Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

”რვიანი” ტაქტიკას ცვლის?


”ოპოზიციური რვიანის” შეხვედრა. 30 მაისი, 2011
”ოპოზიციური რვიანის” შეხვედრა. 30 მაისი, 2011
საარჩევნო გარემოს შეცვლაზე მომუშავე ოპოზიციური პარტიების გაერთიანება არ დაიშლება, თუმცა პარტიები მიზნის მიღწევას, ანუ საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებას, ხელისუფლებასთან ინდივიდუალური კავშირებით შეეცდებიან. „ახალი მემარჯვენეების“ ეს ინიციატივა მოულოდნელი აღმოჩნდა გაერთიანებაში შემავალი ზოგიერთი პარტიის წარმომადგენლისათვის, პოლიტიკის ექსპერტები ოპოზიციური „რვიანის“ დაშლის შესაძლებლობაზეც ალაპარაკდნენ. რა ხდება საარჩევნო გარემოს შეცვლაზე მომუშავე ოპოზიციური პარტიების გაერთიანებაში?

15 ივნისს, რესპუბლიკური პარტიის ოფისში გამართული შეხვედრის შემდეგ, „ახალი მემარჯვენეების“ წარმომადგენელმა მამუკა კაციტაძემ განაცხადა, რომ ხელისუფლებასთან მოლაპარაკების რესურსი ბოლომდე ამოწურული არ არის. კაციტაძის ამ განცხადებამ, ფაქტობრივად, ხაზი გადაუსვა „რვიანის“ მიერ 7 ივნისს გამოცხადებულ მოქმედების გეგმას, რომელიც საპროტესტო აქციების ჩატარებასა და პლებისციტის გამართვას ითალისწინებდა. მაინც რა რესურსზე ლაპარაკობენ ახალი მემარჯვენეები?

მამუკა კაციტაძე: „ჩვენ ხელთ არსებული ყველა საშუალება უნდა გამოვიყენოთ იმისათვის, რომ მივიღოთ კონკრეტული შედეგი. პირადად ახალი მემარჯვენეები ვეცდებით, რომ ჩვენ ხელთ არსებული კონტაქტები, ურთიერთობები, საშუალებები ხელისუფლებასთან მაქსიმალურად გავააქტიუროთ, რათა მივიღოთ მათგან კონკრეტული პასუხი და ეს პასუხი იყოს პოზიტიური და შეთანხმებისკენ მიმავალი. ეს არის „რვიანის“ უმთავრესი თემა.“

სწორედ მამუკა კაციტაძის ამ განცხადების შემდეგ გაჩნდა შეკითხვა, იშლება თუ არა ოპოზიციური „რვიანი“. ამ შეკითხვაზე განსხვავებული პასუხები აქვთ თავად გაერთიანებაში შემავალი პარტიების წარმომადგენლებს. ქრისტიან- დემოკრატების ერთ-ერთი ლიდერი, ლევან ვეფხვაძე, ამბობს, რომ ხელისუფლებასთან ინდივიდუალური კონტაქტების გაბმა წერტილს უსვამს „რვიანის“ არსებობას.

„ვიყოთ გულწრფელები და ვთქვათ, რომ ეს ნიშნავს იმას, რომ „რვიანი“ აღარ არსებობს, იმიტომ რომ ეს გაერთიანება ერთადერთი მოტივით შეიქმნა: მოლაპარაკება ხელისუფლებასთან ერთიანი პოზიციით. თუკი იწყება ინდივიდუალური მოლაპარაკება, ეს ნიშნავს, რომ „რვიანი“ დაიშალა“, უთხრა ლევან ვეფხვაძემ რადიო თავისუფლებას.

თუმცა ასე არ ფიქრობენ ლევან ვეფხვაძის კოლეგები „ხალხის პარტიასა“ და „თავისუფალ დემოკრატებში“.

კობა დავითაშვილი, „ხალხის პარტია“: „ინფორმაციის მოსაპოვებლად წასვლას ვერც მამუკა კაციტაძეს დავუშლი და ვერც სხვა რომელიმე კოლეგას. ისე, მეც მაინტერესებს ინფორმაციის მიღება. ჩვენ გვაქვს შეთანხმებაზე ხელი მოწერილი და მის გადახედვას არავინ არ აპირებს, ანუ ჩვენ კვლავინდებურად ერთიანად წარვდგებით ხელისუფლების წინაშე. არანაირი სეპარატული შეთანხმება ხელისუფლებასთან „რვიანის“ არც ერთ წევრს არ ექნება.“

ირაკლი ჩიქოვანი, „თავისუფალი დემოკრატები“: „ნამდვილად არ ვიზიარებ იმ ეჭვებს, რომ „რვიანი“ დგას გახლეჩის პირას. უბრალოდ, ეს არის ერთ-ერთი პარტიის მცდელობა იმისა, რომ მივიღოთ ხელისუფლებისგან პასუხი ჩვენს წინადადებებზე.“

„რვიანის“ ფორმატს დაშლილად არ მიიჩნევენ თავად ახალი მემარჯვენეებიც. პარტის თავმჯდომარის დავით გამყრელიძის თქმით, სწორედ „ახალი მემარჯვენეების“ ინიციატივა გადაარჩენს „რვიანს“, რომლის საბოლოო მიზანი დადებითი შედეგის მიღწევა და საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაა, რისი პერსპექტივაც, გამყრელიძის თქმით, არსებული ვითარების გათვალისწინებით, სავსებით რეალურია:

„ინდივიდუალური მოლაპარაკება არის გამოძახილი იმ გამონათქვამებზე, რომელიც გვესმის ხელისუფლების მხრიდან ბოლო დღეებში. იმავე მაჭავარიანისა და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებისაგან გვესმის, რომ არის მზაობა შემხვედრი ნაბიჯებისა, კონსენსუსის მიღწევისა... აქედან გამომდინარე, ჩვენ გვაქვს სურვილი, რომ მოვსინჯოთ და მივიღოთ შედეგი, რადგანაც საზოგადოება მთელი ამ წლების განმავლობაში დაიღალა უშედეგობით და ოპოზიციური აქტიურობის ურეზულტატობით.“

დავით გამყრელიძემ მიხეილ მაჭავარიანის შეთავაზება ახსენა. უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა და პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ერთი კვირის წინ გაზეთ „ვერსიისათვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ არ გამორიცხავს ეგრეთ წოდებულ ოპოზიციურ „რვიანთან“ შეთანხმების შესაძლებლობას:

„მოლაპარაკებები უნდა გაგრძელდეს. იმედი მაქვს, ზაფხულში შევთანხმდებით. პოლიტიკოსებმა ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ მოქალაქეებს ჰქონდეთ განცდა, რომ საარჩევნო სია სრულყოფილია, მასში მკვდარი სულები არ არის და რომ საარჩევნო დღეც მშვიდად ჩაივლის. დათმობაზე აუცილებლად წავალთ. მთავარია, ჩვენმა კოლეგებმა ბოლო მომენტში არ თქვან უარი.“

მიხეილ მაჭავარიანის ამ განცხადების კომენტირებისას ახალი მემარჯვენეების წარმომადგენელი მამუკა კაციტაძე ამბობს, რომ არ არსებობს დადებითი შედეგის მიღების არანაირი გარანტია, მაგრამ არსებობს შანსი. და კიდევ, კაციტაძის თქმით, თუკი ხელისუფლება არ გადადგამს შემხვედრ ნაბიჯებს, მოხდება მისი ლუსტრაცია.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG