Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აქტიური ტურისტული სეზონი დაიწყო


ბათუმის პლაჟი
ბათუმის პლაჟი
საქართველოში აქტიური ტურისტული სეზონის დაწყებისას მთავრობამ საგადასახადო რეჟიმის შეცვლა გადაწყვიტა. შემოთავაზებული პროექტის მიხედვით, სეზონის პერიოდში მცირე სასტუმროებს ფიქსირებული გადასახადის გადახდა მოუწევთ. იმედი აქვთ, რომ საგადასახადო ცვლილება ნაწილობრივ მაინც შეამსუბუქებს ტურისტული ბიზნესის სირთულეებს.

მაისის თვეში საქართველოში უპრეცედენტო რაოდენობის ტურისტები ჩამოვიდნენ...
საქართველოში ტურისტული ბუმია - ამის თქმის საშუალებას იანვარ-მაისის სტატისტიკა იძლევა. ამ პერიოდში საქართველოს ესტუმრა 880 ათასი ვიზიტორი. ეს 44 პროცენტით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს. მთავრობა ვარაუდობს, რომ მიმდინარე წელს საქართველოში ტურისტული ნაკადი 3 მილიონამდე გაიზრდება. ამ ამბიციური გეგმის შესახებ არაერთხელ უსაუბრია საქართველოს პრეზიდენტს. მაგრამ საკითხავია, რამდენად შეძლებს საქართველოს ტურისტული ბიზნესი ამ მოცულობის სტუმრების მომსახურებას. ეს კითხვა შარშანდელმა სეზონმა გააჩინა, როდესაც სასტუმროებს და მომსახურების სფეროს გაუჭირდათ ტურისტებისთვის სათანადო სერვისის შეთავაზება. არსებულ სირთულეებზე სასაუბროდ ტურისტული ბიზნესის წარმომადგენლებს, ფინანსთა მინისტრთან ერთად, ეკონიმიკის და მდგრადი განვითარების მინისტრი ვერა ქობალია შეხვდა.

”მაისის თვეში საქართველოში უპრეცედენტო რაოდენობის ტურისტები ჩამოვიდნენ. უნდა ვიყოთ მზად იმ რაოდენობისთვის, რომელიც ჩამოვა წლის ბოლომდე. ველოდებით 3 მილიონ ტურისტს. 2015 წლამდე ველოდებით 5 მილიონს. და დღევანდელი შეხვედრა სასტუმრო ბიზნესის სექტორთან არის იმაზე, თუ რა გავაკეთოთ იმისთვის, რომ... როგორ შეუძლია სახელმწიფოს დაუდგეს ბიზნესს გვერდში, რომ მზად ვიყოთ ამ ნაკადისთვის.”

ბათუმის ბულვარი
მცირე და საშუალო სასტუმროების სტანდარტებისა და ფასის შეხამების გარდა, 15 ივნისს გამართულ შეხვედრაზე საგადასახადო კოდექსის მოსალოდნელ ცვლილებაზეც ისაუბრეს. მთავრობაში მომზადებული კანონპროექტი ბიზნესმენებს იმხანად ფინანსთა მინისტრმა კახა ბაინდურაშვილმა გააცნო. მან მცირე სასტუმროებისთვის ფიქსირებული გადასახადის დაწესების აუცილებლობა შემდეგი არგუმენტებით ახსნა:

”ჩვენი ტურიზმის სპეციფიკიდან გამომდინარე, არის ხოლმე შემთხვევები, როდესაც სასტუმრო მუშაობს მხოლოდ 2 თვის განმავლობაში, განსაკუთრებით საქართველოს მაღალმთიანეთში. ბუნებრივია, მხოლოდ 2 თვისთვის ოჯახი რომ გაერკვეს ბუღალტერიაში, საკმაოდ რთულია. ამიტომ ვფიქრობთ, რომ საგადასახადო კოდექსის ცვლილებები თუ განხორციელდა, საკმაოდ ხელშემწყობი იქნება მათთვის.”

კონკრეტულად ვიფიქროთ იმაზე, რომ ადამიანებს რეალურად ხელი შევუწყოთ და არა თავიდანვე მოვახრჩოთ, როგორმე თანხები ამოვიღოთ...
მთავრობის მიერ მომზადებული პროექტის მიხედვით, მცირე სასტუმროს მფლობელმა შემოსავლების სამსახურში უნდა განაცხადოს, როდის იწყება და მთავრდება მის სასტუმროში ტურისტული სეზონი. შესაბამისად, სეზონის დაწყებიდან სასტუმროს მესაკუთრემ ყოველ გაქირავებულ ერთ კვადრატულ მეტრზე ყოველთვიურად 10 ლარი უნდა გადაიხადოს.

საპარლამენტო ოპოზიცია მთავრობის ახალ ინიციატივას კრიტიკით შეხვდა. ქრისტიან-დემოკრატების საპარლამენტო ფრაქციის ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ახვლედიანის განცხადებით, სასტუმრო ბიზნესით დაკავებულ მოსახლეობას ახალი ცვლილებები კიდევ უფრო დაუმძიმებს გადაუხდელი კრედიტებით ისედაც გართულებულ ცხოვრებას:

”როგორც იტყვიან, ქვა აღმართში მიეწია ადამიანსო. კრედიტები არ აქვთ დაფარული ადამიანებს და უმძიმეს რეალობას უქმნით. კონკრეტულად ვიფიქროთ იმაზე, რომ ადამიანებს რეალურად ხელი შევუწყოთ და არა თავიდანვე მოვახრჩოთ, როგორმე თანხები ამოვიღოთ.”

აქამდე მოქმედი სისტემის მიხედვით, მცირე სასტუმროები გადასახადებს მიღებული შემოსავლის მიხედვით იხდიდნენ, რაც მათ ხარჯებისა და შემოსავლების რთულ საბუღალტრო აღრიცხვას ავალდებულებდა. ახალგაზრდა ბიზნესმენთა და ფინანსისტთა ასოციაციის პრეზიდენტის მერაბ ჯანიაშვილის განცხადებით, სასტუმროების აღრიცხვიანობა საშემოსავლო სამსახურსაც უჭირდა, რაც არაერთი პრობლემის მიზეზი გახდა:

”ყველაზე მთავარი პრობლემა სასტუმროების ადმინისტრირებისას ეს არის ქრონომეტრაჟი. როდესაც საშემოსავლო სამსახური შედის სასტუმროში, ერთ 10 დღიან პერიოდს ადარებენ მეორეს, რაც უსამართლოა და პრობლემას წარმოადგენს.”

მესტია
მცირე სასტუმროების დაბეგვრის წესის ახალი პროექტის შესახებ სასტუმროს მფლობელთა დიდი ნაწილი ჯერჯერობით ინფორმირებული არ არის. ერთ-ერთი მათგანია კვარიათში მდებარე სასტუმრო სახლის მეპატრონე რომან ლოლაძე.

”სეზონის განმავლობაში სხვადასხვა დატვირთვაა. ჩემი სასტუმრო ჯერჯერობით თითქმის არ მუშაობს. ჩემთვის სეზონი ივლისის პირველი რიცხვებიდან იწყება, სხვებმა კი უკვე დაიწყეს მუშაობა. ყველასთან მიდგომა ინდივიდუალური უნდა იყოს.”

თუ რომან ლოლაძისთვის სეზონი ჯერ კიდევ არ დამდგარა, სვანეთში - კერძოდ კი, მესტიაში - სასტუმროების დეფიციტია. იქ ოქტომბრის ბოლომდე უკვე შევსებულია ყველა დიდი თუ მცირე საოჯახო სასტუმრო. ტურისტების ასეთი ნაკადი სერიოზული გამოცდაა საქართველოს ტურისტული ინფრასტრუქტურისა და მომსახურებისთვის. ეკონომისტების გათვლებით, საქართველოში შემოსული ერთი ვიზიტორი საშუალოდ 2 ათას აშშ დოლარამდე ხარჯავს. შესაბამისად, ტურიზმი საქართველოს ეკონომიკის მნიშვნელოვან საექსპორტო სეგმენტს წარმოადგენს. თუმცა მას უარყოფითი მხარეც აქვს - ეს არის ინფლაცია. ტურისტების მოჭარბებული ნაკადი სურსათსა და პირველადი მოხმარების საგნებზე მოთხოვნილების სწრაფ ზრდას იწვევს, რაც ფასების მატებას განაპირობებს.
XS
SM
MD
LG