Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცხინვალში კოკოითის წინააღმდეგ მიტინგები დაიწყო


ჯამბულათ თედეევის სახლთან მისი მომხრეები შეიკრიბნენ და არსებული ხელისუფლების წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართეს.
ჯამბულათ თედეევის სახლთან მისი მომხრეები შეიკრიბნენ და არსებული ხელისუფლების წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართეს.
გუშინ საღამოს ჯამბულათ თედეევის სახლთან მისი მომხრეები შეიკრიბნენ და არსებული ხელისუფლების წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართეს. მომიტინგეები მოითხოვდნენ თავიანთი დაკავებული ნათესავების გამოშვებას და თედეევისთვის რეგისტრაციის მიცემას. მას შემდეგ, რაც დე ფაქტო რესპუბლიკის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ რუსეთის მოჭიდავეთა ნაკრების მთავარ მწვრთნელს, ჯამბულათ თედეევს, რეგისტრაციაზე უარი უთხრა, მან საჩივარი სასამართლოში შეიტანა და ახლა საბოლოო გადაწყვეტილებას ელის. ოპოზიციური ინტერნეტგამოცემის „უასამონგას“ ცნობით, მიტინგზე 2000–ზე მეტი ადამიანი შეიკრიბა, ჩვენი ცხინვალელი კორესპონდენტი კი იუწყება, რომ საპროტესტო აქციაზე დაახლოებით 300 კაცი მივიდა. ეს აქცია მას შემდეგ მოეწყო, რაც მთავრობის სხდომა დასრულდა. ამ სხდომაზე დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა ედუარდ კოკოითიმ შინაგან საქმეთა მინისტრს თედეევის მხარდამჭერთა დევნის შეწყვეტა და იზოლატორიდან მისი მომხრეების გათავისუფლება მოსთხოვა. კოკოითიმ იქვე განაცხადა, რომ დე ფაქტო რესპუბლიკაში განვითარებული მოვლენების გამო ბოდიშის მოხდას თავად თედეევისგან ელის.

ჯამბულათ თედეევი ბოდიშის მოხდას არ აპირებს, იგი ბრძოლის გასაგრძელებლადაა განწყობილი. ყოველდღიურად მისი მომხრეების რაოდენობა იზრდება, დე ფაქტო რესპუბლიკის დედაქალაქში მისი მხარდამჭერები რუსეთის ფედერაციის სხვა ქალაქებიდანაც ჩადიან. მას დიდი იმედი არა აქვს, რომ სასამართლო მისთვის სასარგებლო გადაწყვეტილებას გამოიტანს, ამიტომ შესაძლოა ოპოზიციამ ტაქტიკა შეცვალოს. საპროტესტო მიტინგზე შეკრებილებს ბოლოს ჯამბულათ თედეევმა მიმართა და ამ სიახლის შესახებ აცნობა. მისი თქმით, თუ რეგისტრაციას ვერ გაივლის, გაერთიანებული ოპოზიცია სხვა კანდიდატზე შეჯერდება და მას დაუჭერს მხარს.

წუხელ „უასამონგამ“ გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ დე ფაქტო რესპუბლიკის ყოფილმა განათლების მინისტრმა ალა ჯიოევამ კანდიდატის რეგისტრაცია გაიარა. ოპოზიციამ ეს პირველ გამარჯვებად ჩათვალა, ჯიოევამ კი სასწრაფოდ წინასაარჩევნო პროგრამა გამოაქვეყნა. ჯიოევა თედეევის თანამებრძოლია. რეგისტრაციის გავლას სხვა ოპოზიციონერი კანდიდატებიც ელოდებიან - მაგალითად, რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენი ალბერტ ჯუსოევი. რეგისტრაცია 20 ოქტომბრისთვის უნდა დასრულდეს. თუ ჯამბულათ თედეევმა სასამართლო პროცესი წააგო, მაშინ გაერთიანებული ოპოზიცია ერთ რეგისტრირებულ კანდიდატზე უნდა შეჯერდეს.
XS
SM
MD
LG