Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ალიყური და ლანძღვა საქართველოს პარლამენტში


სოხუმის დაცემის ტრაგიკულმა დღემ დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია საქართველოს პარლამენტში. პლენარულ სხდომაზე გამოთქმული მოსაზრებების გამო ოპოზიციონერმა დეპუტატმა პეტრე მამრაძემ ათასნაირი უშვერი სიტყვა და ალიყურიც მიიღო უმრავლესობის წარმომადგენლის - აკაკი ბობოხიძისგან. ამ ინციდენტის შემდეგ პარლამენტის დარბაზში კიდევ კარგა ხანს ისმოდა ბრალდებები და ეჭვები როგორც უშუალოდ პეტრე მამრაძის, ასევე მისი ფრაქციის მისამართით.

ფრაქციის ”ერთობა სამართლიანობისთვის” წარმომადგენელმა, დეპუტატმა პეტრე მამრაძემ თავისი გამოსვლა სოხუმის დაცემის დღეზე საუბრით დაიწყო, გაიხსენა ომის დაწყების პირველი დღეც, ხაზი გაუსვა თენგიზ კიტოვანისა და მისი ”ბანდის” თარეშს აფხაზეთში და ამ ხაზს მიაბა პრეზიდენტ სააკაშვილისკენ მიმართული ბრალდებებიც:

”2008 წელს სააკაშვილის მიერ განხორციელებული სამხედრო-პოლიტიკური ავანტიურის შემდეგ, როდესაც მან ლანგარზე მიართვა რუსეთის სამხედრო-პოლიტიკურ მანქანას აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის გამოცხადების საშუალება და დღევანდელმა პოლიტიკამ უსასრულოდ გადადო.....”
სააკაშვილს ვინ როგორ ახსენებს, ეს ნაკლებად მაწუხებს, მართალი რომ გითხრათ, რა... სააკაშვილი სხვადასხვა კონტექსტში უამრავჯერ უხსენებია აქ ოპოზიციას და ეს რეაქცია არ მოჰყოლია ...

მამრაძემ წინადადება ვერ დაამთავრა. განრისხებული დეპუტატი, უმრავლესობის წარმომადგენელი აკაკი ბობოხიძე პეტრე მამრაძეს დაახლოებით 10 წუთის მანძილზე უშვერი სიტყვებით ლანძღავდა და ის მას ერთ ალიყურს ნამდვილად არ აკმარებდა, რამდენიმე დეპუტატს მისი შეჩერება ოპერატიულად რომ ვერ მოეხერხებინა.

პარლამენტის თავმჯდომარემ კოლეგებს დამშვიდებისკენ, ხოლო მანდატურს წესრიგის დამყარებისკენ მას შემდეგ მოუწოდა, რაც ინციდენტი პრაქტიკულად უკვე ამოწურული იყო. ოდნავ მოგვიანებით კი, იმის დასტურად, რომ მამრაძის უსაფუძვლო ბრალდებები კატეგორიულად მიუღებელია მისთვისაც, დავით ბაქრაძემ გაამართლა მამრაძის თანაფრაქციელის, დეპუტატ დიმიტრი ლორთქიფანიძის გამოთიშვა საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს დელეგაციებიდან მას შემდეგ, რაც მან დატოვა გიორგი თორთლაძის ფრაქცია ”ძლიერი საქართველო”:
”რაც შეეხება ქართულ პროვოკაციას, თუ ეს თქვენი ფრაქციის პოზიციაა, ძალიან მოხარული ვარ, რომ გია თორთლაძემ თქვენი ფრაქციის წევრი გამოიწვია დელეგაციიდან და ამის დაფიქსირება არ მოხდება სხვადასხვა ევროპულ დედაქალაქებში.”
ან მომიხსენით უფლებამოსილება და გამიშვით, ან ვაფრთხილებ და ვთხოვ ჩემს მეგობრებს - ამ თემაზე ამ კუთხით აქ არასდროს არ ილაპარაკონ...

მართალია, პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე არც დეპუტატ აკაკი ბობოხიძის ფიზიკურ შეტევას ამართლებს, მაგრამ მიაჩნია, რომ პარლამენტის მიკროფონი არ უნდა ეთმობოდეს სახელმწიფოს ინტერესების საზიანო განცხადებებს და მოსაზრებებს, რომლებსაც ხშირად იმეორებენ კრემლის ლიდერები.

მათ, ვისაც დარჩა შთაბეჭდილება, რომ დეპუტატი ბობოხიძე პრეზიდენტ სააკაშვილს გამოესარჩლა და ოპოზიციონერ კოლეგას მიხეილ სააკაშვილის აუგად მოხსენიებისთვის დაესხა თავს, ოდნავ მოგვიანებით თავად ბობოხიძემ განუმარტა, რომ ეს ასე არ ყოფილა:
”სააკაშვილს ვინ როგორ ახსენებს, ეს ნაკლებად მაწუხებს, მართალი რომ გითხრათ, რა... სააკაშვილი სხვადასხვა კონტექსტში უამრავჯერ უხსენებია აქ ოპოზიციას და ეს რეაქცია არ მოჰყოლია.”

განრისხების მიზეზი სულ სხვა ლოგიკაშია. აკაკი ბობოხიძე ამბობს, რომ მომავალში შესაძლოა უარესი დაემართოს მას, ვინც მამრაძის მსგავსად ”იტყვის, რომ ეს 2 ომი იყო მხოლოდ ქართული მხარის პროვოკაცია და ქართული მხარის ავანტიურიზმი... დღეს მაინც გადაწყვეტილების მიჯნაზე ვიდექი და სინამდვილეში არ იყო ის, რაც უნდა ყოფილიყო, მაგრამ მომავალში აუცილებლად იქნება ის, რასაც ვფიქრობ... ან მომიხსენით უფლებამოსილება და გამიშვით, ან ვაფრთხილებ და ვთხოვ ჩემს მეგობრებს - ამ თემაზე ამ კუთხით აქ არასდროს არ ილაპარაკონ.”

თანამდებობრივ უფლებამოსილებაზე აკაკი ბობიხიძეს უარის თქმა რომ შეუძლია, ეს 2005 წელსა გამოჩნდა, როდესაც რეგიონალურ ტელეკომპანია ”რიონში” ჟურნალისტ ირაკლი იმნაიშვილის სკანდალური ფიზიკური შეურაცხყოფის შემდეგ მან იმერეთის გუბერნატორის პოსტი დატოვა და, სხვათა შორის, ვერც პრეზიდენტმა სააკაშვილმა მოახერხა მისი დაყოლიება დარჩენილიყო. სამაგიეროდ, 2006 წლის ნოემბერში აკაკი ბობოხიძე ხელმეორედ დაინიშნა პრეზიდენტის რწმუნებულად იმერეთში. ხოლო ახლანდელი მოწვევის პარლამენტში ის, მმართველი პარტიის ხელშეწყობით, ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატის სტატუსით მოხვდა.

სხვათა შორის, თავის დროზე, ასევე მმართველი პარტიის ხელშეწყობით, ოღონდ პარტიული სიით მოხვდა პარლამენტში პეტრე მამრაძეც, რაც 27 სექტემბრის სხდომაზე უმრავლესობის წარმომადგენლებს უმცირესობის წარმომადგენელმა, ქრისტიან-დემოკრატმა ლევან ვეფხვაძემაც შეახსენა.

პარლამენტში შესვლის შემდეგ მამრაძემ უმრავლესობა მალევე - ანუ 2008 წლის შემოდგომაზე - დატოვა და ყოფილი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ნოღაიდელის მარჯვენა ხელად იქცა პარტიაში ”სამართლიანი საქართველოსთვის”. მოსკოვური ვიზიტებისა და კრემლთან გაბმული კონტაქტების გამო ეს პოლიტიკური ძალა მანამდეც არაერთხელ გამხდარა საზოგადოების, სხვა პარტიებისა თუ მმართველი პარტიის მწვავე კრიტიკის სამიზნე და ასე მოხდა 27 სექტემბერსაც პარლამენტის სხდომაზე. მამრაძისკენ მიმართული ბრალდებები ამჯერად უკვე მთელ მის ფრაქციაზე განავრცო ვიცე-სპიკერმა მიხეილ მაჭავარიანმა:

”რად უნდა ამ ფრაქციას დეპუტაცია საერთაშორისო ორგანიზაციებში, თქვენი წარმომადგენელია ”ედინაია როსია”. თქვენ ეს ხალხი ყველა დელეგაციაში გყავთ და ჩვენ იქ მათ ვებრძვით. ვებრძვით და გავიმარჯვებთ. საქართველო აუცილებლად გაიმარჯვებს... ჩვენ დავიბრუნებთ აფხაზებს და აფხაზეთს. ”

მსგავსი მოსაზრებები მრავლად ისმოდა 27 სექტემბრის სხდომაზე. პეტრე მამრაძის დაცვა არც ოპოზიციონერ დეპუტატებს უცდიათ.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG