Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არის თუ არა კონსტიტუცია ბალანსის გარანტი


ავთანდილ დემეტრაშვილი
ავთანდილ დემეტრაშვილი
კონსტიტუციონალისტი ავთანდილ დემეტრაშვილი ფიქრობს, რომ მთავრობის მეთაური, სავარაუდოდ, ისევ მიხეილ სააკაშვილი იქნება მომავალი არჩევნების შემდეგ, ოღონდ უკვე პრემიერ-მინისტრის რანგში... ჩვენ დავინტერესდით, რამდენად რეალურად იმოქმედებს ბალანსის შექმნის ის მცდელობა, რომელიც, ავთანდილ დემეტრაშვილის მეთაურობით, ახალ საკონსტიტუციო ჩასწორებებში ჩაიდო. რამდენად იმუშავებს კონსტიტუცია და რამდენად ორგანულადაა ის შერწყმული არსებულ მდგომარეობასა და იმ მოთხოვნებთან, რომლებსაც ახალ კონსტიტუციას უყენებენ დღეს. ავთანდილ დემეტრაშვილს ბათუმში, კონსტიტუციონალიზმის ცენტრში, თბილისიდან დათო ჩაგანავა ესაუბრა.

რადიო თავისუფლება: მოდით, ბალანსით დავიწყოთ. როგორ აფასებთ ბალანსის თანაფარდობას, რომელიც შესაძლოა შედგეს ახალი კონსტიტუციის პირობებში?

ავთანდილ დემეტრაშვილი: დღევანდელი მდგომარეობიდან გამომდინარე, დღევანდელი რეიტინგებიდან და მმართველი პარტიის პოლიტიკიდან გამომდინარე, მას აქვს დიდი შანსი, დიდი შესაძლებლობები 2012-ში ისევ მოვიდეს უმრავლესობით.

რადიო თავისუფლება: რამდენად ორგანული არის საკონსტიტუციო ჩასწორებები, რომლებიც "უფრო დემოკრატიულობისკენ" იხრება, იმ რეალობასთან, რომელშიც საქართველო იმყოფება დღეს, იმ ზოგად განწყობებთან, რომლებიც არსებობს?

ავთანდილ დემეტრაშვილი: მე ვფიქრობ, ეს ობიექტური მოთხოვნა იყო, ანუ უნდა შეცვლილიყო მმართველობის ფორმის ის მოდელი, რომელსაც ფრანგულს უწოდებენ, მაგრამ რეალურად ფრანგული არ იყო. ამ შემთხვევაში ორი მიზანი იყო - ერთი, რომ მმართველობა გამხდარიყო კოლეგიალური, კოლექტიური და აქცენტი გადატანილი ყოფილიყო მთავრობაზე და არა პრეზიდენტზე, როგორც ერთ პიროვნებაზე, და, მეორე მხრივ, რომ ეს მმართველობა ყოფილიყო ეფექტური.

რადიო თავისუფლება: მაგრამ აქ მეორე მომენტია პასუხისმგებლობის დეცენტრალიზების საკითხი. ანუ შეგვიძლია ვთქვათ, რომ დღესაც არსებობს თვითმმართველობა, მაგრამ რამდენად მუშაობს ინდივიდუალური პასუხისმგებლობა დაბალ რგოლებში? ანუ ვერტიკალური მმართველობა, რომლის გამოც ხშირად აკრიტიკებენ ახლანდელ ხელისუფლებას, შეიძლება ვთქვათ, რომ იგივენაირად გაგრძელდება? მიუხედავად იმისა, რომ ფორმა შეიცვლება, შინაარსი შეიძლება იგივე დარჩეს?

ავთანდილ დემეტრაშვილი: ჩვენ ტრანზიციის ეტაპზე ვიმყოფებით და ჯერჯერობით დემოკრატიული სისტემა ცენტრშიც ვერ შევქმენით. ამიტომ ახლა უნდა ვეცადოთ ცენტრში დაბალანსებული სისტემის შექმნას, რაღაც გარკვეული ბალანსის დამყარებას და, მეორე - აქცენტის ადგილობრივ თვითმმართველობაზე გადატანას.

რადიო თავისუფლება: თქვენი აზრით, ეს საკონსტიტუციო ჩარჩო რამდენად საკმარისი იქნება იმისათვის, რომ შინაარსი შეიქმნას, რასაც დემოკრატია ჰქვია… თუნდაც ადგილობრივ დონეზე პასუხისმგებლობის ამაღლება მოხდეს?

ავთანდილ დემეტრაშვილი: გეთანხმებით… ჩემი სურვილი იქნებოდა საერთაშორისო ფაქტორის გაძლიერება, საერთაშორისო მოთხოვნათა გამკაცრება ჩვენი დემოკრატიის მიმართ - ეს ერთი. მეორე - აი, ჩვენი ცენტრი არსებობს იმისათვის, რომ კონსტიტუციური მართლშეგრძნების დონე საზოგადოებაში ამაღლდეს და გაიზარდოს მოსახლეობის ჩართულობა მართვაში. რა თქმა უნდა, ეს ხანგრძლივ პერსპექტივაზეა გათვლილი, მაგრამ თუ ამას მივაღწიეთ, ეს ორი ფაქტორი თუ განხორციელდა, მაშინ დემოკრატია ფუნქციონირებადი და რეალური გახდება.

რადიო თავისუფლება: თქვენი ცენტრი ახსენეთ. თქვენი ცენტრიდან მიღებული შთაბეჭდილებებით, რა შეგიძლიათ თქვათ საზოგადოებაში არსებულ განწყობებზე და დამოკიდებულებებზე?

ავთანდილ დემეტრაშვილი: აი, დღესაც არიან ჩამოსული ბავშვები საგარეჯოდან. ჩვენ მერვეკლასელებს ვუტარებთ კონსტიტუციონალიზმის გაკვეთილებს. უნდა ნახოთ, რა აღფრთოვანებით საუბრობენ ისინი კონსტიტუციაზე, წესრიგზე. ეს არის ყველაზე მგრძნობიარე ასაკობრივი ჯგუფი…

რადიო თავისუფლება: ეს მომავალი… მაგრამ როგორია დღეს არსებული განწყობები იმ ადამიანებში, ვინც იღებს არჩევნებში მონაწილეობას და, ასე ვთქვათ, გადაწყვეტილების მიმღებია?

ავთანდილ დემეტრაშვილი: მე გამიჭირდება სოციოლოგიური შეფასება. არ ვიცი, როგორია განწყობა საზოგადოებაში. ემპირიულ დონეზე მე შემიძლია ვთქვა, არსებობს იმის ალბათობა, რომ პრეზიდენტად აირჩეს არამმართველი პარტიის წარმომადგენელი, და მეორე - მმართველ პარტიას არ ჰყავს ასეთი აშკარად გამოკვეთილი ქარიზმატული ლიდერი, რომელიც შეიძლება იყოს პრეზიდენტი. და ქარიზმატული ლიდერი, ჩემი აზრით, არც კი სჭირდება მმართველ პარტიას…

რადიო თავისუფლება: ანუ რა გაგებით არ სჭირდება?

ავთანდილ დემეტრაშვილი: მე არ ვიცი, როგორ წარიმართება მომავალი პოლიტიკური ცხოვრება, მაგრამ ალბათ პრემიერ-მინისტრი გახდება ისევ მიხეილ სააკაშვილი და მეორე ძლიერი ფიგურა პრეზიდენტის სასახლეში, მე არა მგონია, რომ ეს მმართველი გუნდის ინტერესებში შედიოდეს…

რადიო თავისუფლება: რამდენად შეძლებს მიხეილ სააკაშვილისა და მმართველი გუნდის, რომელიც ისევ ნაციონალური მოძრაობის მიერ იქნება დაკომპლექტებული, დაბალანსებას მხოლოდ პრეზიდენტი, რომელიც საკმაოდ სუსტია?

ავთანდილ დემეტრაშვილი: დააბალანსებს თუნდაც იმით, რომ მას ექნება ხალხისგან მიღებული მანდატი და უფლებამოსილებებიც საკმაოდ დიდი არის. ჩვენ მივეჩვიეთ იმ აზრს, რომ შეიქმნა თითქოსდა სიმბოლური დატვირთვის პრეზიდენტი… ის არ არის სიმბოლური დატვირთვის. პრეზიდენტს, რომელიც არის პირდაპირი წესით არჩეული, გააჩნია ხალხის მიერ მისთვის მინიჭებული მანდატი იმ მოკრძალებული უფლებამოსილებებით, რომლებიც დღევანდელი კონსტიტუციის ახალ რედაქციაში არის ჩადებული. ის მაინც ძლიერი ფიგურა იქნება…

რადიო თავისუფლება: ჩვენ ხომ გვაქვს გამოცდილება, რომ მმართველმა გუნდმა - იმისათვის, რომ ეფექტური ყოფილიყო - დემოკრატიული პროცესები უკანა პლანზე გადაიტანა ძალაუფლებაში მოსვლის შემდეგ. რამდენად შესაძლებელია ამისგან თავის დაცვა, რომ ისევ იგივე არ განმეორდეს, ვთქვათ, მომავალი არჩევნების შემდეგ?

ავთანდილ დემეტრაშვილი: აქ ისევ ნათქვამი უნდა გავიმეორო: ეს იქნება დამოკიდებული სამოქალაქო საზოგადოებაზე, ეს იქნება დამოკიდებული პრეზიდენტის არჩევაზე, ეს იქნება დამოკიდებული ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარებაზე, ეს იქნება დამოკიდებული საერთაშორისო ფაქტორებზე!..

რადიო თავისუფლება: ზუსტად ამის კითხვა მინდოდა, რამდენად მზად არის ეს ფაქტორები ამ ეტაპზე, რომ ბალანსის შექმნაში მონაწილეობა მიიღოს? რამდენად აქვთ მათ ძალა, რომ, ასე ვთქვათ, წინააღმდეგობა გაუწიონ ძალაუფლებას?

ავთანდილ დემეტრაშვილი: ყველა მმართველობის სისტემა ასიმეტრიულია, ანუ ყოველთვის რომელიღაც სუბიექტს აქვს უფრო მეტი ძალაუფლება, ვიდრე მეორეს, ნებისმიერ მმართვველობის ფორმაში. ამ ეტაპზე დისბალანსი არსებობს ხელისუფლებასა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის. ხელისუფლება არის დომინანტური. რამდენად არსებობს შანსი იმისა, რომ ეს ბალანსი დამყარდეს, მე ვერ გეტყვით. ამას სჭირდება სოციოლოგიური გამოკვლევები, მაგრამ იმ დროისათვის, რომელზეც მე ვსაუბრობ, ანუ 2012-2013 წლისთვის, მე ვფიქრობ, რომ საზოგადოება მზად იქნება იმ კონფიგურაციის შექმნისათვის, რომელზეც ვისაუბრე.
XS
SM
MD
LG