Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოსურმა მხარემ სამი ქართველი დააკავა


ოსურმა მხარემ სანადიროდ წასული სამი ახალგაზრდა დააკავა. ძმები ბზარაშვილები და მათი ბიძა ცხინვალის იზოლატორში ჰყავთ გადაყვანილი.

როგორც "ინტერპრესნიუსს" მცხეთის რაიონის სოფელ ძალისის მკვიდრმა მაია ბზარაშვილმა განუცხადა, მისი შვილები - 21 წლის შოთა ბზარაშვილი, 23 წლის გიგა ბზარაშვილი, ასევე, მათი ბიძა, 33 წლის ელიზბარ ბზარაშვილი 22 აგვისტოს, 05:30 საათზე, ძაღლებითა და სანადირო თოფებით გორის რაიონის სოფელ წითელუბანში მწყერზე სანადიროდ წავიდნენ.

მაია ბზარაშვილის თქმით, წითელუბანი კონფლიქტის ზონასთან და დე ფაქტო საზღვართან ახლოს მდებარეობს. მისი ვარაუდით, მონადირეები ოსურმა მხარემ სწორედ ნადირობის დროს დააპატიმრა.

"ისინი ადრეც ყოფილან მაგ ადგილებში სანადიროდ. გამორიცხულია, ოსებისა და რუსების დაწესებული საზღვარი გადაეკვეთათ. ალბათ ოსები და რუსები გადმოვიდნენ ჩვენ მხარეს და ისე დააპატიმრეს ისინი. შუადღის 12:00 საათზე რომ დავრეკეთ, ტელეფონები უკვე გამორთული ჰქონდათ", - განაცხადა მაია ბზარაშვილმა.

მისივე ინფორმაციით, ოჯახმა მონადირეების გაუჩინარების შესახებ შიდა ქართლის კრიმინალურ პოლიციას იმავე დღეს აცნობა. ქართველი სამართალდამცველების ინფორმაციით, ბზარაშვილები ამჟამად ცხინვალის იზოლატორში არიან გადაყვანილი, სადაც სასამართლო პროცესი გაიმართება და ადმინისტრაციული სასჯელის შემდეგ გაათავისუფლებენ.

ბზარაშვილების ოჯახი დახმარებისთვის წითელი ჯვრისა და ნახევარმთვარის საერთაშორისო ორგანიზაციას, გაეროსა და ეუთოს სთხოვს, რათა დროულად მოხერხდეს დამკვირვებლების ცხინვალში შესვლა, დაკავებული ბზარაშვილების ჯანმრთელობის მდგომარეობის გარკვევა და სასამართლო პროცესის თარიღის დადგენა.
XS
SM
MD
LG