Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრეზიდენტი პრემიერ-მინისტრად, ოღონდ 5 წლის შემდეგ


საკონსტიტუციო რეფორმის თემაზე 2-3 ივლისს ბათუმში მიმდინარეობს კონფერენცია, რომლის განხილვის საგანი სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მიერ მომზადებული საბაზისო პროექტია. კონფერენციის მიზანი კონსტიტუციის საბაზისო პროექტის დახვეწა და სრულყოფაა. წინასწარი ინფორმაციით, აგვისტო-სექტემბერში სახელმწიფო კომისია პროექტს განსახილველად პარლამენტს გადასცემს. კონსტიტუციის საბაზისო პროექტის კენჭისყრისათვის მომზადების დამასრულებელ ეტაპზე ირაკლი ალასანიას პარტია საკონსტიტუციო კომისიას საკანონმდებლო წინადადებას სთავაზობს.

”ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატების” საკანონმდებლო ინიციატივა პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ყოფილი პრეზიდენტის დანიშვნის შესაძლებლობის საკითხს, ანუ იმას შეეხება, რაც საბაზისო პროექტიდან საზოგადოების ინტერესის ძირითად საგნად იქცა. საბაზისო პროექტის თანახმად, რომელიც მმართველობის შერეულ მოდელს ანიჭებს უპირატესობას, აღმასრულებელი ხელისუფლების უმაღლესი ორგანოა მთავრობა, რომელიც საპარლამენტო უმრავლესობის საფუძველზე იქმნება. იმისათვის, რომ კონსტიტუციამ მოქმედ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს, ძალაუფლების გახანგრძლივების საშუალება არ მისცეს, ”თავისუფალი დემოკრატები” სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიას საბაზისო პროექტის მე-5 და 70-ე მუხლებში შემდეგი წინადადებების ასახვას სთხოვენ:

”ეს ორი ცვლილება ითვალისწინებს იმას, რომ საქართველოს პრეზიდენტი, რომელსაც ან შეუწყდება უფლებამოსილება, ან ამოეწურება უფლებამოსილება, მომდევნო გარკვეული პერიოდის განმავლობაში ვერ იქნეს წარდგენილი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად. ჩვენ შევთავაზეთ მომდევნო 5 წელი, რადგან მოგეხსენებათ, პრეზიდენტი საქართველოში 5 წლით ირჩევა. მაგრამ კომისიას შეუძლია ეს პერიოდი გაზარდოს”, - აღნიშნავს ”ჩვენი საქართველო-თავისუფალი დემოკრატების” წევრი თეა წულუკიანი და აზუსტებს, რომ ექს-პრეზიდენტისათვის სახელმწიფო თანამდებობაზე მოსვლის მუდმივად აკრძალვა არაკონსტიტუციური იქნებოდა და, შესაბამისად, პარტიის საკანონმდებლო წინადადებაში მინიმალური ვადა განისაზღვრა.

”ამ საკითხზე ჩვენ ვისაუბრებთ ასევე ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანთან ქალბატონ კლინტონთანაც, ვინაიდან ეს არის ძალიან პრინციპული საკითხი, რომ ქვეყანაში დემოკრატიული განვითარება დამოკიდებულია სწორედ კონსტიტუციის ცვლილებებზე, რომ მომავალში ნებისმიერი პოლიტიკური ლიდერი იქნება თუ პოლიტიკური ძალა, არ იყოს მუდმივად სახელმწიფოს მართვაში.”

”თავისუფალი დემოკრატების” გენერალური მდივნის ზურაბ აბაშიძის რწმენით, პარტიას როგორც ქვეყნის შიგნით,ისე მის გარეთაც მხარს დაუჭერენ, რომ ექს-პრეზიდენტისთვის პრემიერ-მინისტრის პორტფელის ჩაბარების შემზღუდავი ეს ნორმები კონსტიტუციის ძირითად მუხლებში აისახოს. ამასთან დაკავშირებით შევნიშნავთ, რომ საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ პრეზიდენტისთვის პრემიერ-მინისტრის ან პარლამენტის თავმჯდომარის პოსტის დაკავების აკრძალვის კონსტიტუციის გარდამავალ დებულებებში დამატების ინიციატივით ლეიბორისტული პარტია ამ ორიოდე კვირის წინათ გამოვიდა. მათ მოთხოვნაზე საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილისთვის სხვადასხვა პოსტის დაკავების აკრძალვა ადამიანის უფლებათა დარღვევა იქნებოდა. სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია კონფერენციაზე ბათუმში იმყოფება. შესაბამისად, დღეს პრაქტიკულად შეუძლებელია იმის წინასწარ გაგება, რა პოზიციას დაიკავებს იგი ამ შემთხვევაში უკვე ”ჩვენი საქართველო-თავისუფალი დემოკრატების” მოთხოვნაზე, რომელიც კომისიის კანცელარიას, საკანონმდებლო წინადადებების სახით, 2 ივლისს ჩაბარდა.

”მე ვარ იურისტი, მე არ შემიძლია მოყოლით პასუხის გაცემა რაღაცა მოსაზრებებზე. მე უნდა წავიკითხო, ფორმულირება ვნახო და მერე ვთქვა, რამდენად კომპეტენტურია ან გასაზიარებელია”, - გვითხრა საქართველოს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მდივანმა თენგიზ შარმანაშვილმა.

მასვე ვთხოვეთ განმარტება ამჯერად უკვე საზოგადოებრივი საკონსტიტუციო კომისიის ეჭვზე იმის შესახებ, ხომ არ აპირებს ხელისუფლება დაჩქარებული ტემპით წელსვე განახორციელოს კონსტიტუციური ცვლილებები, ხოლო მათი ამოქმედების თარიღად კი 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდგომი პერიოდი გამოაცხადოს.

თენგიზ შარმანაშვილის თანახმად, კონსტიტუციას პარლამენტი, სავარაუდოდ, წელსვე დაამტკიცებს. რაც შეეხება ახალი კონსტიტუციის ძალაში შესვლის თარიღს, მასზე კომისია ჯერ არ შეთანხმებულა. თავის მხრივ, კონსტიტუციის საკუთარ კანონპროექტზე მუშაობას განაგრძობს საზოგადოებრივი საკონსტიტუციო კომისია, რომლის წევრის, ვახტანგ ძაბირაძის შეფასებით, კონსტიტუციის საბაზისო პროექტის ცვლილებები მმართველობის ფორმას შეეხო და პრაქტიკულად გადაუჭრელი დატოვა ისეთი საკითხები, როგორიცაა თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო გარემოს შექმნა, პარლამენტის დამოუკიდებლობა პრეზიდენტისა და მთავრობის ნებისაგან, კერძო საკუთრების ხელშეუხებლობა და დაცვა და ასე შემდეგ:

”კონსტიტუციის ის მოდელი, რომელსაც სახელმწიფო კომისია სთავაზობს საზოგადოებას და ქვეყანას, იქნება ისეთივე არაეფექტური, როგორიც იყო დღევანდელი, ან როგორიც იყო გუშინდელი, 2004 წლამდე კონსტიტუცია. ის ვერ უპასუხებს და ვერ პასუხობს ძირითად ამოცანას. ძირითადი ამოცანა არის ის, რომ ხელისუფლება რჩება ისეთივე უკონტროლო, როგორიც დღეს არის, შეუზღუდავი ძალაუფლებით.”

კონსტიტუციის საბაზისო პროექტი განხილვის საგანია. საზოგადოებრივი საკონსტიტუციო კომისია მოუწოდებს საზოგადოებას კონსტიტუციონალიზმის იდეა საერთო სახალხო იდეად აქციოს და აქტიურად ჩაერთოს არა ზოგადად კონსტიტუციის, არამედ ქართულ რეალობას ზედმიწევნით მორგებული კონსტიტუციის შექმნის საქმეში.
XS
SM
MD
LG