Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

იმერეთის სამი სოფლის მოსახლეობა ხიდის აღდგენას ითხოვს


იმერეთის რეგიონი ქვეყნის მასშტაბით წყალუხვი მდინარეებით გამოირჩევა, რაც მოსახლეობას განსაკუთრებულ პრობლემებს გაზაფხულზე უქმნის - წყალტუბოს ზონის სოფლების მცხოვრებთა სასოფლო-სამეურნეო მიწები, რომლებიც მდინარე რიონის სანაპიროსთან ახლოს მდებარეობს, უხვი ნალექისა და მთაში თოვლის დნობის შემდეგ თითქმის ყოველწლიურად იტბორება. გადაუღებელმა წვიმებმა პრობლემები მდინარე ყვირილას სიახლოვეს გაშენებულ სოფლებსაც შეუქმნა. თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარდუბანში ორი წლის წინ უხვმა ნალექმა მდინარე ყვირილაზე ხიდს ბურჯები გამოაცალა და კონსტრუქციის ნაწილი წყალმა წაიღო. ხიდის დანგრევის შემდეგ სოფლების ბარდუბნის, სიმონეთისა და ნახშირღელეს მცხოვრებთ საკუთარ სახნავ-სათეს მიწებზე გასვლა უჭირთ. როგორც ადგილობრივები ამბობენ, უგზოობის გამო მიწების ნაწილი დაუმუშავებელი რჩებათ.

სოფელ ბარდუბნის მკვიდრმა გივი კლდიაშვილმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ საკუთარ მიწებამდე გლეხებს მისვლა შემოვლითი გზებით ან რამდენიმე კილომეტრით დაშორებული მეორე ხიდით უწევთ, რაც სოფლების მოსახლეობისთვის დამატებითი ხარჯია:

„სოფლის მოსახლეობას ფართობების ნახევარი გაღმა გვაქვს - მე 8 ჰექტარი მიწა მაქვს ხიდს იქეთ, 3-4 ჰექტარი ბევრს აქვს და ტრაქტორი ვერ გადის და ურემი. შემოვლითი გზით მიგვყავს ტრაქტორი და ზედმეტს გვახდევინებს, 400 ლარი უნდა 1 ჰექტარი მიწის დამუშავებას დათესვამდე. მარტო ბარდუბანში 800 კომლი ცხოვრობს, ამაზე მეტი - სიმონეთსა და ნახშირღელეში. ყველა იმ ხიდით ვსარგებლობდით, მეორე ხიდი რამდენიმე კილომეტრის დაშორებითაა და ხიდის შემდეგ ჩვენს ყანებამდე გზა არაა, მინდორ-მინდორ გვიწევს სიარული.“

როგორც რადიო თავისუფლებას თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგებელმა მიხეილ კვატაიამ უთხრა, ხიდის მდგრადობა შემოწმებულია და მისი აღდგენა 3 მილიონ ლარამდე თანხას საჭიროებს, რისი მოძიებისა და გამოყოფის საშუალებაც მუნიციპალიტეტის ბიუჯეტს არა აქვს. გამგებელი ამბობს, რომ ხელისუფლება ალტერნატიული გზების მოძიებას ცდილობს:
„ვიძიებთ დროებითი ხიდის აგების ალტერნატიულ გზებს, ვფიქრობთ ლითონის კონსტრუქცია ჩამოვიტანოთ უკრაინიდან, თუმცა ჯერ გადაწყვეტილი არაფერია და მხოლოდ საუბრები მიმდინარეობს. რაც შეეხება ხიდის პირვანდელი სახით აღდგენას, საკითხი სპეციალისტებმა შეისწავლეს და, მათი გაანგარიშებით, 3 მილიონი ლარია საჭირო. ადგილობრივ ბიუჯეტში, შესაბამისად, ეს თანხები უნდა გაჩნდეს, რადგან არცთუ ისე იოლი მოსაძიებელია.“
ხელისუფლების გადაწყვეტილების მიღებამდე ქვემო სიმონეთის რამდენიმე ათეულ მოსახლეს საკუთარი მიწების დასამუშავებლად და მოსავლის სახლამდე მისატანად დამატებით 5-დან 10 კილომეტრამდე გზის გავლა უწევს, რაც მათ ყოფას კიდევ უფრო ამძიმებს. გლეხები სულ უფრო ჩივიან, რომ მოსავალი მცირდება, სოფლები კი ახალგაზრდებისგან იცლება, რასაც, მათივე თქმით, ყურადღება და დახმარება ხელისუფლებისგან სჭირდება.
XS
SM
MD
LG