Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბარაკ ობამას გამოსვლა აშშ-ის პოლიტიკის შესახებ


აშშ-ის პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ, ახლო აღმოსავლეთში შეერთებული შტატების პოლიტიკის შესახებ თავის გამოსვლაში, რომელიც ხუთშაბათს - ადგილობრივი დროით შუადღისას - შედგა ვაშინგტონში, განაცხადა, რომ მთელ რეგიონში ადამიანის ღირსების ხმა ისმის, და აღიარა, რომ აშშ-მა სათანადო ყურადღება ვერ მიაქცია უბრალო ადამიანების მოთხოვნებს. ობამა მიესალმა თავისუფლებისკენ სწრაფვას ახლო აღმოსავლეთში:

„ექვსი თვის განმავლობაში ჩვენ მოწმე ვიყავით განსაკუთრებული ცვლილებისა ახლო აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთ აფრიკაში. მოედნიდან მოედნამდე, ქალაქიდან ქალაქამდე, ქვეყნიდან ქვეყანამდე ხალხი აღდგა თავისი უფლებებისთვის.“

ობამას თანახმად, აშშ მიესალმება ცვლილებას, რომელიც ემყარება ადამიანების სურვილს, თვითონ მართონ საკუთარი თავი - სწორედ ეს ადამიანები არიან აშშ-ის მოკავშირეები და არა მათი ლიდერებიო. ბევრ ქვეყანაში ძალიან ცოტა ადამიანის ხელშია ძალაუფლებაო, თქვა მან. აშშ-ის პრეზიდენტის თანახმად, სირიის რეჟიმმა „მოკვლის“ გზა აირჩია. ობამას აზრით, ამ ქვეყნის პრეზიდენტი, ბაშარ ალ ასადი, ან დემოკრატიის გზას უნდა დაადგეს, ან წავიდეს. ეგვიპტეს რაც შეეხება, ობამას ადმინისტრაციამ გამოაცხადა, რომ ამ ქვეყანას, სადაც პრეზიდენტი მუბარაქი ჩამოაგდეს, ერთი მილიარდი დოლარის ოდენობის ვალს გაუუქმებს და გარანტიას მისცემს, მიიღოს ერთი მილიარდი დოლარის ოდენობის დახმარება. ბაჰრეინის მმართველებს, მმართველებს აშშ-ის მოკავშირე ქვეყნისა, სადაც თავისუფლების მოსურნე ადამიანებს სამეფო ოჯახი ძალადობით უპასუხებს, აშშ-ის პრეზიდენტმა მოუწოდა დიალოგი აწარმოონ ოპოზიციასთან და, პირველ რიგში, ციხიდან გაათავისუფლონ მისი წარმომადგენლები. მან ასევე მოუწოდა იემენის პრეზიდენტს, სალეჰს, მისდიოს რჩევას და ძალაუფლება სხვა პოლიტიკურ ჯგუფს გადასცეს. ობამას თქმით, აშშ დემოკრატიისკენ მოწოდებების მხარდამჭერი იქნება მაშინაც, თუკი ის რეგიონში მის სტრატეგიულ ინტერესებს დაუპირისპირდება:

„მოვა დრო, როცა ჩვენი მოკლევადიანი ინტერესები აღარ დაემთხვევა სრულად ჩვენს შორეულ ხედვას რეგიონში. მაგრამ, ჩვენ შეგვიძლია მივემხროთ - და ასეც გავაკეთებთ - მთავარ პრინციპებს, პრინციპებს, რომლითაც ვიხელმძღვანელეთ, როცა გასული ექვსი თვის მოვლენებს ვუპასუხებდით.“

ბარაკ ობამამ ახსენა ოსამა ბინ ლადენი, რომელიც აშშ-ის სპეცრაზმმა გაანადგურა პაკისტანში, და თქვა, რომ ის არ იყო წამებული, რომ ის მასობრივი მკვლელი იყო.

ირანთან დაკავშირებით თქვა, ჩვენ კვლავაც დაბეჯითებით მოვითხოვთ დაცული იქნეს ირანელების ფუნდამენტური უფლებები, რასაც ისინი იმსახურებენო.

ობამა შეეხო ისრაელის და პალესტინელთა კონფლიქტს და თქვა, რომ პალესტინელები ვერ მიაღწევენ მშვიდობას, თუკი ჰამასი ტერორის გზაზე დარჩება. მანვე თქვა, სამშვიდობო მოლაპარაკება უნდა დასრულდეს ორი სახელმწფოს შექმნითო. ობამამ პირველად თქვა საჯაროდ, რომ საზღვრები მათ შორის უნდა ეფუძნებოდეს ექვსდღიან ომამდელ, ისრაელის მიერ აღმოსავლეთ იერუსალიმის, ღაზის და იორდანეს დასავლეთი ნაპირის ოკუპაციამდელ, 1967 წლის ზოლს, რათა ორი ქვეყნისთვის არსებობდეს უსაფრთხო და აღიარებული საზღვრები.

ბარაკ ობამამ თქვა, რომ პალესტინელ ხალხს უნდა ჰქონდეს უფლება თვითონ მართოს თავისი თავი და მოახდინოს თავის შესაძლებლობათა რეალიზება სუვერენულ სახელმწიფოში, თუმცა იქვე უარყოფითად შეაფასა პალესტინელთა გეგმა, ზეწოლით აღიარებინონ გაეროს პალესტინელთა სახელმწიფო. მისი თქმით, სიმბოლურ აქტებს არ შეიძლება მოჰყვეს დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნა.
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG