Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტექნოლოგიის ექსპერტი შეშფოთებულია ადამიანის პირადი სფეროს რღვევისა და დემოკრატიის მდგომარეობის გამო


მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტის პროფესორი და ფსიქოლოგი შერი ტარკლი თავის ახალ წიგნში, “ერთად მარტონი“ - რატომ მოველით მეტს ტექნოლოგიებისგან და ნაკლებს ერთმანეთისგან”, ამტკიცებს, რომ სოციალური ქსელები და ინტენსიური ონლაინ კავშირები დემოკრატიას აშკარად საფრთხეს უქმნის. რადიო თავისუფლებასთან საუბარში ტარკლი განიხილავს პირადი სფეროს მნიშვნელობას დემოკრატიისათვის და ამ, ასე ვთქვათ, კულტურის ნელ-ნელა გაუჩინარების საკითხს.

ფეისბუქის აღმასრულებელმა დირექტორმა მარკ ზაკერბერგმა საქვეყნოდ განაცხადა, რომ პირადი სფეროს ქონა აღარ მიიჩნევა “სოციალურ ნორმად”, რომ ადამიანების უმეტესობისთვის პირადი ინფორმაციის გაზიარება აღარ არის უხერხული.

თავის ახალ წიგნში, “ერთად მარტონი“ - რატომ ველით ტექნოლოგიებისგან მეტს და ნაკლებს ერთმანეთისგან”, შერი ტარკლი ამტკიცებს, რომ ახალი საინფორმაციო ტექნოლოგიები ხალხს, განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობას, უბიძგებს პირადი ცხოვრების შესახებ ინფორმაცია სხვებს გაუზიაროს. მეტიც, ისინი იკლავენ განცდას, რომ ადამიანს უნდა ჰქონდეს პირადი ცხოვრების უფლება, ამის მოლოდინი მაინც.

ტარკლი ამტკიცებს, ეს ცვლილებები დემოკრატიას დიდ საფრთხეს უქმნისო და თავისი ცხოვრებიდან ერთ ამბავს იგონებს:

„ნიუ იორკში - ბრუკლინში - ბებიასა და პაპასთან გავიზარდე. ყოველ დილით ბებიას საფოსტო ყუთებთან ჩავყავდი, მათზე მიმითითებდა და თავისი ევროპულ-ებრაული აქცენტით იტყოდა ხოლმე, “ეს ფედერალური მასშტაბის დანაშაულია, აშშ-ის საფოსტო სამსახურში ჩარევა ფედერალური დანაშაულიაო.”

იტყოდა ხოლმე ამას და იხსენებდა, თუ როგორ უთვალთვალებდა მის ყოფილ ქვეყანაში ხელისუფლება ფოსტის მეშვეობით თავის მოქალაქეებს. მიზეზი კი ჩვენი ამერიკაში ყოფნისა სწორედ ასეთი ქმედების „ფედერალურ დანაშაულად“ აღიარება იყო.
„ეს ამერიკაა, - ამბობდა ბებია, - ამიტომაც ვართ ჩვენ აქ.“ და შთამაგონებდა ვყოფილიყავი საზოგადოების თავისუფლების მომხრე, ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქე. ვუყურებდით საფოსტო ყუთებს და თან მიხსნიდა, რა გრძნობაა, როდესაც გაქვს პირადი სფერო და დემოკრატიის უფლება.“

ბებია დემოკრატიისათვის პირადი სფეროს მნიშვნელობას უსვამდა ხაზს, ამბობს შერი ტარკლი და წუხს: აბა, რა ველაპარაკო ჩემს 19 წლის ქალიშვილს, როდესაც მას შეუძლია დახედოს თავის „აიფონს“ და სულ მცირე მინიშნებით მიხვდეს, სად არის მისი მეგობარი; როდესაც ჩვენ ასე თავისუფლად შეგვიძლია გავცეთ ჩვენი პირადი ინფორმაცია, როდესაც არ ვიცით, ვინ კითხულობს ჩვენს ელექტროფოსტას, როდესაც მარკ ზაკენბერგი აცხადებს, რომ პირადი ცხოვრება აღარ არის საზოგადოებრივი განსჯის საკითხი? ტარკლი შეშფოთებულია დღევანდელი მდგომარეობით, იმით, რომ ტექნოლოგია ყველაფერშია ჩართული. ის განგვიმარტავს, თუ რას ფიქრობს მობილური ტელეფონების, სოციალური ქსელებისა და ინტერნეტის საჭიროებაზე ადამიანის უფლებების დამცველი მოძრაობებისთვის: საკითხავი ისაა, თუ რა არის სიახლოვე, პირადი ცხოვრების გარეშე, და რა არის დემოკრატია, პირადი სფეროს გარეშე. ნაჩქარევია იმის ფიქრი, რომ დემოკრატიას არ სჭირდება პიროვნების პირადი ცხოვრების შემოსაზღვრული არეალი. არა მგონია, ეს სწორი იყოს.

ვფიქრობ, რომ დემოკრატია მოითხოვს პიროვნების პირადი ცხოვრების უფლებას და ვთვლი, რომ რაღაცას ვივიწყებთ, როცა იმაზე ვფიქრობთ, თუ რა შეუძლია სოციალურ ქსელს მოუტანოს დემოკრატიას. ეს არ გამორიცხავს იმას, თუ რა შეუძლია სოციალურ ქსელსა და ინტერნეტს მოუტანოს დემოკრატიას, დემოკრატიულ მოძრაობასა და სოციალურ რევოლუციას.

ჩვენ პატივი უნდა ვცეთ იმას, თუ როგორ არის განვითარებული დემოკრატია დამოკიდებული იმაზე, რომ პიროვნებას თავისი სამყარო და პირადი ცხოვრების უფლება ჰქონდეს. ამასთან, უნდა შეგვეძლოს რთული თვალსაზრისიც შევინარჩუნოთ.
ის ფაქტი, რომ სოციალური ქსელით ორგანიზებული აქციები და ინფორმაციის გაზიარება ამ ქსელზეა დამოკიდებული, არ ნიშნავს, რომ ასევე არ გვჭირდება “პირადი სფეროს” შეგრძნება განვითარებულ დემოკრატიულ რეალობაში.“

შერი ტარკლს მიაჩნია, რომ ადამიანები უნდა დაფიქრდნენ ამ რთულ საკითხებზე, ხალხმა პროტესტი უნდა გამოთქვას - მას უნდა ჰქონდეს გარკვეული დოზით პირადი ცხოვრება და, რასაკვირველია, უნდა ჰქონდეს ელექტრონული ფოსტის კონფიდენციალურობის უფლება. ტარკლისთვის მნიშვნელოვანია ის, რასაც აშშ-ში იცავდნენ, რასაც ამ ქვეყნის დამაარსებლები იცავდნენ. ეს კი, მისი თქმით, საფოსტო ინფორმაციის კონფიდენციალურობა იყო:

„ხალხს მეამბოხე იდეებისათვის სივრცე სჭირდება – დიახ, სჭირდება! და თქვენ არ შეგიძლიათ ამ სივრცის ჩამორთმევა - წმიდათაწმიდაა უფლება, გქონდეს აზრი და შეგეძლოს იმის თქმა, რაც მთავრობას შეიძლება არ მოეწონოს. და ამის უფლება არავის არ უნდა ჩამოერთვას, რთულ დროშიც კი... მაგრამ მე მგონია, რომ ჩვენ ვკარგავთ ამ განცდას.“

შერი ტარკლი იმ ფაქტს, რომ ადამიანებს აღარ ანაღვლებთ თავიანთი პირადი სფეროს დაცულობა, ხსნის - პირველ რიგში, თინეიჯერების შემთხვევაში - იმით, რომ მათ არაფერი იციან პირადი სფეროს უფლების თაობაზე. მისი აზრით, თუ ადამიანი დანაშაულს არ სჩადის, კანონს არ არღვევს, მას პირადი სფეროს დაცვის უფლება აუცილებლად უნდა ჰქონდეს. ის თინეიჯერებს გამოყოფს და ამბობს, მათ სწორედ ამ ასაკში უყალიბდებათ პირველი იდეები და უფიქრდებიან ყველაფერს – მათ ძალიან ბუნდოვანი წარმოდგენა აქვთ იმაზე, თუ რა არის კონფიდენციალურობაო. ჩქარობენ ისინი, ვინც აცხადებს, “ მათ არ ადარდებთ თავიანთი პირადი ინფორმაციაო”, ამბობს ტარკლი:

„სინამდვილეში მათ ძალიანაც ადარდებთ თავიანთი კონფიდენციალურობა, მაგრამ არაფერი იციან თავიანთი უფლებების შესახებ. თინეიჯერებმა არ იციან, აქვთ თუ არა პირადი ინფორმაციის, კონფიდენციალურობის უფლება. მათ არ იციან, აქვთ თუ არა უფლება მასწავლებლებს, შეამოწმონ მათი ფეისბუქი და პირადი ფოსტა.

თინეიჯერი იტყვის: “პოლიციას აქვს უფლება შეამოწმოს ჩემი ფოსტა? აქვს მასწავლებელს უფლება შეამოწმოს ჩემი ფოსტა? აქვს სკოლას უფლება შეამოწმოს ჩემი ფოსტა?“

ხალხმა იცის, რომ სხვები კითხულობენ მათ ელექტრონულ ფოსტას და ეს ლეგალურია მათთვის. იქმნება შთაბეჭდილება, რომ არ იციან, რა არის ლეგალური, რა არის სწორი. არა მგონია, ადამიანისთვის კარგი იყოს იზრდებოდეს ისეთ გარემოში, სადაც ხალხმა თავისი უფლებები არ იცის.“

რადიო თავისუფლებამ ტარკლს ჰკითხა, მაგრამ ადამიანები ხომ ჩათრეულნი არიან ამ ქსელებში და ხომ მათი სურვილია, არ გამორჩეთ ესა თუ ის გართობა და სხვა მსგავსი რამო. ტარკლი ამბობს, ჩვენ გვთხოვეს გავმხდარიყავით მონაწილე ამ სახიფათო თამაშისა და მასში ზედამხედველის დონეზე ვმონაწილეობთო. ასეთ ქმედებას რამდენიმე წლის წინ გააკრიტიკებდნენ, ახლა კი სხვაგვარი ვითარებააო. საქმე ისაა, ტარკლის აზრით, რომ ინტერნეტთან ერთად გავიზარდეთ და ის კი ჯერ თავისი განვითარების საწყის სტადიაზეა მხოლოდ და ჩვენც გაგვაუხეშა, ბევრ რამეს ვეღარ ვგრძნობთო.

მისი, როგორც ფსიქოლოგის დაკვირვებით, როცა ადამიანს აქვს სურვილი თავისი ცხოვრების შესახებ აზრი სხვებს გაუზიაროს, გამოაქვეყნოს საკუთარი ფოტოები, რა შეემთხვა და როგორ, და ამ ყველაფერს კომპიუტერი აწესრიგებს, ის თვითონ ვეღარ ფიქრობს თავისი ცხოვრების მნიშვნელოვან მომენტებზე, ის ფანტასტიურ სამყაროში გადადის და საკუთარ ცხოვრებაზე აღარ ფიქრობს. ეს, ამბობს ტარკლი, არის სიკვდილის თავიდან აცილების ფანტაზია... არა მგონია, განაგრძობს ტარკლი, ეს ჩვენთვის სასიკეთო იყოს და ეს მაფიქრებსო. მას ყველაზე მეტად აწუხებს ის, რომ იმ ქვეყნებშიც კი, სადაც თავისუფლების არსს უფრთხილდებიან, ხელს უწყობენ საზოგადოებრივ კონტროლს იმით, რომ ადამიანების ცხოვრებას თამაშად აქცევენ. ამ თამაშით კი ვამხელთ იმას, რაც არ უნდა გავამხილოთ... და ეს არის სწორედ ჩემი წიგნის მთავარი მიზანი: ადამიანები დააფიქროს, რატომ ვაქცევთ ასე მარტივად ჩვენსავე ცხოვრებას თამაშადო.

  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG