Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბარაკ ობამა აცხადებს, რომ „ავღანეთში ომის ტალღები“ ცხრება


მომდევნო 18 თვის განმავლობაში ავღანეთს ამერიკული სამხედრო ძალების ერთი მესამედი დატოვებს. ობამას თანახმად, ვაშინგტონმა და ნატოელმა მოკავშირეებმა მნიშვნელოვანწილად შეასრულეს მათ წინაშე მდგარი ამოცანა, რაც „ალ ყაიდის“ განადგურებასა და თალიბების ძალების შესუსტებას გულისხმობდა.

ჯარების გამოყვანის გადაწყვეტილება აშშ-ის პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ, ოფიციალურად გამოაცხადა იმ ფონზე, როდესაც გამოკითხულთა მხოლოდ ნახევარი თუ უჭეს მხარს საომარი მოქმედების მართვის ვაშინგტონისეულ კურსს, ხოლო საზოგადოების უფრო დიდი ნაწილი მოუწოდებს ობამას, რომ მთელი ყურადღება ეკონომიკის შემცირებით გამოწვეულ შიდა პრობლემებზე გადაიტანოს.
აღნიშნულ შემცირებას ჩვენ ძლიერის პოზიციიდან ვიწყებთ. „ალ ყაიდა“ გაცილებით დიდი ზეწოლის ქვეშაა, ვიდრე ოდესმე ყოფილა 2001 წლის 11 სექტემბრის შემდეგ...

განაცხადა რა, რომ „ომის ტალღები ცხრება“, ხოლო ამერიკამ შეასრულა თავისი ამოცანები ავღანეთში, პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ პირობა დადო, რომ წლის ბოლომდე 10 ათას, ხოლო მომავალ წელს კიდევ 23 ათას სამხედრო მოსამსახურეს დააბრუნებს ავღანეთიდან, რაც, ჯამში, ავღანეთში დისლოცირებული ამერიკული სამხედრო ძალების 30 პროცენტით შემცირებას ნიშნავს. ანუ არმია ავღანეთში ზუსტად იმდენით მცირდება, რამდენი დამატებითი ჯარისკაციც პრეზიდენტმა ობამამ ავღანეთის ომში გაგზავნა 2009 წელს, როდესაც განაცხადა, რომ „ამით არ ამოიწურება ომის დასრულებისკენ მიმართული ამერიკის ძალისხმევა.“

როდესაც 22 ივნისს თეთრ სახლში ჯარების შემცირების გეგმებზე საუბრობდა, ბარაკ ობამამ აღნიშნა, რომ ავღანეთში შექმნილმა ამჟამინდელმა ვითარებამ - ამერიკის არმიის, კოალიციისა და ავღანეთის უსაფრთხოების ძალების წარმატებებმა - შესაძლებელი გახადა ასეთი გადაწყვეტილების მიღება:

„აღნიშნულ შემცირებას ჩვენ ძლიერის პოზიციიდან ვიწყებთ. „ალ ყაიდა“ გაცილებით დიდი ზეწოლის ქვეშაა, ვიდრე ოდესმე ყოფილა 2001 წლის 11 სექტემბრის შემდეგ. პაკისტანის ხელისუფლებასთან ერთად, ჩვენ შევიპყარით ან გავანადგურეთ „ალ ყაიდის“ ლიდერების ნახევარზე მეტი. ჩვენი პროფესიონალი მზვერავებისა და სპეციალური დანიშნულების ნაწილების წყალობით, მოვკალით ოსამა ბინ ლადენი, ერთადერთი ლიდერი, რომელიც „ალ ყაიდას“ ოდესმე ჰყოლია.“
რამდენიმე პროვინციასა და მუნიციპალიტეტში უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობა უკვე გადავაბარეთ ავღანელ ხალხს...

თავის მხრივ, ავღანეთში მიმდინარე ხანგრძლივი ანტიტერორისტული ომის გამო ზეწოლის ქვეშ იყო თავად ბარაკ ობამა კონგრესის ბევრი წევრისა და საზოგადოების წარმომადგენლების მხრიდან, რომლებიც მიიჩნევენ, რომ ამ ომის მოგება შეუძლებელია და იგი არ ღირს ამერიკელი ჯარისკაცების დაღვრილი სისხლის ფასად. ავღანეთში მიმდინარე ომში 1 500 ამერიკელი ჯარისკაცი დაეცა, 10 ათასზე მეტმა კი სხვადასხვა სახის ჭრილობა მიიღო. ნოემბერში ნატოს ლისაბონის სამიტზე შეერთებულმა შტატებმა და მისმა მოკავშირეებმა ალიანსში შეათანხმეს მოქმედების ერთიანი სტრატეგია, რომლის თანახმადაც, 2014 წლამდე უნდა დასრულდეს სამხედრო ოპერაციის ფაზა, ხოლო ქვეყნის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობა მთლიანად ავღანეთის უსაფრთხოების ძალებს უნდა გადაეცეთ. ავღანეთში ამ დროისათვის ნატოსა და ალიანსის მოკავშირეების 132 ათასი ჯარისკაცი მსახურობს.

მიუხედავად იმისა, რომ ავღანეთში „ბევრი სიძნელე არსებობს“, ობამას თქმით, ზოგიერთ პროვინციაზე კონტროლს უკვე ახორციელებენ ავღანეთის უსაფრთხოების ძალები, რომლებიც სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლას აწარმოებენ მეამბოხეების წინააღმდეგ:
აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა

„ავღანეთის უსაფრთხოების ძალების რაოდენობა 100 ათას კაცამდე გაიზარდა, რამდენიმე პროვინციასა და მუნიციპალიტეტში უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობა უკვე გადავაბარეთ ავღანელ ხალხს. ძალმომრეობისა და საფრთხის წინაშე მდგარი ავღანელები იბრძვიან და იღუპებიან საკუთარი ქვეყნისათვის, აძლიერებენ ადგილობრივ პოლიციას, ხსნიან სკოლებსა და ბაზრებს, ახალ შესაძლებლობებს ქმნიან ქალებისა და გოგონებისათვის და ცდილობენ წერტილი დაუსვან ათწლეულების განმავლობაში მიმდინარე ომს.“

როდესაც საპრეზიდენტო მოღვაწეობას იწყებდა, ავღანეთში წარმატებას ბარაკ ობამა უკავშირებდა წარმატებებს პაკისტანში, რომელიც დღემდე რჩება ნავსაყუდელად „ალ ყაიდისა“ და „თალიბანის“ მებრძოლებისათვის. მიუხედავად ერთობლივი თანამშრომლობის მცდელობისა, ისლამაბადსა და ვაშინგტონს შორის ურთიერთობა კიდევ უფრო გაუარესდა მას შემდეგ, რაც აშშ-ის სპეცდანიშნულების რაზმის მებრძოლებმა ქალაქ აბოტაბადში საკუთარ კონსპირაციულ სახლში მოკლა „ალ ყაიდის“ ლიდერი ოსამა ბინ ლადენი.

რაც შეეხება ავღანეთს, ამერიკული საზოგადოება დარწმუნებულია, რომ შეუძლებელია ვითარება იმგვარად შეიცვალოს დარჩენილი სამი წლის განმავლობაში, რომ ავღანეთი სრულიად უსაფრთხო ქვეყნად გადაიქცეს. ავღანეთში კორუფციას ენდემური ხასიათი აქვს პრეზიდენტ ჰამიდ კარზაის მთავრობაში და მოქალაქეთა დაღუპვამ, რაც, გაეროს შეფასებით, დიდწილად „თალიბანის“ კისერზეა, გასულ წელს ყველაზე მაღალ ნიშნულს მიაღწია.
ეს საქმე ავღანეთის მთავრობის გასაკეთებელია, რომელმაც საკუთარი ხალხის დასაცავად თავადვე უნდა შექმნას შესაძლებლობები...

იმის დასტურად, რომ ვაშინგტონი არ ესწრაფვის მიუწვდომელი მიზნის მიღწევას, ობამამ 22 ნოემბერს განაცხადა, რომ ავღანეთი უსაფრთხოების მხრივ ვერ იქნება „იდეალური ადგილი“ ქვეყნიდან ამერიკული სამხედრო ძალების გასვლის მომენტისთვის:

“ჩვენ ვერ შევძლებთ, რომ ავღანეთი იდეალურ ადგილად ვაქციოთ. ჩვენ ნამდვილად ვერ დავიცავთ მის ქუჩებს და ვერ მოვახდენთ მისი მთების პატრულირებას. ეს საქმე ავღანეთის მთავრობის გასაკეთებელია, რომელმაც საკუთარი ხალხის დასაცავად თავადვე უნდა შექმნას შესაძლებლობები და ომით დაზიანებული ეკონომიკა უნდა შეცვალოს ისეთით, რომელიც უზრუნველყოფს გრძელვადიან მშვიდობიან განვითარებას. რაც შეგვიძლია და რასაც ვაკეთებთ, ესაა თანამშრომლობა გაჭირვებაში მყოფ ავღანელ ხალხთან, რომელსაც ვაძლევთ იმის გარანტიას, რომ შემდგომშიც განვახორციელებთ ტერორისტების დევნასა და სუვერენული ავღანეთის მთავრობის მხარდაჭერას.“

ბოლო გამოკითხვების შედეგად, ამერიკელთა მხოლოდ 52 პროცენტი უჭერს მხარს საომარი მოქმედების ბარაკ ობამასეულ მართვას. ომი ავღანეთში აშშ-ის ბიუჯეტს მხოლოდ 2011 წელს 120 მილიარდი დოლარი დაუჯდა, ხოლო საბრძოლო მოქმედებებში 1 500 ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე დაეცა.

22 ივნისის განცხადებაში ბარაკ ობამამ აღნიშნა, რომ, ავღანეთში მიღებული გაკვეთილების გათვალისწინებით, ხელისუფლებამ უნდა მოახდინოს საგარეო პოლიტიკური კურსის კორექტირება - საფრთხეებზე რეაგირების პროცესში „პრაგმატული“ და „სტრატეგიული“ ქმედება უნდა აღემატებოდეს „საზღვარგარეთ დიდი რაოდენობის ჯარების გადასროლის“ ტაქტიკას. ამის მაგალითად ბარაკ ობამამ მოიყვანა ლიბიის მაგალითი, სადაც, მისი ბრძანებით, ამერიკული ძალები ისე მოქმედებენ ლიბიელ მოქალაქეთა დასაცავად, რომ „ადგილზე არც ერთი სამხედროც კი არ ჰყავს გაგზავნილი.“ პრეზიდენტი ბარაკ ობამა გულისხმობს უპილოტო მზვერავ და მოიერიშე თვითმფრინავებს, რომელთა გამოყენების დიაპაზონი თანამედროვე საბრძოლო ოპერაციებში სულ უფრო და უფრო ფართოვდება.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG