაბარებ რუსეთისა და საფრანგეთის ქვეყნების პასპორტებს”, - აღნიშნავს ბიძინა ივანიშვილი.
არასდროს ქართულ პოლიტიკაში არ იქნება რუსული ფული, საქართველოში პუტინის მიერ ნასესხები თანხით ან პუტინის მიერ ნაბოძები თანხით პოლიტიკა არ გაკეთდება...

ამ განცხადებით ირკვევა, რომ პოლიტიკაში მძლავრად მოსვლის მსურველ ბიზნესმენს 7 ოქტომბერს ეჭვიც კი არ ეპარებოდა, რომ ის საქართველოს მოქალაქეა, თუმცა 11 ოქტომბერს მას უთხრეს, რომ მისი ქართული პასპორტი ყოველგვარ ძალას არის მოკლებული.

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი პავლე კუბლაშვილი სამართლებრივად აბსოლუტურად სწორად და გამართულად მიიჩნევს სამოქალაქო რეესტრის მიერ გახმაურებულ გადაწყვეტილებას ბიძინა ივანიშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის თაობაზე, რაც თავისთავად ნიშნავს მისთვის პოლიტიკურ პროცესებში ჩაბმის უფლების ჩამორთმევასაც. თუმცა ტელეკომპანია ”რუსთავი 2-თან” საუბრისას კუბლაშვილი აღნიშნავს იმასაც, რომ ამ საკითხს ”არანაკლებ მნიშვნელოვანი” ”პოლიტიკური მხარეც” აქვს და ამ კონტექსტში კიდევ ერთხელ ესმება ხაზი ბოლო დღეების ერთ-ერთ ძირითად თემას - რუსული კვალის თემას ივანიშვილის პოლიტიკურ გეგმებში:

”არასდროს ქართულ პოლიტიკაში არ იქნება რუსული ფული, საქართველოში პუტინის მიერ ნასესხები თანხით ან პუტინის მიერ ნაბოძები თანხით პოლიტიკა არ გაკეთდება. ჩვენ ყველა ღონე უნდა ვიხმაროთ, რომ დავიცვათ ქართული პოლიტიკა რუსული ფულისაგან.”

ამგვარ ბრალდებებს ბიძინა ივანიშვილთან მიმართებით ორმაგ სტანდარტად მიიჩნევს „ქართული დასის“ ლიდერი ჯონდი ბაღათურია და ამის შესახებ მან 11 ოქტომბერს პარლამენტის პლენარულ სხდომაზეც ილაპარაკა. უმრავლესობის მხრიდან მწვავე რეპლიკები და შეფასებები მოჰყვა ბაღათურიას მიერ დასმულ შეკითხვას, თუ რატომ არავინ კითხულობდა ივანიშვილის ფულის წარმომავლობას მაშინ, როდესაც ხელისუფლება საქართველოში საზეიმო ვითარებაში ხსნიდა ამავე ფულით დაგებულ გზებსა თუ აშენებულ სკოლებს.

რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტას, დეპუტატი ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ ”ეს არის ხელისუფლებაში შექმნილი სრული პანიკის შედეგი”, რაც ”რეალურად ოპოზიციური ახალი ძალის გამოჩენამ” გამოიწვია.

”ეს ასევე აჩვენებს იმას, რომ ხელისუფლებას უკანონობაში შეზღუდვები და ჩარჩოები არა აქვს... როგორ შეიძლება კაცს ჩამოართვა მოქალაქეობა იმისთვის, რომ კენჭი არ იყაროს? თუმცა ეს სრულიად უპერსპექტივოა, რადგანაც მაინც შეძლებს ბიძინა ივანიშვილი კენჭისყრას”, - ამბობს რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ჯონდი ბაღათურია, თუმცა ის არ აკონკრეტებს, თუ რა გზით არის შესაძლებელი ეს.

კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძეს კი, ეჭვი არ ეპარება, რომ ბიძინა ივანიშვილს, რომელსაც მანამდე 2-ჯერ ჰქონდა მინიჭებული საქართველოს მოქალაქეობა, მოქმედი კანონმდებლობით უპრობლემოდ შეუძლია მისი აღდგენა, თანაც მოკლე პერიოდში. თუმცა ყველაფერი ხელისუფლების ნებაზეა დამოკიდებული.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG