Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ჰიუმან რაიტს უოჩი“ გალში მცხოვრებ ქართველებზე


ენგურის ხიდი
ენგურის ხიდი
გავლენიანი უფლებადაცვითი ორგანიზაცია „ჰიუმან რაიტს უოჩი“
ანგარიშს, სახელწოდებით ”ცხოვრება გაურკვევლობაში - ეთნიკური ქართველების უფლებრივი მდგომარეობა გალის რაიონში”, ორი წლის განმავლობაში ამზადებდა. კვლევა ტარდებოდა როგორც გალის, ისე ზუგდიდის რაიონის მიმდებარე სოფლებში და მასში ჩართული იყვნენ ის ადამიანები, ვინც დაბრუნდა და ცხოვრობს გალის რაიონში ან ნაწილობრივ დაბრუნდა და ხშირად კვეთს ადმინისტრაციულ საზღვარს. „ჰიუმან რაიტს უოჩი“ ესაუბრა როგორც აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ხელისუფლების წარმომადგენლებს, ისე იმ საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომლებიც აფხაზეთში მუშაობენ. როგორც სათაურიდან ჩანს, ანგარიშის მიზანი იქ მცხოვრები ეთნიკური ქართველების უფლებრივი მდგომარეობის შესწავლა გახლდათ.

„ჰიუმან რაიტს უოჩის“ 71 გვერდიანი ანგარიში, რომელიც 15 ივლისს გამოქვეყნდა და ორწლიან კვლევას მოიცავს, გალში მცხოვრები ასზე მეტი ქართველის, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ხელისუფლებისა და აფხაზეთში მომუშავე საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების ინტერვიუებზე დაყრდნობით მომზადდა. „ჰიუმან რაიტს უოჩის“ ევროპისა და ცენტრალური აზიის განყოფილების დირექტორის მოადგილე რეიჩელ დენბერი ანგარიშში წერს, რომ აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ხელისუფლებას საერთაშორისო სამართალი ავალებს დაიცვას იქ მცხოვრები ადამიანების უფლებები. ეს ვალდებულება, ცხადია, აქვს საქართველოს ხელისუფლებასაც, რადგან საერთაშორისო საზოგადოების მიერ ეს ტერიტორია აღიარებულია საქართველოს ნაწილად. თუმცა, მიუხედავად ამისა, გალში მცხოვრები ქართველების სამოქალაქო, პოლიტიკური, განათლების უფლება და გადაადგილების თავისუფლება მაინც შეზღუდულია, - აცხადებს რადიო თავისუფლებასთან საუბარში „ჰიუმან რაიტს უოჩის“ წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში, გიორგი გოგია:

როგორც პედაგოგებმა, ისე მშობლებმა გამოთქვეს შეშფოთება, რომ რეგიონში იზრდება რუსი სამხედროების რიცხვი, ისინი ჩამოდიან ოჯახებით და, შესაბამისად, იზრდება მოთხოვნა სწავლება იყოს რუსულ ენაზე...
”აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ხელისუფლება ამბობს, რომ პასპორტიზაცია იძულებითი არ არის და ხალხი მას ნებაყოფლობით იღებს. მაგრამ თუ პიროვნება უარს ამბობს ამ პასპორტის აღებაზე, მას ერთმევა მთელი რიგი სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებები - არჩევნებში მონაწილეობის მიღების უფლება იქნება ეს თუ საჯარო სამსახურში მუშაობის ატესტატის აღების უფლება, ქონებრივი ტრანზაქციის განხორციელების უფლება. ამას ისიც ემატება, რომ თუ 2008 წლამდე ადმინისტრაციული საზღვრის გადაკვეთის რამდენიმე ოფიციალური პუნქტი არსებობდა, ახლა მხოლოდ ერთი პუნქტია და მის გადასაკვეთად მოქალაქემ გალში უნდა აიღოს საშვი. სწორედ ამიტომ ხალხი იძულებულია არალეგალურად გადაკვეთოს საზღვარი და მათი დაჭერის შემთხვევაში, ადმინისტრაციული თუ სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს”..

გალში კვლავაც მწვავედ დგას მშობლიურ ენაზე განათლების მიღების საკითხი. და რაც დრო გადის, ამ უფლებას სულ უფრო მეტი ქართველი კარგავს. გალის ზედა ზონის სოფლების სკოლებში ქართულ ენას ან საერთოდ აღარ ასწავლიან, ან ასწავლიან როგორც უცხო ენას - რამდენიმესაათიანი დატვირთვით, - წერს „ჰიუმან რაიტს უოჩი“. სკოლების უმრავლესობაში ქართულს მალულად ასწავლიან. გალის ორი სკოლიდან მხოლოდ ერთში ეთმობა ქართულს სამი საათი. ქართულად ჯერჯერობით ასწავლიან მხოლოდ გალის ქვედა ზონის 11 სკოლაში, თუმცა საფრთხე იქაც იზრდება:

”ჩვენთან საუბარში როგორც პედაგოგებმა, ისე მშობლებმა გამოთქვეს შეშფოთება, რომ რეგიონში იზრდება რუსი სამხედროების რიცხვი, ისინი ჩამოდიან ოჯახებით და, შესაბამისად, იზრდება მოთხოვნა სწავლება იყოს რუსულ ენაზე.”

„ჰიუმან რაიტს უოჩის“ რეკომენდაციების მთავარი ადრესატი აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებაა, თუმცა რეკომენდაციები ეხება საქართველოს ხელისუფლებას და საერთაშორისო ორგანიზაციებსაც. და ეს რეკომენდაციები ზემოთ აღნიშნული პრობლემების მოგვარებისაკენ ნაბიჯების გადადგმას ითვალისწინებს, ამბობს გიორგი გოგია:

”აღიარებული იქნეს საკუთარ სახლებში ნებაყოფლობით დაბრუნების უფლება, გამარტივდეს საზღვრის გადაკვეთის წესი. ასევე, გასაგებია აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ხელისუფლების პოზიცია, რომ მოსახლეობის აღწერა უნდა მოხდეს და ამისათვის მათი პასპორტიზაციაა საჭირო, მაგრამ დღევანდელი იქ არსებული კანონმდებლობა არის დისკრიმინაციული, რადგან თუ აფხაზს ან სხვა ეროვნების იქ მცხოვრებ ადამიანს შეუძლია უპრობლემოდ აიღოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ქართველებს უწევთ ძალიან გრძელი პროცედურის გავლა, უამრავი საბუთის შეგროვება, რომ აიღონ ეს პასპორტი.”

კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი დღეს გალში არსებულ ვითარებას, ფაქტობრივად, საბჭოთა რეჟიმს უწოდებს, რუსულ წესრიგს, რომელმაც, მისი თქმით, ჩაანაცვლა ქართულ-აფხაზური განუკითხაობა, წესრიგს, რომელიც წაშლის ყველაფერს ქართულს და ეს იქნება ყველაზე ცუდი შედეგი:

”აფხაზურ განუკითხაობას, კორუფციას და კრიმინალს დაუპირისპირდა რუსული წესრიგი, რომელიც სულაც არ არის იდეალური, მაგრამ უკეთესია, ვიდრე აფხაზური განუკითხაობა. და ეს გამოფხეკს და გააქრობს ყველაფერს ქართულს. ანუ მკაცრი საზღვარი: რუსს დაინახავ, წელში უნდა გაიმართო... გალელებს დღეს აქვთ განცდა, რომ ისინი არც აფხაზეთს ეკუთვნიან, არც საქართველოს, რაღაც შუალედური, ჩამოუყალიბებელი რუსული რესპუბლიკა გახდა...”

პაატა ზაქარეიშვილი დარწმუნებულია, რომ ქართულმა მხარემ უნდა აღიაროს და დაადასტუროს,რამდენი დევნილი დაბრუნდა გალის რაიონში:

”ჩვენ ოფიციალურად დღემდე ვამბობთ, რომ 300-400 კაცი დაბრუნდა, არადა, რეალურად 50 ათასი ადამიანია დაბრუნებული. აფხაზები კი ამბობენ, რა აზრი აქვს, დავაბრუნოთ დევნილები აფხაზეთის დანარჩენ ტერიტორიაზე, როცა თქვენ, საქართველოს ხელისუფლება, თქვენ, საერთაშორისო ორგანიზაციები, არ აღიარებთ, რომ დევნილები დავაბრუნეთ გალშიო. საერთაშორისო ორგანიზაციები თუ ჩვენგან მოითხოვენ, ვაღიაროთ, რომ ხალხი დავაბრუნეთ, მაშინ მორალური უპირატესობა გვექნება, რომ აფხაზებს მოსთხოვონ უკვე შემდეგ რაიონში დააბრუნონ დევნილები - მაგალითად, ოჩამჩირეში, რომელიც ცარიელია.”

გაეროს ვერიფიკაციით, ანუ უსაფრთხოების დაცვით, გალში მხოლოდ 314 ადამიანი დაბრუნდა - ამას გვეუბნება პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დროებითი კომისიის თავმჯდომარე შოთა მალაშხია. ყველა დანარჩენი ადამიანი იქ დაბრუნებულია საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად:

”სახელმწიფო, რომელსაც არც საერთაშორისო გარანტიები აქვს და არც ფიზიკური შესაძლებლობები, დაბრუნებაზე ვერ ილაპარაკებს. ამის მექანიზმის შექმნაზე შეიძლება ვილაპარაკოთ. გაერომ იქ ყოფნის პერიოდში ვერ მოახერხა, რომ ოფისი გაეხსნა გალის ტერიტორიაზე და ჩვენ კი სახელმწიფო ხელისუფლებას ვთხოვთ ოკუპირებულ ტერიტორიაზე იმაზე მეტი გააკეთოს, რაც გაეროსაც კი არ შეუძლია? ”

შოთა მალახშია ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლებას გალში მცხოვრები ქართველების უფლებების დასაცავად მინიმალური შესაძლებლობები აქვს. ერთადერთი, რისი იმედიც შეიძლება ვიქონიოთ ეს არის საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ მიღებული რეზოლუციების შემდგომი გაგრძელება:

”ძალიან მალე ამ საერთაშორისო ორგანიზციებთან ერთად შევქმნით და მათგანაც მოვითხოვთ კონკრეტულ მექანიზმებს, რომ განხორციელდეს ეთნოწმენდამომხდარი რეგიონების მდგომარეობის გამოსწორება.”

მაგრამ მანამდე გალის რაიონში ქართველების ცხოვრება ყოველდღიური რისკის პირობებში გრძელდება, ისევე როგორც სოფელ ოტობაიას მკვიდრი ამ ქალისა:

”უნდა ნახოთ, რა მდგომარეობაშია ჩვენი ხალხი. ამ ცხოვრებას ნორმალური არ ეთქმის. აფხაზები აქ არც კი მოდიან, სულ რუსებითაა სავსე აქაურობა...”
  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG