Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არასამთავრობოები ცესკოს სტრატეგიის განხილვას იწყებენ


არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიცია ”ჩვენი უფლებებისათვის” ერთ-ერთი პირველი გამოეხმაურა ცენტრალური საარჩევნო კომისიის მოწოდებას, აქტიურად ჩაერთონ ” 2011-2015 წლების სტრატეგიული გეგმის” პროექტის განხილვაში. პროექტი საარჩევნო ადმინისტრაციამ 16 აგვისტოს გამოაქვეყნა. გეგმის სამოქმედო პერიოდი, თავის მხრივ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმით, რომ ახალი სტრატეგიის განხორციელების განმავლობაში ქვეყანაში 4 არჩევნები უნდა ჩატარდეს.

ცენტრალური საარჩევნო კომისია „2011-2015 წლების სტრატეგიით“ საარჩევნო პროცესებისადმი საზოგადოების ნდობის გაღრმავებას აპირებს. სტრატეგიულ მიზნებში კი შედის საარჩევნო ადმინისტრაციის მოდერნიზება, დაინტერესებულ მხარეებთან პრაქტიკული თანამშრომლობა და ინფორმირებული ამომრჩეველი. კოალიცია ”ჩვენი უფლებებისათვის” 7 სუბიექტის სახელით აპირებს ცენტრალური საარჩევნო კომისიის სტრატეგიის ახალი პროექტის განხილვაში მონაწილეობას.
ამომრჩეველთა მიკუთვნება საარჩევნო უბნებზე ხდება მათი არა ფაქტიური, არამედ იურიდიულად დარეგისტრირებული მისამართის მიხედვით...

კოალიციის ერთ-ერთი წამყვანი ორგანიზაციის, ”საქართველოს დემოკრატიული პრინციპებისა და ადამიანის უფლებების დაცვის კავშირის” თავმჯდომარე დავით ლილუაშვილი ამბობს, რომ კოალიციის მიერ მომზადებული წინადადებებისა და შენიშვნების პაკეტი ჯერ მხოლოდ მზადების პროცესშია და სექტემბრის პირველ დეკადაში წარედგინება ცენტრალურ საარჩევნო კომისიას. ამ ეტაპზე კი, დავით ლილუაშვილის შეფასებით, არჩევნების ადმინისტრირების საქმეში განსაკუთრებით მწვავეა საარჩევნო სიების პრობლემა და კომისიამაც სწორედ ამ მიმართულებით უნდა იმუშაოს. დავით ლილუაშვილი ცენტრალურ საარჩევნო კომისიას საარჩევნო სიის დაზუსტების უკვე აპრობირებულ მეთოდს - ”კარდაკარს” - სთავაზობს.

”ხდება ხოლმე სხვადასხვა პოლიტიკურ-საარჩევნო სუბიექტის მხრიდან „კარდაკარის“ პრინციპით განხორციელება ამ საარჩევნო სიებისა, რომელშიც აქტიურად შეიძლება ჩართულნი იყვნენ ასევე არასამთავრობო ორგანიზაციები და ასევე, პროფილის მიხედვით, საერთაშორისო ორგანიზაციები. სიების დახვეწა მათი აქტიური ჩართულობითა და მკაცრი მონიტორინგით უნდა მოხდეს”, - ამბობს დავით ლილუაშვილი, რომლის შეფასებითაც, არასამთავრობო სექტორს მართებს ფხიზელი თვალი მიადევნოს წინასაარჩევნო პროცესებს, რათა არ განმეორდეს საარჩევნო სამართლის პრინციპების იგნორირება და არჩევნების გაყალბება.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ზურაბ ხარატიშვილმა კი ჩვენთან საუბარში აღნიშნა, რომ 2010 წელს წინასაარჩევნო მონიტორინგის პროცესში სიები მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა და მასში არსებითი პრობლემები არ არის. რაც შეეხება ტექნიკურ ხარვეზებს, ეს ხარვეზები, ზურაბ ხარატიშვილის აზრით, ძირითადად დამისამართებას უკავშირდება და მის გამოსასწორებლად საკანონმდებლო რეგულაციაა საჭირო:
ჩვენი ინფორმაციითა და ჩვენი შეფასებით, საქართველოს მოსახლეობის დაახლოებით ერთი მესამედი არ ცხოვრობს იქ, სადაც რეგისტრირებულია...

”ამომრჩეველთა მიკუთვნება საარჩევნო უბნებზე ხდება მათი არა ფაქტიური, არამედ იურიდიულად დარეგისტრირებული მისამართის მიხედვით. ჩვენი ინფორმაციითა და ჩვენი შეფასებით, საქართველოს მოსახლეობის დაახლოებით ერთი მესამედი არ ცხოვრობს იქ, სადაც რეგისტრირებულია. ეს საკითხი კანონმდებლობისა და პოლიტიკური შეთანხმების დონეზე უნდა ჩამოყალიბდეს, რომ შემდგომი სპეკულაციის მიზეზი არ გახდეს.”

პოლიტიკური შეთანხმების მიხედვით კი, რომელიც ხელისუფლებამ და პოლიტიკური პარტიების ერთმა ნაწილმა გააფორმეს, ამომრჩეველთა სიის შედგენის ფუნქცია ცენტრალურ საარჩევნო კომისიას აღარ აქვს. ამ ფუნქციას შეასრულებს სპეციალური კომისია, რომელიც ოქტომბერში შეიქმნება და 8-9 თვის განმავლობაში იმუშავებს. გადაწყვეტილებები, რომლებსაც მოქმედ სიაში ცვლილებებთან დაკავშირებით ეს კომისია მიიღებს, არც ერთი სახელმწიფო სტრუქტურიდან რევიზიას არ დაექვემდებარება. ახალი მემარჯვენე მამუკა კაციტაძე განმარტავს:
მამუკა კაციტაძე

”სწორედ ეს ფრაზა წერია შეთანხმებაში, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისია აღასრულებს ამომრჩეველთა სიის დამდგენი სპეციალური კომისიის გადაწყვეტილებებს. სწორედ იმის გამო, რომ ეს ბევრ კითხვის ნიშანს ბადებს და ინტერპრეტაციისა და ლავირების საშუალებას იძლევა, შეთანხმების ეს და კიდევ ორი ნაწილი უფრო დეტალურად გასაწერი იქნება კანონმდებლობაში.”

მამუკა კაციტაძის თქმით, ამომრჩეველთა სიის დამდგენი სპეციალური კომისიის გარდა, კანონპროექტში მეტ დაზუსტებას საჭიროებს ასევე ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებასთან დაკავშირებული უწყებათშორისი კომისიისა და მედიამონიტორინგის წარმოების საკითხები. საარჩევნო გარემოს გასაუმჯობესებლად პარტიათა შეთანხმების საფუძველზე შექმნილი დოკუმენტი კი, მთლიანად, 14 პუნქტისგან შედგება. დოკუმენტი ვენეციის კომისიაში აგვისტოს ბოლოს გაიგზავნება.
XS
SM
MD
LG