Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„სახალხო წინააღმდეგობა“ კოკოითის წინააღმდეგ


სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საარჩევნო კომისია
სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საარჩევნო კომისია
სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საპრეზიდენტო არჩევნებამდე თვეზე ცოტა მეტი რჩება, ცხინვალში კი ვითარება კვლავ დაძაბულია. დღეს დე ფაქტო რესპუბლიკის საარჩევნო კომისიამ გაავრცელა განცხადება იმის თაობაზე, რომ ყველა კანდიდატის ვინაობა 10 დღეში გახდება ცნობილი. 30 მსურველიდან 9 კაცი უკვე დარეგისტრირებულია კანდიდატად. ცხინვალში არეულობა 30 სექტემბერს დაიწყო, როცა საარჩევნო კომისიამ რუსეთის მოჭიდავეთა ნაკრების მთავარ მწვრთნელს, ჯამბულათ თედეევს, რეგისტრაციაზე უარი უთხრა. თედეევის მომხრეები კომისიაში მივიდნენ, სადაც კოკოითის შეიარაღებული მომხრეები დახვდნენ. ამის შემდეგ თედეევის მომხრეების დაპატიმრება დაიწყო. დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა ედუარდ კოკოითიმ რუსულ სატელევიზიო არხებს ინტერვიუ მისცა და თედეევთან ერთად რესპუბლიკის დესტაბილიზაციის მცდელობაში ქართული სპეცსამსახურებიც დაადანაშაულა. მისი თქმით, ცხინვალში ფერადი რევოლუციის მოწყობის მცდელობა კრახით დასრულდა.

ჯამბულათ თედეევი საკუთარ სახლში მომხრეებთან ერთად იმყოფება. იგი რუსეთის ფედერაციის როგორც აღმასრულებელ, ისე საკანონმდებლო ხელისუფლებას დახმარებას სთხოვს და კოკოითის მიერ დაწყებული რეპრესიების შეჩერებას ითხოვს. ცოტა ხნის წინ ინტერნეტგამოცემა „უასამონგას“ მეშვეობით მან ვიდეომიმართვა გაავრცელა და დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტი ოსი ხალხის ტერორში დაადანაშაულა. მან თქვა, რომ მის მომხრეებს მასობრივად აკავებენ და შეურაცხყოფას აყენებენ.

თედეევს არაერთი მომხრე გამოუჩნდა. მის დასაცავად რუსეთის ხელისუფლებას მსოფლიო და ოლიმპიურმა ჩემპიონებმა მიმართეს. რუსეთის სხვადასხვა ქალაქებში მცხოვრებმა ოსებმაც ხმა აიმაღლეს. გარდა ამისა, კოკოევთა გვარის წარმომადგენლების ნაწილმა ედუარდ კოკოითისთან ნათესაობაზე უარი თქვა. ოპოზიციამ შექმნა „სახალხო წინააღმდეგობის“ მოძრაობა, რომელსაც კომუნისტებიც შეუერთდნენ. ცხინვალში თედეევის მხარდასაჭერად ყოფილი თავდაცვის მინისტრი ანატოლი ბარანკევიჩიც ჩავიდა, რომელმაც სისხლისღვრის თავიდან ასაცილებლად რუსეთის ფედერაციის ხელისუფლებას დე ფაქტო რესპუბლიკის საქმეებში საჩქაროდ ჩარევა მოსთხოვა.

ოსური საინფორმაციო საშუალებებით გავრცელდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ დღეს კოკოითი ჯამბულათ თედეევის წინააღმდეგ მიტინგს მართავს, მიტინგში მონაწილეობას საჯარო სამსახურებში დასაქმებულები მიიღებენ. თავის მხრივ, 16 ოქტომბერს მიტინგის ჩატარება ოპოზიციამაც დააანონსა. გაჩნდა მოწოდება, რომ ამ დღეს ვლადიკავკაზის ქუჩებში ყველა ოსი გამოვიდეს კოკოითის რეპრესიული რეჟიმის წინააღმდეგ.
XS
SM
MD
LG