Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროში ხმათა უმრავლესობით დამტკიცდა საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუცია


გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ხმათა უმრავლესობით დაამტკიცა რეზოლუცია, რომელიც მხარს უჭერს იძულებით ადგილნაცვალ პირთა დაბრუნებას საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის აფხაზეთსა (სქართველო) და სამხრეთ ოსეთში (საქართველო).

რეზოლუციას მხარი დაუჭია 57 სახელმწიფომ, წინააღმდეგ იყო 13 ქვეყანა (ვენესუელა, ვიეტნამი, კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა, კუბა, ლაოსის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა, მიანმარი, ნიკარაგუა, რუსეთი, სერბეთი, სირია, სომხეთი, შრი-ლანკა), ხოლო 74 -მა - თავი შეიკავა.

დოკუმენტში ხაზგასმულია, ყველა დროებით ადგილნაცვალი პირისა და დევნილის ქონებრივი უფლების დაცვის აუცილებლობა.

„ყველამ თავი უნდა შეიკავოს ამ უფლების გვერდის ავლით დევნილების ქონების შეძენისაგან“, - ნათქვამია ახალ რეზოლუციაში, რომელსაც წინააღმდეგობა გაუწია რუსეთის დელეგაციამ. გაეროში რუსეთის მუდმივი წარმომადგენლის პირველმა მოადგილემ ალექსანდრ პანკინმა თბილისის ინიციატივას, უწოდა „რეალობას მოწყვეტილი“, „კონტრპროდუქტიული“ ნაბიჯი.

„თავად რეზოლუციის საშუალებით ხდება იმ თეზისის გატარება, თითქოს აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საქართველოს ეკუთვნოდეს. ობიექტური რეალობა დღეს ისეთია, რომ რეგიონში არსებობენ დამოუკიდებელი სახელმწიფოები - აფხაზეთი და სამხრეთი ოსეთი, და საქართველოსა და მის მოკავშირეებს, ადრე თუ გვიან, მოუწევთ ამასთან შეგუება“, - განაცხადა საკუთარ მოხსენებაში რუსეთის წარმომადგენელმა ალექსანდრ პანკინმა.

29 ივნისს მიღებულ რეზოლუციაში აღიარებულია როგორც „დროებით ადგილნაცვალ პირთა და ლტოლვილთა, ისე მათი შთამომავლების საცხოვრებელ სახლებში დაბრუნების უფლება“.

დოკუმენტი მხარეებს დაბრუნების გრაფიკის შექმნისაკენ მოუწოდებს. ანალოგიური შინაარსის რეზოლუცია გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 2010 წელსაც მიიღო, თუმცა არ შესრულებულა არც ერთი მისი პუნქტი, რაც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან ადგილნაცვალი პირებისა და ლტოლვილების დაბრუნებას და მათი ქონებრივი უფლების აღდგენას შეხება.

„400 000 დევნილი, თითოეული ქალი და კაცი, საკუთარ გულში ოცნებობს, რომ დაუბრუნდება მამა-პაპის კერას და ფესვებს. რეზოლუცია ძლიერი სიგნალს უგზავნის იძულებით ადგილნაცვალ პირებს, როგორც ჩემს ქვეყანაში, ასევე მათ მდგომარეობაში მყოფ ყველა ადამიანს მთელს მოფლიოში, რომ საერთაშორისო საზოგადოება მათ მხარეზეა“, - განაცხადა საკუთარ გამოსვლაში 29 ივნისს საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა გაეროში, ელჩმა კახა ლომაიამ.
XS
SM
MD
LG