Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„დაიკავე უოლ სტრიტი“: „გამოიღვიძეთ, კაპიტალიზმი არ მუშაობს“


მოძრაობის - „დაიკავე უოლ სტრიტი“ - მონაწილეები
მოძრაობის - „დაიკავე უოლ სტრიტი“ - მონაწილეები
17 სექტემბერს აშშ-ში დაიწყო საპროტესტო მოძრაობა, რომელსაც არ ჰყავს ლიდერები, მაგრამ ცხადი წარმოდგენა აქვს, როგორ უნდა შეიცვალოს საფინანსო სისტემა აშშ-სა და მსოფლიოში. მისმა მონაწილეებმა დაიკავეს აშშ-ში - ნიუ იორკში, მანჰეტენში - მსოფლიო საბანკო-საფინანსო ცენტრი, ქუჩა, რომელსაც უოლ სტრიტი ჰქვია. მოძრაობის სახელწოდებაც ესაა: „დაიკავე უოლ სტრიტი“. მოძრაობაში ჩართულია ყველა, ფერის, სქესისა და პოლიტიკური შეხედულების მიუხედავად. ჩვენ 99 პროცენტი ვართ და აღარ გვსურს შევურიგდეთ დარჩენილი ერთი პროცენტის სიხარბეს და კორუმპირებულობას.

საპროტესტო მოძრაობა „არაბულ გაზაფხულად“ წოდებული გამოსვლების მონაწილეთა ტაქტიკას მიმართავს - სრულიად მშვიდობიანად მოქმედებს. ერთ- ერთ ტრანსპარანტზე, რომელსაც ამ დღეებში იხილავდით, ასე ეწერა: „იზრუნეთ სამუშაო ადგილებისთვის, ნუ ომობთ!“ მეორის ავტორი კი ასეთი მესიჯის მიწოდებას ცდილობდა იქ მყოფთათვის: „ეს საფინანსო უბანია მთელ მსოფლიოში სიღარიბისთვის პასუხისმგებელი“. უოლ სტრიტზე შეკრებილები მარტო არ დარჩნენ - მათი მოძრაობა ათეულობით ქალაქს მოედო მთელ ამერიკაში, სადაც საფინანსო სისტემაზე განაწყენებული ადამიანები თვლიან, რომ ბოლო უნდა მოეღოს მდიდრების ფუფუნებას ღარიბების ხარჯზე. თავიდან, როცა მოძრაობა დაიწყო, „დაიკავე უოლ სტრიტის“ წევრებმა ბანაკი დასცეს მანჰეტენის პარკში, საფინანსო უბანში. მათ ხელისუფლებისგან არ მიუღიათ ნებართვა, მაგრამ მართავდნენ აქციებს, გაჰყვიროდნენ ლოზუნგებს და ასე შემდეგ, როგორც ეს ხდება ხოლმე დემონსტრაციებზე.

„დაიკავე უოლ სტრიტი“ ლიდერის გარეშე მოქმედი მოძრაობაა. დღევანდელ პირობებში არც კი სჭირდება მას ლიდერი, რადგან სოციალური ქსელები იძლევა საშუალებას ორგანიზება სულ მარტივად მოხდეს. მას აქვს თავისი საინტერნეტო გვერდი, სადაც ყოველდღიური აქციების შესახებ ნახავთ ინფორმაციას, იხილავთ რა ხდება აქციებზე და ურთიერთობა გექნებათ მილიონობით მომხრესა და მოწინააღმდეგესთან. აი, მაგალითად, 6 ოქტომბრის დღის წესრიგი რომ იხილოთ, ის ასე გამოიყურება: თავიდან გენერალურ ასამბლეად წოდებული შეხვედრაა, შემდეგ - გამოფენა, რომელიც სოციალურ პრობლემებზე აუხელს თვალს მნახველს. მოგვიანებით, საღამოს 7 საათზე, შეხვედრა და დისკუსიაა დაგეგმილი ნაომი კლაინთან, კანადელ ავტორთან, აქტივისტთან. ამავე დღეს იმართება შეხვედრა, რომელზეც იგეგმება სამომავლო შეხვედრები იმის შესათანხმებლად, თუ როგორ განუმარტონ პოლიტიკოსებს, მილიონერებს, ბანკირებს, რომ სიმდიდრე თანაბრად უნდა იქნეს განაწილებული საზოგადოებაში. ეს გეგმა „დაიკავე უოლ სტრიტის“ მოძრაობისა ნოემბრის ბოლომდე მეტ-ნაკლებად კონკრეტულად არის უკვე ცნობილი.

5 ოქტომბერს საპროტესტო აქციის მონაწილეებს შეუერთდნენ პროფკავშირების სხვადასხვა გაერთიანების წევრები. მოეწყო მსვლელობა, რომელშიც, „როიტერსის“ ცნობით, ხუთი ათასი ადამიანი მონაწილეობდა. იყო მცირე ინციდენტები პოლიციასთან : დააკავეს ათამდე ადამიანი. ერთ-ერთ ტრანსპარანტზე ოთხშაბათს ასე ეწერა:

„არაბული გაზაფხული, ევროპული ზაფხული, ამერიკული შემოდგომა“.

მანჰეტენში შეკრებილი არიან სრულიად ახალგაზრდები, ოციოდე წლისანი, ასევე პენსიონერები, სტუდენტები, მუშები, უმუშევრები და სხვები, რომელთაც ერთი რამ აკავშირებთ - თვალსაზრისი, რომ სისტემა, რომელშიც ისინი ცხოვრობენ, მდიდრებისთვისაა. კეთი ჯონსი ნიუ იორკელი სოციალური მუშაკია, რომელიც დემონსტრაციაზე მოვიდა თავის ორწლინახევრის გოგონასთან ერთად. ის ამბობს, მეც და ჩემი მეგობარიც, საკომპიუტერო პროგრამისტები, ვმუშაობთ, მაგრამ სამედიცინო დაზღვევას მაინც არ გვაძლევენო:

„იმედი მაქვს, ეს საპროტესტო მოძრაობა გაფართოვდება. ეკონომიკურმა უთანასწორობამ ამ ქვეყანაში ისეთ დონეს მიაღწია, რომ აუტანელი გახდა. ვფიქრობ, მაგალითად, კორპორაციებისთვის გადასახადების შემცირება, მათთვის მუშებზე ნაკლები ბეგარის დაკისრება უნდა გაუქმდეს. კორპორაციები ნაკლებ გადასახადს იხდიან, ვიდრე მუშები.“

„დაიკავე უოლ სტრიტი“ მსოფლიოსთვის თავიდან არ იყო ისე ცნობილი. მედია მას ყურადღებას არ აქცევდა. გარდატეხა მოხდა პირველ ოქტომბერს, როცა დემონსტრაციის ათასობით მონაწილემ, პოლიციის გაფრთხილების მიუხედავად, ბრუკლინის ხიდი და მასზე გამავალი ავტომაგისტრალი დაიკავა.

„გაათავისუფლეთ ავტომანქანების სავალი ნაწილი. თუ თქვენი ნებით წახვალთ, ბრალდებას არ წაგიყენებენ. სხვა შემთხვევაში კი დაგაპატიმრებთ და დაგეკისრებათ პასუხისმგებლობა საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისთვის. თუ გსურთ არ დაგაპატიმრონ, დატოვეთ აქაურობა უკანა გასასვლელით!“ - ასე მიმართავდა პოლიცია დემონსტრანტებს, რის პასუხადაც ისინი გაიძახოდნენ, „ავიღოთ ხიდი, ავიღოთ ხიდიო!“

ამ აქციის დროს 700 ადამიანი დააკავეს, თუმცა უდიდესი ნაწილი მალევე გაუშვეს. პოლიციის მოქმედების, დემონსტრანტებისადმი მისი მოპყრობის შედეგად, რაზეც ინტერნეტში განსხვავებული ინფორმაცია გავრცელდა, მიაქცია მედიამ ყურადღება მოძრაობას „დაიკავე უოლ სტრიტი“. ხიდზე ასეულობით ადამიანის დაპატიმრების მიმართ მედიის ყურადღებამ ამერიკელებზე, რომლებიც დემონსტრანტების პოზიციას იზიარებენ, დიდი ეფექტი მოახდინა. უკვე სამშაბათს, ოთხ ოქტომბერს, არაერთ ქალაქში გაიმართა დემონსტრაციები ფედერალური სარეზერვო ბანკის ფილიალებთან. ჩიკაგოში საპროტესტო აქცია მოეწყო საფინანსო ცენტრთან. ბოსტონში მსვლელობის მონაწილეების ერთ-ერთი ლოზუნგი იყო: „იბრძოლე მდიდრების წინააღმდეგ, მაგრამ არა მათ ომებში! ადამიანის მოთხოვნილება, არა კორპორაციების სიხარბე!“ დაგეგმილია და საპროტესტო აქციები მოეწყობა 50-მდე ქალაქში. გაჩნდა ფეისბუკის გვერდები, სახელწოდებით „დაიკავე ბოსტონი, დაიკავე ფილადელფია...“

აშშ ამ ეტაპზე დასავლეთის ქვეყნებს შორის ყველაზე მეტად გამოირჩევა უფსკრულით მდიდრებსა და ღარიბებს შორის. ყველაზე მდიდარი ამერიკელების ერთ პროცენტს, ანუ ძალიან მცირე ჯგუფს, უპყრია ქვეყნის სიმდიდრის მეოთხედი, ქვედა ფენას კი, ანუ 40 პროცენტს, ამერიკის კაპიტალის სამი მეათედი პროცენტი ერგო. ასევე ბევრის მთქმელია სხვა მონაცემები: 2010 წელს ამერიკელების ზედა ფენის 20 პროცენტზე მოდიოდა ყველა შემოსავლის ნახევარი, ქვედა ფენის 20 პროცენტზე კი - სამი პროცენტი. მეტს გეტყვით: ამ მიმართულებით მოვლენათა განვითარება განსაკუთრებით შესამჩევია ბოლო 30 წელიწადში. ნობელის პრემიის ლაურეატი, ამერიკელი ეკონომისტი პოლ კრუგმანი ამ ტენდენციას უწოდებს „დიდ განსხვავებას“ და გვამცნობს, რომ 1979 წლიდან 2005 წლამდე საშუალო ოჯახის შემოსავალმა მოიმატა 13 პროცენტით, ხოლო უმდიდრესი ამერიკელების ერთი მეათედისამ - თითქმის სამასი პროცენტით. დაუჯერებელია, მაგრამ ასეა, ამბობს, კრუგმანი. ამერიკა ყოველთვის ითვლებოდა მსოფლიოში საოცნებო ქვეყნად. მისი მოქალაქეებიც ოპტიმისტურად იყვნენ განწყობილი. ახლა ეს ოპტიმიზმი იმედგაცრუებამ შეცვალა.

მერვინ ნაიტი 68 წლის ბრუკლინელი პენსიონერია. ის უოლ სტრიტის საპროტესტო გამოსვლებს შეუერთდა სამ ოქტომბერს. მას დიდი, თავის მიერვე დაწერილი პლაკატი უჭირავს ხელში. პლაკატზე წაიკითხავთ: „იესო არ ემხრობა კორპორაციების სიხარბეს“. მას თვიურად მხოლოდ 800 დოლარზე უწევს ცხოვრება: „აქ ვარ, რათა პროტესტი გამოვთქვა ამ კაპიტალისტური სისტემის მიმართ: მდიდარი კიდევ უფრო მდიდრდება, ღარიბი კიდევ უფრო ღარიბდება და ამას ბოლო არ უჩანს.“

ამერიკელები, რომელთა გამოფხიზლებასაც ცდილობენ ამ აქციების მონაწილეები, სულ მძინარენი არ ყოფილან. მათგან ბევრის აზრით, მთავრობას, რომელიც ხალხის მიერ გადასახადების გზით შესულ ფულს განაგებს, გაკოტრების გზაზე დამდგარი ბანკებისთვის ამ ფულით არ უნდა გაეწია დახმარება. ეს ბანკები კვლავაც დიდ მოგებას ნახულობენ ახლა და ამ ხალხს, ვისი ფულიც, ფაქტობრივად, მათ დახმარების სახით მიეცათ, სახლებს უყიდიან. მაიკლ დოი სამედიცინო ფაკულტეტის 26 წლის სტუდენტია. მან ერაყშიც იმსახურა ორი ვადით. დოიმ ჩვენს კორესპონდენტს უთხრა, თვითმფრინავის ბილეთი ვიყიდე, ჩრდილოეთ დაკოტიდან აქ ჩამოვედი, რათა საპროტესტო გამოსვლას შევუერთდე, რადგან ფული, მართალია, ძალაუფლებაა, მაგრამ ჩვენც ისეთივე ძლიერები ვართო:

„მართლაც მნიშვნელოვანი მოძრაობაა. ხალხმა უნდა შეიგნოს, რომ არაფერი შეიცვლება, თუ რაიმე არ ვიღონეთ. მე აქ დასახმარებლად ვარ, აქ უნდა ვიყო, ადგილი უნდა დავიკავო, რათა ხალხმა გაიგოს, რომ აქ შევიკრიბეთ ყველა ჯურის მოქალაქეები, განსხვავებული ადამიანები, ვისაც კორპორაციული სიხარბე და ჩვენი მთავრობის გადაწყვეტილებები გვეხება.“

სექტემბერში პრეზიდენტმა ობამამ გამოაცხადა, უნდა შეიცვალოს საგადასახადო კანონი, რომელიც მდიდარ ამერიკელებს საშუალებას აძლევს ნაკლები გაიღონ, მაშინ როცა მუშათა კლასი მეტს იხდისო. ოპოზიციურმა რესპუბლიკელებმა ობამას ამ ინციატივას კლასობრივი ბრძოლა უწოდეს. მაგრამ ამ იდეას მომხრეები ჰყავს მდიდრებს შორის. ერთი მათგანია მილიარდერი, ფონდის მენეჯერი უორენ ბაფეტი, მეორე კი - მილიარდერი ჯორჯ სოროსი. სექტემრებში სოროსმა წერილიც კი გამოაქვეყნა „ნიუ იორკ ტაიმსში“, სადაც წერდა, შეწყვიტეთ მდიდრების მიმართ მაამებლობაო. სამ ოქტომბერს კი ის უფრო შორს წავიდა და განაცხადა, სიმპათიით ვარ საპროტესტო მოძრაობა „დაიკავე უოლ-სტრიტის“ მონაწილეთა უკმაყოფილების მიმართო.
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG