Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დასავლეთის პრესა 11 სექტემბრის მეათე წლისთავზე


გაზეთი „ვაშინგტონ პოსტი“ სარედაქციო წერილში აღნიშნავს, რომ მართალია, 2001 წლის 11 სექტემბრიდან ათი წელი გავიდა, ტერორიზმის საფრთხე მაინც არსებობს: „დღესაც, ტერაქტებიდან ათი წლის თავზე, საომარ მდგომარეობაში ვცხოვრობთ. დღემდე ვიბრძვით ავღანეთსა და ერაყში. ეს არის ომები მკაფიო მიზნების გარეშე, ან - როგორც ეს ერაყის შემთხვევაშია - ნამდვილი მიზეზის გარეშეც. სადამ ჰუსეინი არათუ თავს არ დაგვსხმია, არამედ თვითონაც არ ჰქონია ქიმიური, ბიოლოგიური თუ ბირთვული იარაღი. ამჟამად ვაშინგტონში მელანქოლიური განწყობა სუფევს. ბევრი საუბრობს ამერიკის დაკნინებაზე, იმაზე, როგორ გახდა შესაძლებელი ჩვენი ესოდენ სასიქადულო სისტემის მოშლა. ამის საილუსტრაციოდ ბევრი უმიზნო და არასაჭირო ომს ასახელებს.“
„უოლ სტრიტ ჯორნალში“ გამოქვეყნებულ სტატიაში ლაპარაკია იმაზე, რომ 11 სექტემბრის ტერაქტების მთავარი ორგანიზატორი ოსამა ბინ ლადენი ახალ თავდასხმებს ამზადებდა და ამის საბუთად სადაზვერვო სამსახურების მასალებს იყენებს.

„როგორც ოფიციალური პირები აღნიშნავენ, მაისის რეიდის პირველ დღეებში, როცა ბინ ლადენის სამალავში აღმოჩენილი მასალებიდან ცხადი შეიქნა, რომ ტერორისტებს მოსწონთ ტერაქტების დაკავშირება სიმბოლური მნიშვნელობის თარიღებთან, აშშ-ის ოფიციალური წრეების წარმომადგენლები შეშფოთდნენ 4 ივლისისა და 11 სექტემბრის გამო. მაგრამ მაშინ მათ თავი შეიკავეს იმ ინფორმაციის საჯაროდ გამოქვეყნებისგან, რომელიც 11 სექტემბერს ახალი ტერაქტის მოწყობის კონკრეტულ გეგმაზე მიგვითითებდა.“
რის შემდეგაც სტატიის ავტორი დაასკვნის: „11 სექტემბრის მორიგ წლისთავზე ახალი ტერაქტის დაგეგმვის გარდა, ბინ ლადენის დოკუმენტები კონკრეტულს თითქმის არაფერს გვეუბნება, ძირითადად იმიტომ, რომ ორგანიზაციის სხვა ხელმძღვანელების ადგილსამყოფელთან დაკავშირებული ინფორმაცია - ან, მაგალითად, ტელეფონის ნომრები - ყოველგვარ ფასს კარგავს, რა წუთსაც ეს ინფორმაცია შეერთებულ შტატებს უვარდება ხელში. საიდუმლო განძის აღმოჩენას რაიმე პრაქტიკული შედეგი არ მოჰყოლია, რადგან ცუდმა ბიჭებმა იციან, რომ ეს მასალა ჩვენს ხელთ არისო“, მოჰყავს „უოლ სტრიტ ჯორნალს“ აშშ-ის მაღალი თანამდებობის პირის ნათქვამი.

11 სექტემბრის პრობლემატიკას ეხება თავის სტატიაში ფრანგი ფილოსოფოსი ანდრე გლუკსმანიც. ის იმაზე ამახვილებს ყურადღებას, რომ მსოფლიოს მთავარ ტერორისტად გამოცხადებული ოსამა ბინ-ლადენის ლიკვიდაციას თვისებრივად ბევრი არაფერი შეუცვლია. „ბინ ლადენი მკვდარია, სიძულვილი კი - ცოცხალი“ - ასე ჰქვია გლუკსმანის წერილს, რომელიც გაზეთ „მონდში“ გამოქვეყნდა.

ათი წლის წინანდელ ტრაგედიასთან დაკავშირებით ფრანგი ფილოსოფოსი აღნიშნავს: „მიუხედავად სიმწვავისა და მასშტაბისა, იმ მოვლენას ახალი არაფერი მოუტანია. ახლა, როცა საყოველთაო დაბნეულობა გაიფანტა, უნდა ვაღიაროთ, რომ ნიუ იორკის ტერაქტებს უპრეცედენტოდ ვერ მივიჩნევთ ვერც მოტივის, ვერც მონაწილეებისა და ვერც შესრულების მანერის მიხედვით. ქალაქებში ხანძრის გაჩენით პანიკის გამოწვევის სტრატეგია და მოსახლეობაში ძრწოლის გავრცელება ჯერ კიდევ საუკუნენახევრის წინ განიხილებოდა რუსი ნიჰილისტების, ბაკუნინისა და ნეჩაევის მიერ. ან თუნდაც დოსტოევსკის „ეშმაკები“ წაიკითხეთ.“
სტატიის ბოლოს ანდრე გლუკსმანი წერს: „ბინ ლადენი მკვდარია, მისი ტერორისტული ქსელი განადგურებულია. მაგრამ ის ძალა, რომელმაც დარტყმა მიაყენა მანჰეტენს, არსად გამქრალა. სამკარისია, არსებობდეს სულ რამდენიმე კანონგარეშე მოქმედი რეგიონი, არსებობდნენ მათი უნამუსო მფარველები, რომ მცირერიცხოვან შეიარაღებულ ჯგუფს შეეძლება, პირდაპირ გულში დაარტყას მსოფლიოს უპირველეს სახელმწიფოს. წარმოიდგინეთ ზარალი, ამ დარტყმის სამიზნედ ატომური ელექტროსადგური რომ იქცეს! ჰიროსიმის პარადიგმა წარსულს ჩაბარდა: ისტორიის მოსპობისა თუ კაცობრიობისთვის ბოლოს მოღების უნარი აღარ არის მხოლოდ ზესახელმწიფოების მონოპოლია.“

„მაგრამ ვის შეიძლება ეს ხელს აძლევდეს?“, - სვამს კითხვას ფრანგი ფილოსოფოსი და თავადვე უპასუხებს: „ვისაც გნებავთ. როცა შესაძლებლის საზღვრები ინგრევა, მათი აღდგენა ურთულესი ამოცანააო, წერდა ფონ კლაუზევიცი, რომელიც დარწმუნებული იყო, რომ მანამდე არნახული სისხლიანი ბატალიების ხანა ნაპოლეონთან ერთად არ ჩაბარდებოდა წარსულს. მომდევნო საუკუნემ დაადასტურა, რომ ის მართალი იყო. ბინ ლადენი აღარ არის, რასაც ვერ ვიტყვით დაუნდობელი და რადიკალური სიძულვილის სტრატეგიაზე.“
XS
SM
MD
LG