Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საფინანსო ბირჟებზე დაღმასვლა გრძელდება


გლობალურ საფინანსო ბაზრებზე დაღმასვლა გრძელდება მიუხედავად პოლიტიკური და ეკონომიკური ლიდერების ძალისხმევისა, იმედიანად განაწყონ ინვესტორები, შეერთებული შტატების საკრედიტო რეიტინგის უპრეცედენტო ჩამოქვეითებისა და ევროზონაში კრიზისის გამწვავების საფრთხის არც თუ დამაიმედებელ ფონზე.

"დიდი შვიდეული"ს წევრები ამბობენ, რომ მტკიცედ აქვთ გადაწყვეტილი, კოორდინირებული მოქმედება გლობალური ბაზრების სტაბილიზაციის მისაღწევად. ასეთივე შინაარსის განცხადება გააკეთა "დიდმა ოცეულმაც", რომ "ოცეულში" შემავალი ქვეყნები ერთად იმქომედებენ საფინანსო ბაზრების სტაბილიზაციისთვის და ეკონომიკური ზრდის ხელშესაწყობად.

მსოფლიოში ეკონომიკურად წამყვანი ქვეყნების ლიდერებმა ამ დაპირებებით გამოსვლა საჭიროდ მიიჩნიეს მას შემდეგ, რაც საკრედიტო კომპანია "სტანდარდ ენდ პურმა" გრძელვადიანი საკრედიტო რეიტინგი ჩამოუქვეითა შეერთებულ შტატებს. პირველად ისტორიაში, შეერთებულ შტატებს მინიჭებული აქვს არა უმაღლესი მაჩვენებელი AAA, არამედ AA +. ამას გარდა, სულ უფრო მწვავდება საფრთხე, რომ ესპანეთსა და იტალიაზეც გავრცელდება ევროზონაში ვალებით გამოწვეული კრიზისი. შეერთებული შტატებიდან და ევროზონიდან გავრცელებულ ასეთ ცნობებზე რეაქცია იყო გასულ კვირაში აქციების ფასის ვარდნა საფონდო ბირჟებზე.

ტენდენცია, როგორც ჩანს, ვერც ბოლო განცხადებებმა შეცვალა, მათ შორის ვერც ევროპის ცენტრალური ბანკის გუშინდელმა დაპირებამ, რომ ფასიან ქაღალდებს შეიძენს იტალიისა და ესპანეთისაგან. აზიაში დღესაც გაგრძელდა აქციების გაიაფება. ჰონ კონგის აქციების კურსის წამყვანმა მაჩვენებელმა, "ჰანგ სენგმა" ოთხ პროცენტზე მეტი დაკარგა. ევროპის ბაზრებზეც დაღმასვლა აღირიცხა, ისევე როგორც მოგვიანებით, უკვე შეერთებულ შტატებში გახსნილ საფინანსო ბირჟებზე.

ვაშინგტონში არ მალავენ უკმაყოფილებას „სტანდარდ ენდ პურის“ გადაწყვეტილებით. კვირას აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა, ტიმოთი გაიტნერმა გამოთქვა მწვავე კრიტიკა შეერთებული შტატების საკრედიტო რეიტინგის ჩამოქვეითების გამო. მისი თქმით, „სტანდარდ ენდ პურმა“ "უკიდურესად მცდარად შეაფასა ვითარება და არასწორი გადაწყვეტილება მიიღო. მან გამოავლინა შეერთებული შტატების ფისკალური ბიუჯეტის ელემენტარული პრინციპების გასაოცარი უცოდინარობა და, ვფიქრობ, სრულიად არასწორი დასკვნა გამოიტანა,“ - განაცხადა ტიმოთი გაიტნერმა.

გაიტნერი, თეთრი სახლის ცნობით, ფინანსთა მინისტრის პოსტზე დარჩება მიუხედავად რამდენიმე რესპუბლიკელი კონგრესმენის მოწოდებისა, გადადგეს, რახან შეერთებულ შტატებს საკრედიტო რეიტინგი ჩამოუქვეითდა.
XS
SM
MD
LG